მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას აფასებს ღონისძიების მონაწილე საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ალ ხატეები.
„წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობა. ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა, რათა ვუბიძგოთ ტურისტებს იმოგზაურონ, ვუბიძგოთ სხვადასხვა ერებს დაამყარონ ერთმანეთთან კონტაქტი. ძველ თბილისში სეირნობისას უამრავი ტურისტი ვიხილე, ისინი ტკბებოდნენ ქალაქის სილამაზით. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ბუნება, კლიმატური პირობები, მთები. აქ ზამთარში შესაძლებელია თხილამურებით სრიალი, გაქვთ უგემრიელესი კერძები. ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი, ქართველი ხალხია. ჩამოსვლის მომენტიდან აქ გვიღიმიან, ძალიან ხელგაშლილები არიან და ყველაფერში გვეხმარებიან“, – აცხადებს აჰმედ ალ ხატეები.
საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრმა ინვესტიციებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ფულს ვაბანდებთ და ვაშენებთ ახალ სასტუმროებს, ახალ ტურისტულ ადგილებს, ახალი გამოცდილებებისათვის, ვასაქმებთ ახალგაზრდა ხალხს, რათა მოემსახურონ ჩამოსულ სტუმრებს. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი პრემიერ მინისტრისა და სამთავრობო გუნდის დახმარებით“, – განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.
თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.