Home Blog Page 85

,,ქართველებმა კარგად იციან მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა”- შალვა პაპუაშვილი

ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველებმა კარგად იციან მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა.

მისივე თქმით, ქვეყნის ხანგრძლივ ისტორიაში ხშირად ყოფილა, რომ ზოგს ქართველების სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია და მეგობრობა კი – მორჩილება.

,,ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც. ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი – მორჩილება.

ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით. დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა. ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავილამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება. ამას არაფერი აქვს საერთო არც მეგობრობასთან, არც დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 ,,სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება” – ირაკლი ღარიბაშვილ

26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ… ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე! უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ „ქართული ოცნების“ და ხალხის დიდი გამარჯვება! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ „მიხეილ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი“, გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. მანვე აღნიშნა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ იქნება.

„ახლა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებების და კოალიციების რომელიმე წარმომადგენელი, ან რომელიმე „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რა მოხდებოდა ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი – მუხლის ჩოქებზე დავარდნილები დიდი აღტკინებით დაუწესებდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციებს, შემდეგ ასეთივე აღტაცებული ენთუზიაზმით მიიღებდნენ უკრაინის თვითმფრინავებს და გააგზავნიდნენ მოხალისეებს საომრად და ასეთივე მონური აღტაცებით დაიწყებდნენ ომს და გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად! ვინ დაზარალდებოდა მათი მოღალატეობრივი მმართველობით, ვინ და ხალხი და ქვეყანა! პარალელურად სასტიკად გაუსწორდებოდნენ, დახოცავდნენ ან დაიჭერდნენ ყველა განსხვავებულად/ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, დაახშობდნენ მედიას, აკრძალავდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ქვეყანას და ხალხს გაიმეტებდნენ საბოლოოდ დასაღუპად და გასაწირად!

მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში საქართველოში ეს არ მოხდება! სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება!

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებინებთ ქვეყანას და ხალხს!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიუ-ჯერსიში ოთხი წლის ბავშვი დაჭრეს – პოლიციამ ძებნა მის დეიდაზე გამოაცხადა

ნიუ-ჯერსის შტატში 4 წლის ბავშვს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით მიიღო.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი დახვდათ, რომელსაც ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ბავშვის დეიდაა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. ბავშვის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

დღეს განვითარება, კეთილდღეობა და წინსვლა გვჭირდება, მშვიდობის გარეშე კი რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს მასპინძლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაუწია.

კახა კალაძემ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალი თაობისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით. თბილისშიც არაერთი საინტერესო ახალგაზრდული პროგრამა გვაქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ სიახლეებს, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ რეკრეაციულ სივრცეებში, პარკებში, რომლებიც დედაქალაქში ეწყობა, ყველგან არის მსგავსი ადგილები გათვალისწინებული, რათა ყველას გქონდეთ ვარჯიშის, სწავლის, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას და მის პოპულარიზაციას. მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ის წლები, როდესაც სპორტული თუ რეკრეაციული სივრცეების გასხვისება მიზანმიმართულად ხდებოდა. იმ ადგილებში კი, სხვადასხვა მშენებლობა ხორციელდებოდა. ჩვენ, რაც ქალაქის მთავრობაში მოვედით, რადიკალურად განსხვავებული მიდგომები დავნერგეთ. ბევრი პარკი, მულტიფუნქციური და მწვანე სივრცეები გვჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ სპორტით ცხოვრება მნიშვნელოვანია. გვერწმუნეთ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რა სფეროშიც არ უნდა იყოთ, სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მართალია, ჩვენს წინაშე არის ბევრი გამოწვევა, თუმცა, მშვიდობას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენს ქვეყანას ისე როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი. მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, ეკონომიკური სიძლიერით, გონიერებითა და სწავლა-განათლებით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“, – მიმართა კახა კალაძემ შეკრებილ ახალგაზრდებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და სტუმრებისთვის თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ. ამასთან, განმარტავენ, რომ შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ.

განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა.

„განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდება მნიშვნელოვნად და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მთავრობა მომავალშიც იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ახალგაზრდებს გეხებათ და ამ კუთხითაც გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ჩვენ გვქონდა ერთი ასეთი ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც კურსდამთავრებულებისთვის შემუშავდა ანაზღაურებადი სტაჟირება. შეხვედრები გავმართეთ ახალგაზრდებთან და მათგან მოვისმინეთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროგრამა ჩამოყალიბებული და ამან ამ პროგრამის დახვეწის საშუალება მოგვცა. წელს პირველად ამოქმედდება ასეთი მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, – აღნიშნა პრემიერმა.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.

წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.

ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.

ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.

პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას  თავი ტერორიზმის საფრთხისგან -ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება შეესაბამება ქვეყნის მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

„გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან“, – წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

მან ისრაელელ სამხედროებს და საგანგებო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის ძალებში მყოფი ჩვენი ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ, ასევე უსაფრთხოების, საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიმართ ყველა საბრძოლო ფრონტზე მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე იერიში 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, სარაკეტო გამშვებების უმეტესობა ჩრდილოეთ ისრაელისკენ, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრისკენ იყო მიმართული და იერიშის შედეგად 40-ზე მეტ ტერიტორიას დაარტყეს, სადაც გამშვებები იყო განლაგებული.

ლიბანური მედიის ცნობით, ლიბანის სამხრეთ ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ წინასწარი საჰაერო იერიში განახორციელეს მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა ლ.ტ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერები ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ამბროლაურში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

ისრაელმა დღეს დილით „ჰეზბოლას“ ათასობით რაკეტა გაანადგურა – ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელმა დღეს დილით “ჰეზბოლას” ათასობით რაკეტა გაანადგურა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებისას განაცხადა.

”ამ დილით ჩვენ აღმოვაჩინეთ “ჰეზბოლას” მზადება ისრაელზე თავდასხმისთვის. თავდაცვის მინისტრთან და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან კონსულტაციით, დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, პროაქტიურად ემოქმედა საფრთხის აღმოსაფხვრელად. მან გაანადგურე ათასობით რაკეტა, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის ჩრდილოეთისკენ; ის ასევე ხელს უშლის ბევრ სხვა საფრთხეს და მოქმედებს დიდი ძალით – როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის კუთხით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის დასაცავად და იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნონ საკუთარ სახლებში.

„ვაგრძელებთ მარტივი წესის დაცვას: ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ “, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განახორციელა წინასწარი საჰაერო იერიში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა მნიშვნელოვანი თავდასხმის განხორციელების გეგმები. თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დროებით შეჩერდა ავიარეისები თელ-ავივისა და ბენ გურიონის აეროპორტებში, თუმცა, მოგვიანებით აღდგა.