თემურ ჭყონია ბრალდებებს პასუხობს

252
spot_img

ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და “მაკდონალდს” რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა? – ასე გამოეხმაურა თემურ ჭყონია ბრალდებებს და საბავშვო ბროშურის შესახებ საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას, რომელიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორი მამაკაცის ურთიერთობებს ეხებოდა.

ამის შესახებ ჭყონიამ რადიო “თავისუფლება”-სთან ისაუბრა. მის თქმით, ბროშურები არ ამოუღიათ ქსელიდან, არამედ პროგრამა დასრულდა, რომელიც უკვე სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ ბროშურებით გაგრძელდება.

აქ სექსზე, ან რაიმეზე კი არ არის საუბარი, ორმა მოხუცმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა, შემდეგ ბავშვები აიყვანეს და ზრდიან. მორჩა! სად არის აგიტაცია?.. პროპაგანდა რას ნიშნავს? პროპაგანდით შეიძლება წყობა შეცვალო, მაგრამ ორიენტაცია როგორ უნდა შეუცვალო, ვერ წარმომიდგენია.

მთავარი რა არის? ეს ხდება ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში, ინგლისში – ამ ადამიანს [ელტონ ჯონს] დედოფალმა ელიზაბეტმა ლორდის წოდება მიანიჭა. თემურ ჭყონია ვინ ვარ, რომ მაგაზე დავიწყო საუბარი, ან რა ჩემი საქმეა? ჩვენ, ბოდიში, დაგვიღია პირი და ვაბრალებთ “მაკდონალდსს” ლგბტ პროპაგანდას, ამაზე ჩამორჩენილობა და სირცხვილი რა უნდა იყოს?”

ჭყონიას თქმით, პრობლემა არა “მაკდონალდში”, არამედ საზოგადოების არასწორ ინფორმირებულობაშია:

“ჩვენ ხომ განათლებას ერთმანეთთან საუბრით ვიღებთ და არა წიგნების კითხვით, ჩვენ ერთმანეთს რომ ვესაუბრებით, მაშინ ვნათლდებით, გამოცდილება ცხოვრებამ უნდა მოგვიტანოს და არა კითხვამ? ამაშია პრობლემა. წიგნი არავის წაუკითხავს, ელტონ ჯონის ისტორია არავინ არ იცის და “მაკდონალდს” აბრალებენ ლგბტ-ს ხელშეწყობას”.

როგორც თემურ ჭყონია ამბობს, ელტონ ჯონზე წიგნების სერია, რასაც გამოხმაურება მოჰყვა, ქსელიდან არ ამოუღიათ, არამედ “პროგრამა დასრულდა”, კამპანია კი სხვა ცნობილი ადამიანების შესახებ წიგნებით გაგრძელდება: “მაგალითად, დღეს გამოდის მუჰამედ ალი, შემდეგ გამოვა პელე, რომელიც ბავშვობაში ჭინჭის ბურთით თამაშობდა და გახდა ფეხბურთის მეფე”, – ამბობს ის და განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მიზანია მკითხველს გააცნონ, როგორ ცხოვრობდნენ წარმატებული ადამიანები ბავშვობაში, რომ “ყველას შეუძლია მიაღწიოს შედეგს, ყველას შეუძლია გახდეს აინშტაინი, პელე, მუჰამედ ალი, თუ იშრომებს, იწვალებს და ცოდნას შეიძენს”.

თემურ ჭყონია ასევე გვეუბნება, რომ “მაკდონალდსის” წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გაყიდვებს “აბსოლუტურად” არ შეხებია: “მე ვფიქრობ, ცივილიზებული ადამიანები საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამ თემას უყურებენ ისეთ დონეზე, რომ რა ვიცი”. – ამბობს თემურ ჭყონია რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში/