კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტს მიეცეს ორგანიზებული სახე.
„[პრეზიდენტთან] იქნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც კოალიციური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტსა და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს ორგანიზებული სახე, უფრო კონსტრუქციული. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობის აგდებული კავშირები და გადაჭრილი ურთიერთობა ოპოზიციამ სასწრაფოდ აიღოს ხელში, გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი შეხვედრაა მნიშვნელოვანი.
ჩვენ გვყავს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და გვყავს არალეგიტიმურად მითვისებული პარლამენტი. შესაბამისად, არალეგიტიმური მთავრობა და არალეგიტიმური პრეზიდენტობის წარდგენილი კანდიდატი, ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ, მთელი საზოგადოება, პრეზიდენტის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ომი ამ ქვეყანაში ვის უნდა? – ომი უნდა ბიძინას, რომ მერე რუსული ჯარები შემოვიდნენ. ესენი ღირსებით ევროპაში კი არ მიდიოდნენ, უღირსად მიდიოდნენ და ქვეყანა მიჰყავდათ რუსეთში!“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.