მე თუ ვინმე შემეკითხება დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და პასუხს მომთხოვს მხოლოდ 52-ე მუხლიდან გამომდინარე, კი ბატონო, იქ პირდაპირ წერია, რომ მთავრობის თანხმობა საჭიროა, მაგრამ ჩვენ ნორმა უნდა წავიკითხოთ კონტექსტში , – ამის შესახებ საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
კახა კოჟორიძის განცხადებით, დავის გადაწყვეტის პროცესში უმნიშვნელოვანესი 78-ე მუხლია, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
„შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართალი არ არის მათემატიკა. სამართალი რომ მათემატიკა იყოს, მაშინ მოსამართლეებად ადამიანები კი არ გვეყოლებოდნენ, კომპიუტერი გვეყოლებოდა, ჩავწერდით ალგორითმს, ალგორითმი დაწერდა, რომ დაირღვა მუხლი და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ მოსამართლედ ადამიანი იმიტომ გვყავს ჩვენ, რომ მან მხოლოდ ფორმალურ ნორმას კი არ შეხედოს, არამედ მთლიანად კონტექსტი გაიაზროს: კონსტიტუციის კონტექსტიც და პოლიტიკური კონტექსტიც, შექმნილი სიტუაციაც და ბევრი სხვა. სასამართლო არის სამართლებრივი ორგანო და ამავდროულად პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას და პოლიტიკის და სამართლის ნაზავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხშირად. პოლიტიკისგან ვერ მოვგლეჯთ საკონსტიტუციო სასამართლოს.
მე თუ ვინმე შემეკითხება დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ამ კითხვაზე პასუხს თუ მომთხოვს მხოლოდ 52-ე მუხლიდან გამომდინარე, კი ბატონო, იქ პირდაპირ წერია, რომ მთავრობის თანხმობა საჭიროა, თანხმობა არ იყო და მივდივართ თურმე დასკვნამდე, რომ დაარღვია, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ ეს ნორმა უნდა წავიკითხოთ კონტექსტში, მთლიანობაში. მთლიანობაში რომ ვკითხულობთ, რატომღაც გვახსენდება 78-ე მუხლი. 78-ე მუხლია ამ დავის გადაწყვეტის პროცესში უმნიშვნელოვანესი. ეს მუხლი ამბობს,რომ საქართველოს კონსტიტუციური ორგანოები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, უფლება მოსილი კი არა, ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.