რუსული ძალები დღეს დილით კიევს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს – ომის 503-ე დღე

57
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 503-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 235 020-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 540 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 089 ტანკს, 7 983 ჯავშანტექნიკას, 4 385 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 6 966 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 693უპილოტო საფრენ აპარატს, 640 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 271 ფრთოსან რაკეტას.

რუსული ძალები დღეს დილით კიევს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანული დრონები სამხრეთიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიიდან გაუშვეს. ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით განადგურდა“, – აღნიშნა პოპკომ.

ცნობისათვის, რუსულმა ძალებმა კიევზე, მიმდინარე თვეში, მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
მაშველებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რუსებმა ორეხოვოში, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა, მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ. მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.