პოლიტიკური სკანდალი საქართველოში, რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის გამო – The New York Times

20
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 17 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოლიტიკური სკანდალი საქართველოში, რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის გამო“ (ავტორი – ივან ნეჩეპურენკო, გაზეთის მოსკოვის ბიუროს რეპორტიორი), რომელშიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია არის განხილული. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს წინასაარჩევნი კამპანიის ფონზე, რომლებმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რამდენიმე თვის განმავლობაში კავკასიაში მდებარე ქვეყნის – საქართველოს პოლიტიკა გამოირჩევა იმ პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირებით, რომლებსაც, ერთი მხრივ, დასავლეთთან კავშირების გაფართოება-განმტკიცება სურთ და მეორე მხრივ, რომლებიც უფრო მეტად რუსეთისაკენ იხრებიან.

ამჟამად, როცა ქვეყანა ოქტომბერში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება, მმართველი პარტიის ლიდერმა „პოლიტიკური ქარიშხლის“ პროვოცირება მოახდინა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს 2008 წელს რუსეთთან ომისათვის, რომლის დაწყებაშიც ბევრი ქართველი სწორედ რუსეთს ადანაშაულებს.

შაბათს ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, განაცხადა, რომ ქართველებმა პატიება უნდა სთხოვონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას – ოსებს, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოეყვნენ და კონტროლირებული ტერიტორია 2008 წელს გააფართოვეს – იმის გამო, რომ საომარი მოქმედებები ქართველებმა დაიწყეს.

ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამართულ მიტინგზე ქალაქ გორში, რომელიხ ხანმოკლე დროის განმავლობაში ოკუპირებული იყო რუსეთის ჯარების მიერ 2008 წლის ომის დროს. „ქართული ოცნების“ ლიდერის პოზიცია მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკოსებისა და სხვა ოპოზოციური აქტივისტების მიერ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან შესამჩნევად გაუარესდა.

ორშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ორ ქართველ ჩინოვნიკს და ორ აქტივისტს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფთან და რომლებიც, როგორც ამბობენ, მიმდინარე წელს მომხდარი საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობდნენ.

კვირას ასობით ადამიანი მივიდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და შეძახილებით „არა კრემლის დიქტატს!“ ბიძინა ივანიშვილის პოზიციის მიმართ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს.

თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსეთთან ომის დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოხატული პოზიცია „უპრეცედენტო ღალატად“ შეაფასა და „იმ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს“.

„ივანიშვილმა ქართველებს დამპყრობელისადმი ბოდიშის მოხდა სთხოვა“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ექვსწლიან სასჯელს იხდის ხელისუფლების ბოროტად სარგებლობის ბრალდებით (ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული), – „ჩვენ ამ სირცხვილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოვირეცხავთ“.

საქართველო-რუსეთის ომი ხუთი დღე გაგრძელდა, მაგრამ ქართველებს ღრმა ჭრილობა დაუტოვა. პირველ დღეებში ომი საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მიმდინარეობდა, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა ქვეყნის სხვა რეგიონებზეც.

რუსეთის ჯარებმა დაიკავეს საქართველოს მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო მაგისტრალები აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით (თბილისიდან ფოთამდე) ავტოგზატკეცილი და რკინიგზა, რომლებზეც მოძრაობა პარალიზებული იყო. კრემლის ჯარები ქვეყნის დედაქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრზე შეჩერდნენ – მას შემდეგ, რაც საერთაშორისო შუამავლების ჩარევით მიღწეული იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

2009 წელს ევროკავშირის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელსაც ომის დაწყება-განვითარების თაობაზე ფაქტების შესწავლა ჰქონდა დავალებული, დაადგინა, რომ ომი დაიწყო „საქართველოს მხრიდან განხორციელებული საარტილერიო სროლით“, რომელიც, „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამართლებული არ იყო“, თუმცა იმავდროულად, „რუსული ჯარის მოქმედებაც მნიშვნელოვნად სცილდებოდა თავდაცვის გონივრულ ფარგლებს“. მოხსენებაში ყველა მხარე, მათ შორის, ოს სეპარატისტთა სამხედრო ფორმირებების ჩათვლით, დადანაშაულებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვვევაში.

მაგრამ რადგანაც ბევრი ქართველი ომის დაწყებაში სწორედ რუსეთს ადანაშაულებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომელმაც აგრესორად საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება ჩათვალა, ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 2010-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, პროდასავლურ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც 2008 წელს მმართველ პარტიას წარმოადგენდა, პარლამენტის არჩევნების შემდეგ „ნიურნბერგის პროცესის“ მოწყობით დაემუქრა. მისი თქმით, „ქართველებსა და ოსებს შორის ძმობისა და კეთილმეზობლური თანაცხოვრების ყველა დამრღვევს მკაცრი იურიდიულ პასუხისმგებლობა დაეკისრება“. მან ოპოზიცია „დამნაშავეებად“ და „მოღალატებაად“ შერაცხა, რომლებმაც „2008 წელს ჩვენი ოსი ძმები და დები ცეცხლში დაწვეს“.

„ჩვენ აუცილებლად მოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რომ ოსებს ბოდიში მოვუხადოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ოფიციალურად მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ითვლება, თუმცა სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ იგი „ქართული ოცნების“ ჩრდილოვან ლიდერს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო პოლარიზებული ხდება. პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

1991 წლის ბოლოდან, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ სახელმწიფოს წარმოადგენდა იმ რესპუბლიკებს შორის, რომლებიც დამოუკიდებლები სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდნენ. მაგრამ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის, სულ უფრო კრიტიკულად არის განწყობილიდასავლეთის პოლიტიკის მიმართ და არ სურს რუსეთის დაგმობა უკრაინაში შეჭრის გამო.

მაისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ მაინც მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მოქმედი პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შეზღუდვისაკენ.

ამჟამად მთავრობა განიხილავს კანონპროექტებს, რომელთა მეშვეობით, აიკრძალება ქორწინების „ალტერნატიული“ ფორმები, ერთსქესიანი ურთიერთობების საჯარო პროპაგანდას და ქირურგიულ ჩარევას სქესის შეცვლის მიზნით.

წყარო