,,საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე საქართველოსთან ურთიერთობა კონტრპროდუქტიულია”- ირაკლი ქადაგიშვილი

10
spot_img

საერთაშორისო ტურბულენტობის დროს მყარად ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არის გარკვეული ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზები, რომელსაც ვერ გადავკვეთ იმიტომ, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყანაში აგრესიის სხვადასხვა ფორმით განხორციელება ადვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე საქართველოსთან ურთიერთობა კონტრპროდუქტიულია.

„ევროკავშირშიც ხვდებიან, რომ ის ენა, რომელიც გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ, მაშინაც გამოიყენეს, როდესაც კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მოგვანიჭეს, ხედავენ ალბათ, რომ კონტრპროდუქტიულია. საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხარჯზე საქართველოსთან ურთიერთობა კონტრპროდუქტიულია. არ ვითხოვთ ბევრს არაფერს. ჩვენ ვითხოვთ – არა ორმაგ სტანდარტს, ვიყოთ ღია ურთიერთობაში, არ იყოს გამოყენებული უცხოური გავლენა საქართველოში პოლიტიკური პროცესების რევოლუციური გზით განვითარებისთვის. ამ საერთაშორისო ტურბულენტობის დროს ჩვენ მყარად ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არის გარკვეული ეგზისტენციალური, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზები, რომელსაც ვერ გადავკვეთ იმიტომ, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და აგრესიის სხვადასხვა ფორმა, ეკონომიკიდან დაწყებული, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე, საქართველოში ძალიან ადვილად მოსახდენია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები ყველას მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული.

„რაც შეეხება რეფორმებს, დემოკრატიას, საქართველო ნამდვილად უპირობოდ ლიდერი სახელმწიფოა, ამაში მათი დასკვნებიც მეტყველებს, როდესაც არ არის პოლიტიკური მიკერძოებულობა და არის მშრალი ობიექტური დასკვნები. ვხედავთ, რომ ლიდერი სახელმწიფო ვართ ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის და მთელ რიგ საკითხებში, უკვე წევრ სახელმწიფოებსაც ვუსწრებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა, რა მოლოდინებია საქართველოში, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „როგორც ითქვა, არჩევნების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებების გახსნაზე საუბარი“.