უკრაინაში კანევის ჰიდროელექტროსადგური მიწისქვეშ აშენდება, რათა ის რუსული სარაკეტო იერიშებისთვის მიუწვდომელი იყოს. ამის შესახებ „უკრჰიდროენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა იგორ სიროტამ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში 120-ჯერ მიიტანა და ხშირ შემთხვევაში მიზანს მიაღწია. „სამწუხაროდ ჩვენი ცა სათანადოდ დაცული არ არის“, – განაცხადა სიროტამ.
ჰიდროენერგეტიკა უკრაინაში მთელი ენერგოსისტემის მოთხოვნის 10-11%-ს ფარავს. ოს ძირითადად, ელექტროენერგიის მოხმარების პიკურ საათებში დენის მიწოდებას ახორციელებს.
რუსეთის მხრიდან მუდმივი საჰაერო იერიშების გამო უკრაინაში უკვე შეიქმნა გასაიდუმლოებული სამხედრო ქარხნების ქსელი. მათი ნაწილი მიწისქვეშ არის განთავსებული.
ხარკოვის ოლქში კი მიწისქვეშ სამოქალაქო ობიექტებიც – სკოლები, საავადმყოფოები და კულტურის სახლები განათავსეს.