“თუ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, „კამარა ჰესი“ განხორციელდება” – ლევან დავითაშვილი

59
spot_img

რაც შეეხება „კამარა ჰესს“, როგორც ვიცი, დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენერგეტიკის განვითარებას მხარს უჭერს, შესაძლოა, ყველა პროექტი არ განხორციელდეს.

„რა თქმა უნდა, ენერგეტიკის განვითარებას მხარს ვუჭერთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა პროექტი შეიძლება ვერ განხორციელდეს. შესაძლოა, ბევრი საკითხი გარკვეულ შემთხვევებში ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ გარემოსდაცვით მიზანშეწონილობაში სხვადასხვა ტიპის პრობლემა იყოს. რაც შეეხება „კამარა ჰესს“, როგორც ვიცი, დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა, ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, არის სოციალური საკითხები, კომპენსაციის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა ჰქონდეს, ამას მივესალმებით, თუმცა, ჰესი აშენდება თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება“,- აღნიშნა დავითაშვილმა.