რუსებმა ხერსონის ოლქი 65-ჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი – ომის 428-ე დღე

73
spot_img

ომის 428-ე დღეს, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 65-ჯერ დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ხერსონში მძიმე არტილერიიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და ავიაციიდან 386 ჭურვი გაისროლეს. რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი – დაშავდა“, – აღნიშნა პროკუდინმა.

მისი თქმით, რუსებმა დაბომბეს საცხოვრებელი კვარტლები, ელექტრო ქვესადგურის ტერიტორია ბერისლავის რაიონში, სტანისლავის თემის დასახლების ადმინისტრაციული შენობები.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

„ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე, მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორეხოვო-ვასილოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებებით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგე ქალაქ ავდიივკას მიდამოებში, ასევე სევერნოესა და პერვომაისკოესკენ დასახლებებისკენ წინსვლას ცდილობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსები შეტევას ახორციელებდნენ თავად მარინკას რაიონში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აქ, ისევე როგორც ბახმუტში, ბრძოლის ინტენსივობა მაღალია.