ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს

17
spot_img

საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით – „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები.

როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან  კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ამ შეხვედრის განმავლობაში მე დავინახე როგორ უმკლავდება საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა გამოწვევებს და რა მიღწევები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქმე  რომელსაც ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ჩილეს და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მსგავსი გამოწვევები და ამ შეხვედრაზე სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების ჩვენ გამოცდილებაზე და მიღწევებზე ვისაუბრე. განვიხილეთ რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარმატებული პრაქტიკის საქართველოში ადაპტირება.“ –  განაცხადა შეხვედრის შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერიამ.

თავის მხრივ დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმაც.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენ თანამშრომლებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით იყენებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომლის შედეგებიც განვიხილე მასთან შეხვედრისას. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმ ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე, რომლის მეშვეობით ამომრჩევლები მიიღებენ ზუსტ და ვერიფიცირებულ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრები 22-25 ივნისს გამართა.