ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
“სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები. ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ არ არის გაწერილი სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები და არც საკმარისი სამართლებრივი გარანტიებია თვითნებობის თავიდან ასაცილებლად.
ზოგიერთი ფსიქიატრიული დაწესებულების არათერაპიული და ქაოტური გარემო, მათ შორის, სიმჭიდროვე, პირადი სივრცისა და განმარტოების შესაძლებლობის დეფიციტი; ასევე, დამხმარე პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა უარყოფითად აისახება პაციენტთა უსაფრთხოებაზე და მათ მხარდაჭერაზე სხვადასხვა სერვისების მისაღებად. ყველა დაწესებულებაში გამოწვევაა სუფთა ჰაერი, ეზოში გასვლის ან რაიმე აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. პაციენტებს უკიდურესად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი,” – განაცხადა იოსელიანმა.