სალომე ზურაბიშვილს არანაირი საფუძველი არ მოუცია, რომ მის კანდიდატურას მხარი დავუჭირო – იაგო ხვიჩია

12
spot_img

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით იმსახურებდეს პრეზიდენტის კანდიდატად ყოფნას.

ხვიჩიას თქმით, ზურაბიშვილს არანაირი საფუძველი არ მიუცია, რომ არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის შემთხვევაში მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

„ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის სიტყვას და დაპირებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს არანაირი საფუძველი არ მოუცია, რომ მის კანდიდატურას მხარი დავუჭირო, თუმცა საუბრისთვის ღია ვართ. ბევრი ადამიანი პრეზიდენტობას იმსახურებს და ამბავი ისაა, ბევრი დამსახურებიდან ერთი კანდიდატი როგორ შევარჩიოთ. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით იმსახურებდეს, ისე, რომ სხვა ადამიანზე ფიქრი არ შეიძლებოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ .

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე დასმულ კითხვას, – „კონსენსუსი თუ იქნება, რამდენად ფიქრობთ პრეზიდენტად არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობის მიღებას?“ – უპასუხა: „ვიქნები იქ, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე, რაც არის ჯერ გამარჯვება არჩევნებში, შემდეგ მოკლე დროში ქარტიის შესრულება, მინდა, ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს. თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ ვიქნები, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“.