რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენისკენ მოუწოდებენ

9
spot_img

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.

რესპუბლიკელები აფრთხილებენ ტრამპს, რომ ამერიკული დახმარების ხანგრძლივი შეჩერება საომარ მოქმედებებში სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

მათი თქმით, ტრამპს ჰქონდა უფლება, დროებით შეეჩერებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა შეეფასებინა ომის მიმდინარეობა, ზეწოლა მოეხდინა ნატო-ს მოკავშირეებზე და შეექმნა ფანჯარა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, ამავე დროს, რესპუბლიკელები აფრთხილებენ, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების ზედმეტად დიდი ხნით შეჩერებამ, შეიძლება, დამანგრეველი გავლენა იქონიოს უკრაინის ბრძოლის უნარზე, რაც შეასუსტებს მის ბერკეტებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.

გარდა ამისა, სენატორები ხაზს უსვამენ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.

„ეს არის შეშფოთება უკრაინელი ხალხის გამო. მე უფრო მაწუხებს, როგორ მიიღებენ ამას ადამიანები ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სენატორმა ტომ ტილისმა. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს სასარგებლო აღმოჩნდეს პუტინისთვის.

სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, ჯონ ტუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია.

„ეს არის პაუზა, რაც მნიშვნელოვანია. ეს არ არის შეწყვეტა. ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებების ნაწილია. იმედი მაქვს, საბოლოოდ ჩვენ დავსვამთ ადამიანებს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შევძლებთ შეთანხმებას, რომელიც სამწლიანი კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანს და იმედია, პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ტუნმა.

ამასთან, სენატორმა ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ტრამპის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებით.

„მე ძალიან შეშფოთებული ვარ ამით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა გრემმა.

სენატორმა ჯონ კორნინმა, სენატის სადაზვერვო კომიტეტის უფროსმა წევრმა კი განაცხადა: „სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვაწვდიდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მათ შეძლებოდათ ბრძოლის გაგრძელება. იმედი მაქვს, რომ პაუზა რაღაც მომენტში გაუქმდება“.