“პუტინი დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული”

76
spot_img

პუტინს ომი ჯერ არ წაუგია, ის დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული, – ამის შესახებ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დისკუსიისას პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი ამ ომში დამარცხდება, თუმცა, მისივე თქმით, ახლა არის სიტუაცია, როდესაც ასობით ადამიანი ყოველდღიურად იღუპება ფრონტზე, ამასთან, რუსები 100 მილიონზე მეტნი არიან, უკრაინელები კი – 40 მილიონზე ნაკლები.

„ეს სხვაობა უკვე აჩვენებს, ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. ეს განსხვავებული კულტურებია. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მას იარაღის გიგანტური მარაგები აქვს. ჩვენ ვიცინით, რომ მას ფრონტზე 1960-იანი წლების ტანკები გაჰყავს – თითოეული ტანკი 50-60 ტონას იწონის. თუკი ის გადაადგილდება, ის გაჭყლეტს, იმის მიუხედავად, არის თუ არა თანამედროვე“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინი ომში დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმია გაძევებული იქნება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ.

„ომი გრძელდება, რუსეთი უფრო მობილიზდება, რუსეთის ეკონომიკა საომარ ლიანდაგებზე გადადის. ეჭვი ნუ გეპარებათ, მათ შეუძლიათ, პროპაგანდის საშუალებით უთხრან ხალხს, რომ ქამრები უნდა შემოიჭირონ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მშივრები არიან, უნდა იამაყონ, რადგან რუსეთი დიდია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.