“უკრაინის ბედი დიპლომატიით უნდა გადაწყდეს და არა – ანტირუსული სანქციებით”

86
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რიში სუნაკმა სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს. უკრაინის ბედი ომით და დიპლომატიით უნდა გადაწყდეს და არა ანტირუსული სანქციებით“ (ავტორი – საიმონ ჯენკინსი), რომელშიც შეფასებულია ლონდონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი და გარკვეული კომენტარებია გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის პრეზიდენტის ლონდონური ვიზიტი, მისი გამოუცხადებელი ევროპული ტურნეს ჩარჩოებში, წარმოადგენს იმ კიდევ ერთ მცდელობას, რომლის მიზანი რუსების უკრაინიდან გაძევებაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ისევე როგორც ემანუელ მაკრონთან საკვირაო შეხვედრაზე პარიზში, ლონდონშიც მოითხოვა არამარტო სამხედრო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, არამედ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებაც. მაგრამ ერთია იარაღით დახმარება, მეორეა – სანქციები და შეზღუდვები. პირველი მეორისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

აშკარაა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები ჩაიშალა. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ემბარგოებმა და აკრძალვებმა ვლადიმერ პუტინი ვერ შეაჩერა. სხვათა შორის, სანქციები უშედეგო იყო 2014 წლის შემდეგაც და ახლა მით უმეტეს, როცა რუსეთმა უკვე შეძლო ევროპის ჩანაცვლება აზიური ალტერნატივით. სანქციებმა ვერ შეძლო რუსეთის ეკონომიკის დანგრევა და ვერ განაწყო ქვეყნის მოსახლეობა ანტიპუტინური ბუნტისათვის, როგორც ამას დასავლეთი პროგნოზირებდა… შესაძლოა სანქციებმა მართლაც შეუზღუდეს რუსეთს პარტნიორებთან ვაჭრობა, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. კრემლს შეუძლია ომი კიდევ დიდხანს გააგრძელოს.

უფრო მეტიც – დასავლური სანქციები „წყალს პუტინის წისქვილზე ასხამს“: ემბარგო რუს ხალხს არწმუნებს იმაში, რომ უკრაინის კონფლიქტის მიზეზს სწორედ დასავლეთის აგრესიული განწყობა წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ.. გარდა ამისა, სანქციებით თვითონ დასავლეთიც ძალიან დაზარალდა, უდიდესი ინფლაციური ტალღის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც, მის რიგებში, უკრაინის გამო, ბზარები გაჩნდა და კიევისადმი სოლიდარობა შესუსტდა.

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ლიბერალურმა მთავრობებმა თავიანთი საჩვენებელი „სათნოებით“ და „რაღაცის გაკეთების“ სურვილით „ტყვია საკუთარ ფეხში ისროლეს“.
გასულ კვირას არაბულ სახელმწიფოთა ლიგა დათანხმდა თავის რიგებში ისევ მიეღო სირია, რომელიც ორგანიზაციიდან 2011 წლის ნოემბერში გაირიცხა „საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენებისა გამო“. უფრო მეტიც – არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამომავლოდ დაგეგმილ სამიტზეც კი მიიწვია, რომელიც 19 მაისს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უნდა გაიმართოს. ეს არის იმის მაგალითი, როცა სირიის მიმართ დასავლეთის მიერ გამოცხადებულმა ათწლიანმა მკაცრმა სანქციებმა „დედამიწის ერთ-ერთი დაუნდობელი დიქტატორიც კი ვერ შეაჩერა“ – რომ არაფერი ვთქვათ მის დამხობაზე. მსოფლიო პოლიტიკაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია – ერთი სანქციებს უცხადებს, მეორე ამ სანქციების გამკლავებაში ეხმარება. ანტისირიულმა სანქციებმა კიდევ უფრო გააუარესა ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება, მმართველი ელიტა კიდევ უფრო გაამდიდრა, მეზობელმა ქვეყნებმა კი მილიონობით ლტოლვილი მიიღეს.

დღეს ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები სირიასთან ვაჭრობის განახლებისათვის ემზადებიან, ამერიკას კი მოუწევს მათ წინააღმდეგაც სანქციები დააწესოს. რასაკვირველია, კაირო, ერ-რიადი და აბუ-დაბი თავიანთ განზრახვის შედეგებს კარგად აცნობიერებენ.

დასავლეთის სახელმწიფოებმა ასევე უნდა აღიარონ თავიანთი სანქციების ჩაშლა ავღანეთისა და ზიმბაბვეს მიმართ, რომლის გამოც ორივე ქვეყანა რუსეთ-ჩინეთის ორბიტაზე გადავიდა. თითქმის ასეთივე შედეგით დასრულდა უნაყოფო სანქციები ირანის მიმართაც. ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კი იმედოვნებს, რომ ამერიკული სანავთობო სანქციების შესუსტების კვალობაზე, ისევ გახდება „ხელის ჩამოსართმევი ლიდერი“.

„დასავლეთმა, მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლის მცდელობით, სანქციები პლანეტის თითქმის 50 სახელმწიფოს დაუწესა. მათ ორი საერთო მომენტი აერთიანებთ: ამ ქვეყნების უმეტესობაში მოსახლეობა ძალიან ღარიბია, ხოლო მათ მმართველებს სანქციებით არაფერი უშავდებათ.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სპეციფიკა კი იმაშია, რომ დასავლეთმა ემბარგო მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო სახელმწიფოს გამოუცხადა. მაგრამ მოსკოვმა დასავლეთს საპასუხო დარტყმა მიაყენა – შეზღუდა ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდება, ისინი კრიზისში ჩააგდო, ხოლო საკუთარი ზარალი ორივე საწვავზე მაღალი ფასებით მეტ-ნაკლებად აინაზღაურა, გამოთავისუფლებული გაზი და ნავთობი კი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გაგზავნა. დასავლური ეკონომიკა ისე მნიშვნელოვნად დაზარალდა ძლიერი ინფლაციისაგან, რომ ზოგიერთ ქვეყნებში მთავრობები „შეზანზარდნენ“. ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაზე კი სანქციების „შედეგი“ მაინცდამაინც მტკივნეულად არ ასახულა.

ბევრმა მოვლენამ დაადასტურა ის, რომ სანქციები როგორც კონფლიქტების შემაჩერებელი ეკონომიკური იარაღი, საკმაოდ წინდაუხედავ, არაეფექტურ და რეაქციულ ზომას წარმოადგენს. და მაინც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეული“ და ევროკავშირი ახალ ანტირუსულ სანქციებს ამზადებენ. ეპოქაში, როცა მთელი მსოფლიოს ეკონომიკას, აყვავების ნაცვლად, სავაჭრო კოლაფსი ემუქრება, დასავლეთმა, როგორც ჩანს, ამ კოლაფსის დაჩქარება მოისურვა. ისეთი პირი უჩანს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა გვიახლოვდება. უკრაინის ბედს სამხედრო მოქმედებები და დიპლომატია გადაწყვეტს და არა სანქციები. დასავლური დიპლომატია სულელურად ილესება [ვითომდა უკრაინის სასარგებლოდ], რის შედეგადაც ისევ ღარიბები დაიჩაგრებიან.

წყარო