სჯობს, ზურაბიშვილმა დროულად მოძებნოს სამსახური, ახალი პრეზიდენტი როცა შეუდგება უფლებამოსილებას, შებრძანდება სასახლეში, რომელიც კონსტიტუციით ეკუთვნის -დავით მათიკაშვილი

16
spot_img

საზოგადოებას გაუჭირდება, პოზიტიურად დაიმახსოვროს ოპოზიციურ რადიკალიზმში გადაბრძანებული ზურაბიშვილის მოღვაწეობა, რომელსაც მხოლოდ უცხოეთიდან დავალებების მიღებით შეუძლია მოქმედება და რომლის დღის წესრიგიც აცდენილია იმ ხალხის დღის წესრიგისგან, ვინც აირჩია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს, როგორც საკუთარი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი.

„პრეზიდენტმა თავი უნდა დაამახსოვროს თავის საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოღვაწეობით უნდა დაამახსოვროს, რომ, სულ მცირე, შთამომავლობამ და ზოგადად, საზოგადოებამ ნეგატიური შეფასება არ მოგვცეს. ზურაბიშვილის შემთხვევაში აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავთ. ნამდვილად არავის უხარია, მაგრამ ფაქტი და მოცემულობაა, რომ ერთი-ორი წლის წინ მთლიანად, სრულიად ოპოზიციურ რადიკალიზმში გადაბრძანებული ზურაბიშვილი, რომელსაც მხოლოდ უცხოეთიდან დავალებების მიღებით შეუძლია მოქმედება და რომლის დღის წესრიგიც იმდენად აცდენილია იმ ხალხის, ერის დღის წესრიგისგან, ვინც აირჩია, ვინც ხმა მისცა, რომ ჩვენს საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება, რაიმე პოზიტიურად დაიმახსოვროს ზურაბიშვილის მოღვაწეობა. საზოგადოებას ის თავს დაამახსოვრებს, როგორც კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი, საკუთარი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი, ადამიანი, ვისთვისაც არა საკუთარი ერის ნება, არა არჩევნები, არამედ ქვეყნის გარედან მიღებული დავალებები წარმოადგენს შესასრულებლად აუცილებელ ფაქტს, რაც სათანადოდ შეფასდება ჩვენი საზოგადოების მიერ, ჩვენი შთამომავლობის მიერ. მას უკვე აქვს ნამდვილი, სწორი, რეალური შეფასებები, ეს შეფასებები კიდევ უფრო გაღრმავდება ნეგატიური კუთხით, რადგან, სამწუხაროდ, პოზიტიური ამაში არაფერია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ცუდი არ იქნება, სალომე ზურაბიშვილი თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავს კონსტიტუციას ან საკონსტიტუციო სამართალში მოისმენს მცირე ლექციას.

„მისი სურვილები რომ ქვეყნის და ერის ნება-სურვილებს რადიკალურად ცდება, ესეც ცნობილია. მთავარი არ არის, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი, მთავარი ისაა, რა გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა, იმ ხალხმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე უდიდესი უმრავლესობით მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ ლეგიტიმური მანდატის განხორციელების შედეგია ის, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილმა ჯობია, დროულად მოძებნოს სამსახური, მას ეს სამსახური, ფაქტობრივად, აღარ აქვს, ეს მსახურება ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული ქართველი ხალხის მიერ და იმ მილიონ ასოციათასი ხმით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, დამარცხდა სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ, მისი წიაღსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ლეგიტიმური პოსტი უკავია და ა.შ. არის მტკნარი სიცრუე და საზოგადოება ამას ძალიან კარგად აღიქვამს, მაგრამ თვით ამ მახინჯ ლოგიკაშიც კი არის დამარცხებული. შესაბამისად, ერთადერთი, რაც მას დარჩენია, არის, რომ დროულად მოძებნოს სამსახური, ეს მისი საქმეა, ჩვენი საქმე არ არის და პრეზიდენტი როდესაც შეუდგება თავის უფლებამოსილებას, ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით და იმ წესრიგით, რაც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.