სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს პატიმრობა შეუფარდა – ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

6
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ ზინიკო ქობალიას განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ამოღებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად უპრეცედენტო ოდენობის თანხა გაათეთრა, რამაც ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ინტერესებს.

სასამართლოზე საქმესთან დაკავიშირებით კიდევ ერთი სახელი გაჟღერდა, მოსამართლემ განმარტა, რომ “ელდარ ხუსეინოვმა და კოტორაშვილმა განიზრახეს ფულის გათეთრება”.

მისივე თქმით, დაახლოებით 58 მილიარდი რუბლის გათეთრება 2022-2024 წლებში უწყვეტად ხორციელდებოდა, პროცესი კი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით იწყებოდა, შემდეგ თანხა გადამხურდავებელ ჯიხურებში ხვდებოდა და ბოლოს კომერციულ ბანკებში ირიცხებოდა.

“გამოძიების უტყუარი მტკიცებულებით დგინდება, ეს არ გახლავთ უბრალო კონვერტაცია. პირველ ეტაპზე ფულის გათეთრება იწყება უცხოური ვალუტის საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოტანით. შემდეგ ეს თანხა ხვდება ვალუტის გადამხურდავებელ ჯიხურებში და შემდეგ კომერციულ ბანკებში. თუ ბრალდებული იქნებოდა კეთილსინდისიერი პირი, ის არ უნდა შესულიყო გარიგებაში. ეს არ არის ერთჯერადი გადაცდომა, საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან.

ჩნდება კითხვა, თუ ის იყო კეთილსინდისიერი, რატომ არ აფიქსირებდა იმ პირების მონაცემებს, რომლებსაც მასთან მიჰქონდათ თანხა. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რას აკეთებდა.

2022-2024 წლამდე უწყვეტად ხორციელდებოდა ფულის გათეთრება”, – აღნიშნა პროკურორმა.

დაცვის მხარე კი 50 000 ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ადვოკატ ედიშერ ქარჩავას თქმით, კოტორაშვილი შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო დანაშაულებრივ სქემაში ჩართული და პრობლემა კანონმდებლობისა და ბანკების სისტემურ ხარვეზებში უნდა მოიძებნოს.

“სხვა რამესთან გვაქვს საქმე. სიმართლის გამოძიებას ხელს შევუწყობთ.

მასთან ვიღაცას მიჰქონდა ფული, რით უნდა დაიცვას თავი ვალუტის გადამხურდავებელმა? კანონშია პრობლემა. შეიძლება ეს პიროვნება საერთოდ არ იყოს შუაში და ბანკების ლაფსუსთან გვქონდეს საქმე. აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ 50 ათასი ლარი იყოს გამოყენებული გიარაოს სახით”, – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის დუმილის უფლებას იყენებს.

„დუმილის უფლებას ვიყენებ. ვეთანხმები ადვოკატს”,- განაცხადა ბრალდებულმა კახა კოტორაშვილმა.

მოსამართლემ, შემდეგი სხდომა 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, ჩანიშნა.