შესაძლოა, რუსმა გიდებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგალურად მუშაობა შეძლონ, რაც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი ხდება-ჯემალ გამახარია

10
spot_img

“რუსეთს, რომელიც აფხაზეთს თავის ტერიტორიად განიხილავს, სურს, რუს ტურისტებს რუსი გიდები მოემსახურონ და არა აფხაზები”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიას თქმით, ბოლო პერიოდში აღნიშნულმა საკითხმა ოკუპირებულ რეგიონში ძალიან მწვავე ხასიათი მიიღო და ვითარება დაძაბა, აფხაზმა გიდებმა თავიანთი უფლებების დასაცავად შტაბი შექმნეს და საკითხის გასარკვევად ერთდროულად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას და რუსეთის მთავრობას მიმართეს. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, დე ფაქტო მთავრობამ ისინი მოატყუა, ინფორმაცია სიცრუეა , რუს გიდებთან დაკავშირებით არავითარი შეთანხმება არ არსებობსო, მაგრამ , რუსეთის მხრიდან დოკუმენტი მიიღეს, რომლის თანახმადაც, საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“დღეს ყველაზე აქტუალური თემა, რაც აფხაზეთში იხილება, რუსი გიდების, ექსკურსიის მძღოლების აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების და საქმიანობის პრობლემა გახლავთ. ეს ახალი თემა არაა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მწვავე ხასიათი მიიღო, ნომერ პირველი თემაა, რასაც სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში იხილავენ. რუსეთს, რომელიც აფხაზეთს თავის ტერიტორიად განიხილავს, სურს, რუს ტურისტებს რუსი გიდები მოემსახურონ და არა აფხაზები. მთელი რიგი პრობლემებია, მათ ხშირად ატყუებენ, ძარცვავენ და რუსებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია, რუს ტურისტებს თან რუსი გიდები ახლდნენ. რუსი გიდები ტურისტებს აფხაზების მონაყოლისგან სრულიად განსხვავებულ რამეს უყვებიან. ისინი ოფიციალურად დაშვებულები ჯერ არ არიან, მაგრამ დიდი ხანია აფხაზეთში რუს ტურისტებს, ფაქტობრივად, რუსი გიდები ემსახურებიან. მათ მოუსმინეს, თუ რას ჰყვებიან აფხაზეთის ისტორიაზე, ყოფაზე და უნდა გითხრათ, რომ რუსები აფხაზებზე მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენის არ არიან. უკვე ოფიციალურად დადგა ეს საკითხი. რუსეთის ხელისუფლებამ ეს საკითხი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წინაშე დააყენა, რათა ეს ოფიციალურად იქნეს დაკანონებული და რუს გიდებს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. როდესაც ამის თაობაზე ცნობილი გახდა, აფხაზმა გიდებმა (რამდენიმე ათასი ადამიანია, მათი ერთადერთი შემოსავალი ესაა, მოგეხსენებათ, ტურიზმია იქ მთავარი,თუ ეს წაართვეს, ათასობით ადამიანს, მათი ოჯახის წევრებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს) თავიანთი უფლებების დასაცავად შტაბი შექმნეს, ერთდროულად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას და რუსეთის მთავრობას მიმართეს, გაგვარკვიეთ, რაშია საქმეო. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე, ანქვაბმა დელეგაცია მიიღო და განუცხადა, რომ ეს სიცრუეა, არავითარი რუსი გიდები აფხაზეთში არ არიან და არც იქნებიან, არავითარი შეთანხმება არ არსებობს, მშვიდად იყავითო. მაგრამ, მათ ხომ შეკითხვა რუსეთის მთავრობაშიც ჰქონდათ გაგზავნილი და ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი მოვიდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მაღალ დონეზე 2024 წლის მაისში შეხვედრა ჩაატარეს და მოილაპარაკეს, რომ რუს გიდებს ყველანაირი დაბრკოლება მოეხსნებათ და შეეძლებათ თავისუფლად იმოქმედონ. ამან ისე დაძაბა ვითარება, არ ვიცი, ეს რაში გადაიზრდება, ალბათ, ძალიან დიდ საპროტესტო აქციებში. საპირისპირო პასუხები მიიღეს აფხაზეთის მთავრობიდან და რუსეთის მთავრობიდან, აქ ეუბნებიან, არავითარი საფრთხე არ გემუქრებათო, რუსეთიდან კი პასუხი მოვიდა , შეთანხმება მიღწეული გვაქვს, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუს გიდებს არავითარი დაბრკოლება არ შეექმნებათო.
მინდა ყურადაღება მიაქციოთ იმას, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც აფხაზეთში ადგილობრივების გაღიზიანებას იწვევს, რუსეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკას უკავშირდება. აფხაზები კარგად გრძნობენ, რა დგას ამა თუ იმ ნაბიჯის უკან. აქ მარტო ის კი არ არის, რომ უამრავი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს, არამედ, როგორც ამბობენ, საფრთხე აფხაზეთის “სუვერენიტეტსაც” ემუქრება, რუსულ საზოგადოებაში აფხაზეთის შესახებ უარყოფითი იმიჯი იქმნება , დიდი შიში აქვთ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან, ყარაბაღის მოვლენებთან დაკავშირებით” – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსალოდნელია, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს.

“სიტუაციის გამწვავებას, რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, დე ფაქტო არჩევნებია მოახლოებული, რომელიც 1 წელში იქნება. იქაური ოპოზიცია ამ და ბევრ სხვა თემას იმისთვის გამოიყენებს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დე ფაქტო მთავრობა ტყუილშია მხილებული , რომ საკუთარი ხალხი მოატყუა, ის ერთს ეუბნება და ამ დროს მოსკოვიდან სულ სხვა დოკუმენტი მოდის, სადაც შავით თეთრზე წერია, შეთანხმება უკვე მიღწეული გვაქვსო. ასე რომ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას ველოდებით”, – განაცხადა გამახარიამ.