საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება პარტიული სიების გაუქმებასთან დაკავშირებით

12
spot_img

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.

თუმცა აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას.

ცესკო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკოს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს.