პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

14
spot_img

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს – „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მის სასარგებლო ხმა ასევე 78-მა დეპუტატმა მისცა.

გუშინდელ განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩმა“ მიიღო. ცვლილებები დეპუტატებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილი წარუდგინა, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს სახალხო განხილვის შედეგები გააცნო.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.