უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ექვსივე გამშვები პუნქტი სატვირთო ავტომობილებისთვის ბლოკირებულია

25
spot_img

უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ექვსივე გამშვები პუნქტი სატვირთო ავტომობილებისთვის ბლოკირებულია. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც კიევში აცხადებენ, სატვირთოების მოძრაობა პოლონელ ფერმერებს აქვთ ბლოკირებული. ამის გამო საზღვარზე გაჩერებულია 2,4 ათასი სატვირთო ავტომობილი.

მანქანების ყველაზე დიდი რიგი გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცსა“ და „იაგოდინოსთან“ დგას.

ამასთან ერთად, უკრაინის სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ აქციის მონაწილე ფერმერები მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს საზღვარზე გადასვლას არ უკრძალავენ.

ცნობისთვის, ფერმერების აქციები პოლონეთში, უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. დემონსტრაციების მონაწილეები ახდენენ ავტომაგისტრალებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკირებას. აქტივისტები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიან, ასევე, ითხოვენ ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას.