Home Blog Page 85

,,მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ”- ბიძინა ივანიშვილი

მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ – ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურ განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება! – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანვე აღნიშნა, რომ ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენას, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება.

„სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემებში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენას, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება. 12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა! მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს თან და რა შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი ხელისუფლებაში, პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია! ამის შესაძლებლობა კი მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო – ბიძინა ივანიშვილი შოვის ტრაგედიაზე

“სამწუხაროდ, ისევ მიწევს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო,” – ეს განცხადება “ქარტული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში ამომრცევლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა.

“როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას – როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია.

სამწუხაროდ, ისევ მიწევს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ”- ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო ქართველებო, მოგესალმებით რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო.

შეუძლებელია კავკასიონის ამაყად მდგარ თვალუწვდენელ მწვერვალებს უცქერდე და არ გაღელვებდეს იმაზე ფიქრი, ღმერთისგან ნაბოძები ეს საჩუქარი რამდენი ჭირისა და ლხინის, საგმირო ისტორიის მომსწრე ყოფილა. მიუხედავად ბევრჯერ თავს დამტყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად, ხელუხლებლად შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები.

ქართველების ერთ-ერთი სიძლიერეც ხომ სწორედ ეს არის – მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხი, რომელიც ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაჭულ სიდინჯესა და შრომისმოყვარეობას, სვანურ სიმამაცესა და სამართლიანობას, ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობას და მიზანდასახულობას, სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უამრავ ლამაზ ტრადიციას იტევს. სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ, არ მოვუფრთხილდეთ და არ ვიზრუნოთ მათ დანატოვარზე.

როდესაც 12 წლის წინ, 2012 წლის 27 აგვისტოს აქ, ამ ადგილზე პირველად შეგხვდით, იმ პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებზე ვსაუბრობდით, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეუქმნა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, როგორ იფლანგებოდა ის უდიდესი პოტენციალი რომელიც აქაურობას გააჩნია. სამკურნალო წყლებით, უნიკალური ჯიშის მცენარეებით, მსოფლიოში გამორჩეული ვაზის ჯიშებით განთქმული და მდიდარი კუთხეები, უდიდესი ტურისტული პოტენციალის მატარებელი მხარეები როგორ ნადგურდებოდა, აქაურობას როგორ იყენებდა პირადი სარგებლისა და ინტერესებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ვიწრო ჯგუფი, მოსახლეობას კი ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახლ-კარის, მიწის დატოვება და სხვაგან გადასახლება ესახებოდა.

მე მაშინ დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება აქაურობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა, საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებდა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსსა და მისგან მიღებულ შეღავათებს, მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, შიდა თუ მაგისტრალურ გზებს და განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდნენ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, 2012 წელთან შედარებით დღეს რამდენჯერ მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, რამდენ ადგილობრივს ააღებინა ხელი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან. როგორ მოწესრიგდა, რა მნიშვნელობისა და რაოდენობის გზა გაკეთდა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი არსებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

საკუთარი თვალით ხედავთ, რომ მიტოვებულმა სოფლებმა და დაბებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, გაჩნდა შესაძლებლობა, გამორჩეული კურორტები ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დაცვით ისე გაშენდეს, რომ ადგილობრივ უნიკალურ ეკოსისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. 12 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს ბევრად დიდი ფასი აქვს მსოფლიოში აღიარებულ ხვანჭკარას, უნიკალურ მუჯურეთულსა თუ ალექსანდროულს და მათგან დამზადებულ ღვინოს. ეს დიდწილად სწორედ იმ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებისა და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომლებმაც, პირველ რიგში, ადგილობრივების კეთილდღეობის ზრდა განაპირობეს.

განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის, სახელმწიფოსა და კერძო ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში, ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც, ხელისუფლებაც და ინვესტორიც კმაყოფილია!

მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დაწყებულ საქმეს. შევქმნით ყველა პირობას, რომ ადგილობრივებმა მაქსიმალურად აითვისონ ამ უნიკალურ მხარეში არსებული პოტენციალი. მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და განვახორციელებთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ, თქვენთან ერთად, კიდევ დაამარცხოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები.

12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამის პასუხად, ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულმოუთქმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნებ როგორმე ძალაუფლება დაიბრუნონ რაც საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს.

როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას – როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია.

წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათ აგენტურას ვა-ბანკზე წასვლა აიძულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე, რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება.

ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვებს, თუმცა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას მოველით, ვალდებულები ვართ, დეტალურად განვმარტოთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და როგორ წაადგება ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს:

პირველი, პირველი და მთავარი შეიძლება იყოს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება. როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით!

მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ – ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება! სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება.

12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით, მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა! მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს და რა შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია! ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება.

მეორე, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება. აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ!

მესამე, ჩვენი – ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის, ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში, რისი ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს.

და მეოთხე, როგორც პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ წერილში, ასევე მცხეთაში ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ არის კიდევ ერთი, ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ.

გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ჩამოთვლილი პუნქტების სისრულეში მოყვანა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ მოცემულობაში უმთავრესი გამოწვევა ჩვენი დღევანდელობაა. ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. თქვენთან ერთად, ფხიზლად უნდა გადავაგოროთ რამდენიმე თვეც და ომის დასრულებისთანავე, ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესები საპირისპირო დამოკიდებულებით შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არანაკლებად სჭირდებათ მეგობრად ჩვენს პარტნიორებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ორმხრივი ინტერესების დროს საქართველოს ძლიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა ყველასთვის პრიორიტეტული და საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია. იმდენად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ არავის გაუჩნდეს ცდუნება, ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება ჩვენს ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააყენებს. ამიტომაც ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმელებო და სვანებო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, კეთილდღეობა და ეროვნული ღირსების შენარჩუნება, 26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.

26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას”- ირაკლი კობახიძე

მოგესალმებით ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო.

ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია ჩემ მშობლიურ კუთხეში – რაჭაში სიტყვით გამოსვლა, მივესალმები ბატონ გოჩა ენუქიძეს, ამ რეგიონის არაჩვეულებრივ დეპუტატს.

ქართული მთა ყველაზე დიდი რუდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენს სარწმუნოებას, ქართულ კულტურას.

თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად  არ მიესადაგება ქართულ კულტურას  – ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის.

ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება.

ყველას გახსოვთ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი საქართველოსთვის.  მაშინ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ” წარსულს ჩააბარა რეჟიმი, რომელმაც ქუჩაში დახვრიტა ასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც აწამებდა ადამიანებს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს, კანონიერ მფლობელებს ართმევდა ტელევიზიებს, აყალბებდა არჩევნებს და რომელმაც თავისი მოღალატეობრივი დანაშაულის შედეგად, დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

ვერც ამ შემთხვევაში გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას და უდიდეს მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა.

ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლის თანადგომის გარეშე, ამ მასშტაბის ზეწოლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის.

26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, მკრეხელობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში დამეთანხმებით არჩევანი ძალიან ადვილია.

გასული 12 წლის განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რომლებიც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ:

–         ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა. „ქართული ოცნება” არის ერთადერთი ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

–         წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა მედია, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;

–         საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც;

–         „ქართულმა ოცნებამ” აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე წლებია სარგებლობს;

–         ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

–         რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

–         სპორტის სფეროში ასევე რამდენჯერმე გაიზარდა დაფინანსება და თქვენ იცით რამხელა წარმატება მოუტანეს ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ თითოეული იმ წარმატებისთვის, რომელმაც სიამაყის გრძნობით აგვავსო.

–         ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უდიდესი წარმატება მოუტანა;

–         ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;

–         700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;

–         საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

საქართველოს განვითარება უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი თითოეული თქვენგანის ხელშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 26 ოქტომბერს იმართება გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ომზე მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!

რამდენიმე დღეში აღინიშნება, მარიამობა, თქვენთვის და ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საეკლესიო დღესასწაული და ყველას გილოცავთ წინასწარ ამ უდიდეს დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს და ფარავდეს სრულიად საქართველოს!

,,ქართველებმა კარგად იციან მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა”- შალვა პაპუაშვილი

ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველებმა კარგად იციან მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა.

მისივე თქმით, ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიაში ხშირად ყოფილა, რომ ზოგს ქართველების სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია და მეგობრობა კი – მორჩილება.

,,ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც. ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი – მორჩილება.

ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით. დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავილამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 ,,სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება” – ირაკლი ღარიბაშვილ

26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ… ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე! უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ „ქართული ოცნების“ და ხალხის დიდი გამარჯვება! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ „მიხეილ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი“, გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. მანვე აღნიშნა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ იქნება.

„ახლა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებების და კოალიციების რომელიმე წარმომადგენელი, ან რომელიმე „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რა მოხდებოდა ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი – მუხლის ჩოქებზე დავარდნილები დიდი აღტკინებით დაუწესებდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციებს, შემდეგ ასეთივე აღტაცებული ენთუზიაზმით მიიღებდნენ უკრაინის თვითმფრინავებს და გააგზავნიდნენ მოხალისეებს საომრად და ასეთივე მონური აღტაცებით დაიწყებდნენ ომს და გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად! ვინ დაზარალდებოდა მათი მოღალატეობრივი მმართველობით, ვინ და ხალხი და ქვეყანა! პარალელურად სასტიკად გაუსწორდებოდნენ, დახოცავდნენ ან დაიჭერდნენ ყველა განსხვავებულად/ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, დაახშობდნენ მედიას, აკრძალავდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ქვეყანას და ხალხს გაიმეტებდნენ საბოლოოდ დასაღუპად და გასაწირად!

მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში საქართველოში ეს არ მოხდება! სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება!

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებინებთ ქვეყანას და ხალხს!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიუ-ჯერსიში ოთხი წლის ბავშვი დაჭრეს – პოლიციამ ძებნა მის დეიდაზე გამოაცხადა

ნიუ-ჯერსის შტატში 4 წლის ბავშვს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით მიიღო.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი დახვდათ, რომელსაც ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ბავშვის დეიდაა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. ბავშვის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

დღეს განვითარება, კეთილდღეობა და წინსვლა გვჭირდება, მშვიდობის გარეშე კი რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს მასპინძლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაუწია.

კახა კალაძემ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალი თაობისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით. თბილისშიც არაერთი საინტერესო ახალგაზრდული პროგრამა გვაქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ სიახლეებს, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ რეკრეაციულ სივრცეებში, პარკებში, რომლებიც დედაქალაქში ეწყობა, ყველგან არის მსგავსი ადგილები გათვალისწინებული, რათა ყველას გქონდეთ ვარჯიშის, სწავლის, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას და მის პოპულარიზაციას. მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ის წლები, როდესაც სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეების გასხვისება მიზანმიმართულად ხდებოდა. იმ ადგილებში კი, სხვადასხვა მშენებლობა ხორციელდებოდა. ჩვენ, რაც ქალაქის მთავრობაში მოვედით, რადიკალურად განსხვავებული მიდგომები დავნერგეთ. ბევრი პარკი, მულტიფუნქციური და მწვანე სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია. გვერწმუნეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მართალია, ჩვენს წინაშე არის ბევრი გამოწვევა, თუმცა, მშვიდობას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, ეკონომიკური სიძლიერით, გონიერებითა და სწავლა-განათლებით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, – მიმართა კახა კალაძემ შეკრებილ ახალგაზრდებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და სტუმრებისთვის თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ. ამასთან, განმარტავენ, რომ შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ.

განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა.

„განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდება მნიშვნელოვნად და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მთავრობა მომავალშიც იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ახალგაზრდებს გეხებათ და ამ კუთხითაც გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ჩვენ გვქონდა ერთი ასეთი ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც კურსდამთავრებულებისთვის შემუშავდა ანაზღაურებადი სტაჟირება. შეხვედრები გავმართეთ ახალგაზრდებთან და მათგან მოვისმინეთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროგრამა ჩამოყალიბებული და ამან ამ პროგრამის დახვეწის საშუალება მოგვცა. წელს პირველად ამოქმედდება ასეთი მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, – აღნიშნა პრემიერმა.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.

წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.

ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.

ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.

პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას  თავი ტერორიზმის საფრთხისგან -ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება შეესაბამება ქვეყნის მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

„გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან“, – წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

მან ისრაელელ სამხედროებს და საგანგებო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის ძალებში მყოფი ჩვენი ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ, ასევე უსაფრთხოების, საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიმართ ყველა საბრძოლო ფრონტზე მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა.