უკრაინაში პოლიციელთან შელაპარაკების დროს გასროლისას ჯუმბერ სილოგავა დაიღუპა

156
spot_img

უკრაინაში, ქალაქ დნიპროში პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჯუმბერ სილოგავა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შემთხვევა გასულ ღამით, 29 აგვისტოს მოხდა, როცა დნიპროში საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილოგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესების კანონიერი მოთხოვნები, იქცეოდა აგრესიულად და აღენიშნებოდა სიმთვრალის ნიშნები.

ამის შემდეგ ქსელში პატრულისა და სილოგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ქალის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ სილოგავასა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.

ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დანიშნა და ორივე პატრულის თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილოგავა შესაძლოა ერთ-ერთი გავლენიანი ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფის წევრი ყოფილიყო. ასევე ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში იყო ჩართული.