უკრაინაში დაბადებულმა კონგრესვუმენმა ხმა უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგ მისცა – რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“

39
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინაში დაბადებულმა კონგრესვუმენმა ხმა უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგ მისცა. მისი მშობლიური ქალაქის მცხოვრებლები თვლიან, რომ ვიქტორია სპარტცი მოღალატურად მოიქცა“ (ავტორები – შივონ ო’გრეისი, ანასტასია გალუჩკა).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


იყო დრო, როცა კიევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის მცხოვრებლები, სადაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი გაიზარდა, ცნობილი თანამემამულის სახელით ამაყობდნენ და მას ყოველთვის აქებდნენ: მუდამ სათქმელი ჰქონდათ, თუ როგორ შეძლო შრომისმოყვარე ნაწნავებიანმა გოგონამ წარმატების მიღწევა და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა – პირველი უკრაინული წარმომავლობის მქონე დეპუტატი.


მაგრამ გასულ კვირაში, როცა წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის დროს, ვიქტორია სპარტცმა თავისი ხმა უკრაინისათვის გამოყოფილი 61-მილიარდიან დახმარების წინააღმდეგ მისცა, ჩერნიგოველთა სიამაყე აღშფოთებით და ღალატის გრძნობით შეიცვალა. მათი ემოციები იმანაც გაამწვავა, რომ ხმის მიცემა მოხდა იმ დღეს, როცა ჩერნიგოვი რუსებმა დაბომბეს და 18 ადამიანი დაიღუპა.


„ვხედავ, რომ ის უკვე უკრაინელი აღარ არის“, – ამბობს ნატალია ხმელნიცკაია, ჩერნიგოვის მე-15 საშუალო სკოლის მასწავლებელი, სადაც ვიქტორია სპარტცი სწავლობდა. მასწავლებლისა და მოსწავლის ოჯახები ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და პედაგოგი საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ იზრდებოდა მომავალი კონგრესვუმენი, – „ჩვენ იმედგაცრუებულნი და აღშფოთებულები ვართ“.


„თავდაპირველად ვამაყობდით ჩვენი თანამემამულის წარმატებით – ვფიქრობდით, რომ მას ჩვენი დახმარება სურს“, – აგრძელებს საუბარს ნატალია ხმელნიცკაია, – „მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მისთვის პოლიტიკა და კარიერა სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დგას”.


ისტორიის მასწავლებელი, 65 წლის ვალენტინა რუდენკო სკოლის ბიბლიოთეკარად მუშაობდა და კარგად ახსოვს, თუ როგორ უყვარდა წიგნების კითხვა ვიქტორიას და ამაყობდა, რომ ცოდნის მოყვარული გოგონა აშშ-ის კონგრესის წევრი გახდა, თუმცა ახლა მისმა ნაბიჯმა გაანაწყენა: „როცა ჩვენ გავიგეთ, რომ მან ხმა მისცა ჩვენთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ, იგი ჩვენთვის სულ სხვა ადამიანად იქცა. მან დიდ სიმაღლეებს მიაღწია ცხოვრებაში, ამერიკის კანონმდებელი გახდა და შეეძლო რეალური გავლენის მოხდენა და ბევრი რა გაეკეთებინა უკრაინისათვის, თავისი ქალაქისა და სკოლისათვის“.


ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-15 სკოლის რვა კურსდამთავრებული დაიღუპა რუსეთთან ომში, ხოლო რუსეთი დაბომბვის შედეგად სკოლა მნიშვნელოვნად დაზიანდა.


სხვათა შორის, კაპიტოლიუმის ბორცვზე (აშშ-ის კონგრესში) რესპუბლიკელებიც აღიარებენ, რომ მათი თანაპარტიელი ვიქტორია სპარტცი არაპროგნოზირებულად მოქმედებს. იგი წარმომადგენლების პალატის წევრად 2020 წელს აირჩიეს – როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი. გასულ წელს ვიქტორია სპარტცმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ბალოტირებას (არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას) აღარ აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ჩანს, მას არჩევნებში ძლიერ კონკურენტებთან მოუწევს ბრძოლა. 2023 წელს ვიქტორია სპარტცს მწვავედ აკრიტიკებდნენ, რომ ის უფრო მეტად უკრაინაზე ზრუნავს („უკრაინა უპირველეს ყოვლისა!“), ვიდრე ამერიკაზე, რომლის მოქალაქეც არის.


ვიქტორია სპარტცმა განმარტა, თუ რატომ მისცა ხმა უკრაინისათვის დახმარების კანონპროექტის წინააღმდეგ: „მე ვამაყობ ჩემი ეროვნული წარმომავლობით – უკრაინელობით, მაგრამ ჩემთვის შეურაცხმყოფელია და სრულიად არაამერიკულია ის, რომ ვინმემ იფიქროს – თითქოს მე, ამერიკის მოქალაქე, არ ვუერთგულებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მე კონგრესში ამირჩიეს და ჩემს მიმართ იმედს გამოხატავენ, არ ვუერთგულებ ჩემს ოჯახს და შვილებს, აშშ-ის მოქალქეებს, რომლებიც ინდიანას შტატში ცხოვრობენ და ლოიალობას გამოვიჩენ იმ ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომელიც 24 წლის დავტოვე“.


ვიქტორია სპარტცი, ქალიშვილობაში – კულგეიკო, 1978 წელს ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნოსოვკაში დაიბადა, იქ დადიოდა საბავშვო ბაღში, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად ჩერნიგოვში გადავიდა. მამამისი – ანატოლი – ინჟინერი იყო და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, დიდი დოზით რადიაცია მიიღო და გარდაიცვალა. ვიქტორია სპარტცს საშუალო სკოლა ოქროს მედლით, ხოლო კიევის უნივერსიტეტი „წარჩინების დიპლომით“ აქვს დამთავრებული. 2000 წელს იგი აშშ-ში წავიდა ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე წარმატებით დაასრულა ინდინაპოლისის უნივერსიტეტი, გახდა აშშ-ის მოქალაქე და მუშაობა დაიწყო, მიაღწია ინდიანას შტატის საფინანსო პროკურორის თანამდებობას, შემდეგ კი კონგრესში აირჩიეს. მან ინდიანას შტატში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჯეისონ სპარტცი… ამჟამად ცოლ-ქმარს ორი გოგონა ჰყავთ.


რა თქმა უნდა, ვიქტორია სპარტცის ბიოგრაფია უკრაინისაგან განუყოფელია და მას არაერთხელ ჰქონია შეხება უბედურებაში მყოფ სამშობლოსთან. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, სწრაფად მიუახლოვდა ჩერნიგოვს, რომელიც საზღვრიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული და რომელშიც ვიქტორიას ბებია ცხოვრობდა. ქალაქი დაიბომბა, ბევრი დაიღუპა, მათ შორის, მოგვიანებით ბებიამისიც.


სპარტცი ჩერნიგოვში იმავე ხანს ჩავიდა, როგორც კი რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს და ქალაქის აღება ვერ შეძლეს. მცხოვრებლები თავს სარდაფებს აფარებდნენ, საჭმელს კი ქუჩებში ღია ცეცხლზე ამზადებდნენ. ასობით ადამიანი იყო თავშეფარებული მე-15 სკოლის სარდაფებშიც, სადაც ოდესღაც ვიქტორია სწავლობდა. ამერიკელ კონგრესვუმენს იმ დროს ჩერნიგოვის მერი ალექსანდრე ლომაკო შეხვდა და ძალიან მოეწონა მამაცი ქალის ასეთი ნაბიჯი, თუმცა ახლა გაოცებულია მის მიერ გამოვლენილი უპატივცემლობით სამშობლოს მიმართ: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – ამბობს ლომაკო, – იგი ხომ აქ იყო, თავისი თვალით დაინახა ახლობლებისა და ნათესავების უბედურება“.


ომის დაწყების შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ხშირად აძლევდნენ ვიქტორია სპარტცს სიტყვას, როგორც თვითმხილველს, რომ ობიექტურად გადმოეცა სიტუაცია. კონგრესვუმენი ემოციურად ლაპარაკობდა, მტკიცედ იცავდა თავისი სამშობლოს ინტერესებს, ატარებდა ლურ-ყვითელი ფერების ტანსაცმელს, აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს არასაკმარისად მკაცრი ანტირუსული სანქციებისათვის და აცხადებდა, რომ უკრაინის დახმარების მტკიცე მომხრე იქნებოდა.


კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვიქტორია სპარტცმა ხმა მისცა უკრაინის დახმარებას 40 მილიარდი დოლარით და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გვერდით იდგა, როცა იგი ხელს აწერდა კანონს კიევისათვის სამხედრო დახმარების გაფართოებისათვის.


მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორია სპარტცმა კრიტიკა დაუწყო პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც კონგრესში ომის გმირად თვლიდნენ. ვიქტორია მოუწოდებდა ზელენსკის, რომ მას „თავი დაენებებინა თეატრში პოლიტიკოსობანას თამაშისათვის [და კორუფციასთან ებრძოლა]“. იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის კონგრესმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს გამოყოფილი თანხების ხარჯვა და იარაღის განაწილების სამართლიანობა.


ბუნებრივია, კიევს არ მოსწონდა მისი პრინციპული განცხადებები და ღიზიანდებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ პროკოპენკომ ვიქტორია სპარტცს მოსთხოვა, რომ „ნუ ცდილობს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას თავისი სამშობლოს უბედურებით და თანამემამულეთა გაჭირვებით“.


ვიქტორიას უკრაინელ ნათესავებზე კონგრესვუმენის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ უშუალო გავლენა მოახდინა. მამამისის მეგობარი ალექსანდრე სერდიუკი ახლოს იცნობს ვიქტორიას ბავშვობის წლებიდან და ძალიან გაუხარდა, როცა კონგრესის პალატის წევრი სამშობლოში ჩამოვიდა, თუმცა ნეგატიურად აღიქვა მისი მოქმედება უკრაინის დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემის გამო. „ჩვენ, რასაკვირველია, კორუფციის დონე ძალიან გვაშფოთებს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ამერიკული დახმარება ჩვენთვის აუცილებელია, გადარჩენის მიზნით. ხალხის დაღუპვას ვერანაირი პოლიტიკით ვერ გაამართლებ“.


„პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი მოატყუეს“, – თქვა ვიქტორია სპარტცმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას. თავის წერილში, რომელიც მან „ვაშინგტონ პოსტში“ გააგზავნა, განაცხადა, რომ იზიარებს უკრაინელი ხალხისა და ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლების მდგომარეობას, „რომლებიც ცუდი ხელმძღვანელების შეცდომების გამო ძვირ ფასს იხდიან“.
ჩერნიგოვის მე-15 საშუალო სკოლის არქივში ახლაც არის შენახული 1990-იანი წლების მოსწავლეების, მათ შორის ვიქტორიას საკლასო რვეულები. „მე მას ახლა ასე ვეტყოდი: შენს შვილებს ინდიანას შტატში ტკბილად სძინავთ, ჩვენს შვილებს კი განგაშის საყვირებისა და ბომბების ხმაზე შიშით ეღვიძებათ“, ამბობს ნატალია რუდენკო, ისტორიის მასწავლებელი, – რატომ მოიქეცი სამშობლოს წინააღმდეგ, ვინ გაწყენინა ასე ძალიან?“.


ჩერნიგოვში ვიქტორიას სახლთან სკამზე მჯდომარე ორ ქალი „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტთან ლაპარაკს მხოლოდ ანონიმურობის დაცვით დაეთანხმნენ. ერთ-ერთმა, გალინამ (სახელი შეცვლილია) ვიქტორია სპარტცის ნაბიჯი დაიცვა: „მე არა მგონია, რომ მას ცუდის გაკეთება უნდა უკრაინისათვის. იგი პოლიტიკოსია, დონალდ ტრამპის თანამზრახველი, მას ჰყავს თავისი ამომრჩევლები და იძულებულია ასე მოიქცეს. ის არ არის უკრაინის მტერი… უბრალოდ, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მეორე ქალმა კი, ნელიმ, თქვა: „ჩვენ არ ვიცით, თუ რა არჩევანის წინაშე იდგა იგი, რატომ მოიქცა ასე და არა სხვანაირად“.


ნოსოვკაში იმ სახლის კარი, რომელშიც ვიქტორიას ნათესავები ცხოვრობენ, ქალმა გააღო. როგორც კი მან კითხვა მოისმინა – კონგრესვუმენის ნათესავი ბრძანდებით? – განაცხადა: „მე ამ ხალხს ენას ამოვაცლი… მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“ და კარი მოაჯახუნა.


წყარო