ცესკო-ს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

16
spot_img

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, აღნიშნულ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციების და უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში. ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ნეიტრალური და ობიექტური დაკვირვების მნიშვნელობის შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. შეხვედრის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას უკავშირდება. ვფიქრობ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს, არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის ახორციელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

„თავის მხრივ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ ცესკო-ს თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიწოდა იმ დამკვირვებლების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, რომლებსაც ორგანიზაცია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს.

ეუთო/ოდირის მისიას, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.

შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკო-ს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.