უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი -ილამ ალიევი

1
spot_img

მეზობლებთან კარგი ურთიერთობების გარეშე ტრანზიტული ქვეყანა ვერ გახდები, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს აჩვენოს, რომ სანდო პარტნიორია და მის სიტყვას ისეთივე ღირებულება აქვს, რაც ხელმოწერას.

„დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგი ურთიერთობები მეზობლებთან, რადგან ამის გარეშე ვერ გახდები ტრანზიტული ქვეყანა. შენ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი. ის, რასაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვცდილობთ, არის ნდობის შენება, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენება, რომ ვართ სანდო პარტნიორი და ჩვენს სიტყვას იგივე ღირებულება აქვს, რაც ჩვენს ხელმოწერას“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე  ისაუბრა შავ ზღვაში მწვანე ენერგეტიკული კაბელის პროექტზე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად ახორციელებს.

„თქვენ ხედავთ, რომ დაკავშირებადობა ცდება კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიას და ევროპას და აერთიანებს მათ. შეხვედრის წერტილი, მე ვიტყოდი, არის აზერბაიჯანი, რადგან მოგწონს თუ არა, გეოგრაფიას ვერ შეცვლი. თუმცა გეოგრაფია ყოველთვის არ მოგიტანს უსაფრთხოებას, დაცულობას და პროგრესს. საჭიროა გეოგრაფიის გამოყენება კარგი მიზნებისთვის. ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, წინასწარ დავინახოთ იმ შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებსაც უკვე მოვაწერეთ ხელი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომ აზერბაიჯანი იქნება ერთგვარი ჰაბი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის, წარმოებისა და დისტრიბუციისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.

რაც შეეხება ტრადიციულ ენერგორესურსებს, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანმა მიაღწია ყველაფერს, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპას აზერბაიჯანისგან მეტი გაზი სჭირდება და ბაქო ამისთვის მზად არის.