სალომე ზურაბიშვილი დღეს თავისი ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე არის პირველი რადიკალი ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის, ასევე, „იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით ქვეყანაში გვყავს წარმოდგენილი“.
ის, ასევე, პოლიციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ესეც იმ რადიკალიზმის ნაწილია, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ“.
„ბოლო თვეების განმავლობაში ეს ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, რადიკალიზმი და ის ფაშისტური ქმედებები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. მათ ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით დღეს სადაც იმყოფებიან – ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ ამაზე, თავად სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს,“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება. მისი თქმით, პოლიცია პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა და პოლიციელებს შემდეგი ხელისუფლება დასჯის.