როგორ ააღორძინა ომმა რუსეთის „ჟანგიანი სარტყელი“ – რას წერს უცხოური პრესა

51
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორ ააღორძინა ომმა რუსეთის „ჟანგიანი სარტყელი“: ღარიბი რეგიონები სამრეწველო ბუმს განიცდიან, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ისევ ამუშავდნენ“ (ავტორი – პოლინა ივანოვა).

პუბლიკაციაში მიმოხილულია რუსეთის ოდესღაც მდიდარი, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდში გაღარიბებული სამრეწველო რეგიონების მდგომარეობა, სადაც, უკრაინასთან ომის გამო მიღებული სამხედრო შეკვეთებით, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ამუშავდნენ, მოსახლეობა დასაქმდა და ეკონომიკის აღორძინება შეიმჩნევა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთის ერთ-ერთი ქარხნის მუშა ანტონი თავის თვიურ ხელფასს ითვლის, რომელიც 2022 წლიდან თითქმის სამჯერ და მეტად გაიზარდა და არ იცის რა ქნას – სიხარულისგან იცინოს თუ იტიროს. 37 წლის მამაკაცი ტკივილით აცნობიერებს, რომ მისი ხელფასის ზრდა გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინაში შეჭრის თაობაზე, რის გამოც რუსული ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა. „ერთი მხრივ, ომია, ადამიანები იღუპებიან, ჩემი ნათესავებიც…“, – მეუბნება ანტონი, რომლის ბიძია უკრაინის ფრონტზე მოკლეს, – „მაგრამ მეორე მხრივ… ქალაქში მრეწველობის აღორძინება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მოსახლეობა დასაქმებულია და მათი მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება. მე არ მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ, უბრალო ადამიანები, „პროლეტარები“, ამდენ ხელფასს ვიღებდით რუსეთის მთავრობა, სახელმწიფო შეკვეთების სახით, უზარმაზარ თანხებს აბანდებს მრეწველობაში – არმიისათვის იარაღის, საწვავის, კვების პროდუქტების, სამხედრო ტანსაცმლის დასამზადებლად.

ამ ყველაფერმა სამრეწველო ბუმი გამოიწვია: იმ დროს, როცა ყველა ელოდებოდა სანქციების „გარდაუვალ“ შედეგს – რუსეთის ეკონომიკურ დაცემას, პირიქით მოხდა. საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების პროგნოზებით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, რაც ბევრად მეტია აშშ-ისა და ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზებზე. ეს ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია რუსეთის ცენტრალურ „ჟანგიან სარტყელში“ (ყოფილი სამრეწველო რეგიონებში), ჩუვაშეთის მაგალითზე, სადაც 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ყოფილი საბჭოთა ქარხნები სრული სიმძლავრით ამუშავდნენ და დღედაღამ სამხედრო პროდუქციას ამზადებენ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის უნარისათვის – შეუძლია თუ არა კრემლს ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური გამოფიტვისათვის, რასაც პოლიტიკური კრახიც მოჰყვება. იმ ქარხანაში, რომელშიც ანტონი მუშაობს, ლითონის გამოდნობის მკვეთრი მატება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ანუ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ. „სწორედ იმ ხანებში გააცნობიერა მოსკოვმა, რომ ომი გაგრძელდება და ხანმოკლე არ იქნება“, – ამბობს ლაურა სოლაკო ფინეთის ბანკთან არსებული ეკონომიკური პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომელი. მთელი რუსეთის მასშტაბით დაიწყო მრეწველობის გადაყვანა სამხედრო პროფილზე.

ჩუვაშეთში, სადაც ომამდე სამხედრო შეკვეთებზე მხოლოდ 7 ქარხანა მუსაობდა, 2022 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამჟამად ჩუვაშეთის მრეწველობა 27%-ზე მეტ პროდუქციას უშვებს, ვიდრე ომამდე. ეს უდიდესი ზრდაა. უმუშევრობა მინიმუმამდე – 2,2%-მდე შემცირდა, მატერიალური ანაზღაურება გაიზარდა – საშუალოდ ომამდელი 40 ათასი რუბლიდან (450 დოლარიდან) 120 ათას რუბლამდე (1350 დოლარამდე). ჩებოქსარის ქარხნებს მუშახელი არ ჰყოფნით, სამუშაოზე პენსიონერებსაც კი იწვევენ. „სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში საბჭოური გამოცდილება უკვე დაკარგულია, ხარატებისა და ზეინკლების მომზადება აღარ ხდება, ამიტომ ქარხნები იძულებულნი არიან სამსახური პენსიონერებსაც შესთავაზონ. ისინი კმაყოფილნი არიან, რადგან პენსიაც უნარჩუნდებათ და დამატებით გაზრდილ ხელფასს იღებენ“, – ამბობს ეკონომისტი ნატალია ზუბარევიჩი, – თუმცა, რასაკვირველია, ხელფასების ზრდა ინფლაციას იწვევს, მატულობს კვების პროდუქტების ფასი, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მოსათმენია“.

სოციოლოგების აზრით, რუსეთის ეკონომიკის ზრდა ბუნებრივია, გავლენას მოახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ანუ კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა უკრაინასთან ომის საკითხში. ომის დაწყების პირველ თვეებში დასავლელი პოლიტიკოსები იმედოვნებდნენ, სანქციების ნეგატიური ეფექტი რუსეთის მოსახლეობას ომის საწინააღმდეგოდ განაწყობდა, ცარიელი ჯიბე და საფულეები, ცარიელი მაცივრები ტელევიზიით ომის პროპაგანდის შედეგს ნოლამდე დაიყვანდა. მაგრამ გავიდა ორ წელზე მეტი და საკვირველება მოხდა: „ტელევიზია და მაცივარი უკვე სინქრონულად მუშაობენ: მაცივარში საჭმელია, პარალელურად კი ტელევიზია ომის პროპაგანდას აგრძელებს“.

ომის დაწყებიდან რუსეთში, სამხედრო პროფილის მქონე დარგების გარდა, სხვა დარგებიც განვითარდა, მაგალითად, მსუბუქი და საფეიქრო მრეწველობა. კომპანიები დამატებით შემოსავლებს სამოქალაქო პროფილის განვითარებასაც ახმარენ. დასავლელი სპეციალისტების თქმით, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს – გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეკონომიკის დონე ისევ დაიწევს და ყველაფერი ძველებურად იქნება. ამასთან, როგორც ჩუვაშებში ამბობენ, შექმნილი ვითარებით მაქსიმალურად სარგებლობენ: ერთ-ერთი მუშის თქმით, „ჩვენ მანამდე ვიმუშავებთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება“.

წყარო