პრემიერი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

7
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების  ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია, რაც ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში, საარჩევნო პროცესები ჯანსაღ გარემოში წარიმართება და ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს საარჩევნო პროცესი ყველაზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ობიექტური შეფასების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა დაკვირვებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში.