შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ – მადლობა პრეზიდენტს და გიორგი გახარიას რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის -მამუკა ხაზარაძე

25
spot_img

მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში, ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები,სავარაუდოდ, ხვალ დამთავრდება.

მისივე თქმით, მოულაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.

“მთელი ეს პროცესი ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროსთან. მთელი ეს პროცესი ამისთვის დაიწყო.

ორი დღე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება. არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა, გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის. ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი – როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, შეიქმნას სამუშაო ადგილები , პენსიები, ჩვენი სტუდენტების დასაქმება. რაც ყველაზე მთავარია, ემიგრაციის შეჩერება, რომ ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ სწრაფი განვითარების გზაზე.

მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება უკვე სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. ხვალ იმედია, ყველაფერს დავამთავრებთ,დრო არის ძალიან ცოტა . 1 კვირაში უკვე მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი. იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.