„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება” – გრიგოლ გიორგაძე

565
spot_img

„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან განმარტა. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, კანონპროექტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულია, არასწორია.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

მისივე განმარტებით, თავდაცვის უწყებას კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან, საკითხები მათთან შეჯერებულია, შესაბამისად, პროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკორდატს აღიარებს და, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდელმსახური, სხვა კონფესიების მსგავსად, ალტერნატიულ შრომით სამსამსახურს დაექვემდებარება.

„საქართველოს კონსტიტუციით არის მოცემული, კონკორდატის არსებობას არავინ უარყოფს, აქ საუბარია ალტერნატიულ შრომით სამსახურში, სხვა კონფესიების მსგავსად, მართლმადიდებელი მღვდელმსახური გაივლის თუ არა ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ჩვენი პასუხი არის, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, სწორედ, ასე მოხდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.