Home Blog Page 83

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული.

„ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს, იმისათვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მე მინდა ვთხოვო თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები – რას წერს „ნოვიე იზვესტია”

რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტიაში“ (Новые Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უნებლიე რელოკანტები: როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები“ (ავტორი – ანდრეი ბერეცი), რომელშიც განხილულია საკითხი საქართველოში რუსი მიგრანტების ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 ერთი შეხედვით, მართლაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსებს საქართველოში მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ელოდებიან. სახლების კედლებზე, ნაგვის ყუთებზე და მესერებზე, განსაკუთრებით თბილისი ცენტრალურ რაიონში – სოლოლაკში, საკმაოდ ბევრია უცენზურო ანტირუსული წარწერები ინგლისურ ენაზე.

თვალშისაცემია აგრეთვე მრავალრიცხოვანი უკრაინული დროშები და კიევის მხარდამჭერი ლოზუნგები, თუმცა, არცთუ იშვიათად, როცა გაიგებენ, რომ ტქვენ რუსეთიდან ხართ, ადგილობრივი მცხოვრებლები მოგიყვებიან, თუ რუსეთის რომელ ქალაქში არიან ნამყოფნი, იქ რამდენ ხანს ცხოვრობდნენ და როგორი კარგი მეგობრები და ნაცნობები ჰყავთ.

ენობრივი ბარიერი ქართველებთან იშვიათად თუ წარმოიქმენა ხოლმე – რუსულ ენას ფლობენ არამარტო ისინი, ვინც სსრკ-ის პერიოდშია დაბადებული, არამედ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც. რაც შეეხება Y და Z თაობებს, ისინი მთლიანად ინგლისურზე არიან გადასულნი – ისევე როგორც მათი რუსი თანატოლები.

რუსეთიდან საქართველოში და უკან

2022 წლის მარტში და განსაკუთრებით სექტემბერში, „რელოკანტებისათვის“ მთავარი პრობლემა გახდა იაფფასიანი საცხოვრებლის მოძიება. იმ დროს ბევრი 5-6 კაციანი ჯგუფების სახით ცხოვრობდნენ ოროთახიან ბინებში, ხოლო ქალაქის გარეუბანში მდებარე ცალკე სახლში 20-30 რუსს შეეძლო ერთდროულად ცხოვრება.

„როცა რუსეთს სასწრაფოდ ვტოვებდით, ჩვენ მეგობარს დავუკავშირდით, რომელიც თბილისში უკვე ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა“, – ჰყვება 32 წლის რუსი, სახელად სავლე, ობნინსკიდან, – ჩამოვედით, თანამოაზრე სხვა რუსებიც შემოგვემატნენ და სარემონტო კომპანია გავხსენით“.

სავლე საქართველოში ცოლთან – მარიანასთან ერთად არის. მას საქართველოში უკვე შვილიც დაებადა. სავლემ და მარიანამ უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლეს ქართული ენა და რუსეთში დაბრუნება არ სურთ. თუმცა არიან სხვა რუსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთში უკეთესად ცხოვრობდნენ, საქართველოში ყოფნით კი, უბრალოდ, დროს კარგავენ – ცხოვრება ძვირია და სამუშაოც ნაკლებია.

სხვათა შორის, იმ იღბლიანებსაც კი, რომლებმაც მოახერხეს და საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღეს, ყოველთვის არ სურთ თავიანთი ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება კავკასიურ სახელმწიფოსთან. საქართველო იოლად არ აძლევს უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ლეგალიზების უფლებას. ბინადრობის მოწმობის მიღების ორი ყველაზე პოპულარული წესი ასეთია: პირველი – უნდა ფლობდე უძრავ ქონებას  100 ათასი დოლარის ფასის მქონეს და მეორე – ბიზნესით უნდა იყო დაკავებული, 18 ათასდოლარიანი წლიური ბრუნვით. ბევრმა მეორე ვარიანტით ისარგებლა, თუმცა მათ ნაწილს უკან დაბრუნება სურს.

2022 წლიდან რუსული რუბლი ქართულ ლართან შედარებით ერთნახევარჯერ გაიაფდა. მზარდ ინფლაციის გათვალისწინებით, რუსებისათვის საქართველოში ცხოვრება გაძვირდა. ამიტომ ისინი, ვინც თბილისიდან დისტანციურად მუშაობდა რუსულ კომპანიებში, ბევრი უკან დაბრუნდა.

რუსული ბიზნესის თავისებურებები საქართველოში

რუსეთიდან ჩასულები საქართველოში არა იმდენად სხვის სამუშაო ადგილებს იკავებენ, არამედ უფრო მეტად თვითონ ქმნიან სამუშაო ადგილებს. საქართველოში ძალიან იოლია კომპანიის შექმნა – მიხვალ იუსტიციის სახლში, წარადგენ ორიოდე დოკუმენტს და შეგიძლია კომპანიაც აამუშაო. ამ მხრივ ქართული „იუსტიციის სახლები“, სიჩქარით და მომსახურების დონით, ბევრად სჯობნიან რუსეთის „მრავალფუნქციურ ცენტრებს“.

ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ქართული საგადასახადო სისტემაც. 200 ათასევროიანი ბრუნვის მქონე საწარმო წელიწადში მხოლოდ 1%-იან გადასახადს იხდის.

მაგრამ არის მინუსებიც: საქართველოში გავრცელებულია ძარცვები, განსაკუთრებით მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების სალაროების გატეხვა ღამ-ღამობით. 14 წლის მოზარდებს ჩადენილი ამგვარი დანაშაულისათვის არანაირი სისხლის სამართლის პასუხიმეგებლობა არ ეკისრებათ – ჰოდა, ძარცვისათვის უფროსები მოზარდების სტატუსით სარგებლობენ.

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დონებ სოლიდური წლიური ზრდა აჩვენა – 10% და ეს მოხდა რუსების მიგრაციის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გადმორიცხვების რაოდენობაც, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, როცა რუსების საკმაო რაოდენობა უკვე რუსეთში დაბრუნდა, ფულის გადმორიცხვები 66%-ით დაეცა. ამასთან საქართველოს ეკონომიკა მტკიცე ზრდის ტემპებს დემონსტრირებს – წლიურად 9%-ს, რაშიც, სავარაუდოდ, რუსების როლიც არის.

საქართველო – ტრამპლინი დასავლეთისკენ

რუსები, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილნი, შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: პირველებს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის ბედის გაზიარება სურთ, მეორენი კი საქართველოს ტრამპლინად თვლიან ევროპაში და ამერიკაში წასასვლელად

რაც დროს გადის, მით უფრო ბევრი რუსი დადის რუსეთში და რამდენიმე დღის (კვირის)  შემდეგ ისევ საქართველოში ბრუნდებიან. ზოგიერთები რუსეთში იმ მიზნით მიემგზავრებიან, რომ იქ რაღაც შეღავათები გაიფორმონ და რუსული სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფული მიიღონ, მაგალითად, „დედის კაპიტალის“ მეშვეობით, ან უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე.

საქართველოში დარჩენა სურთ ძირითადად ბიზნესის მქონეებს, შემოქმედებითი და ხელოსნური პროფესიის ადამიანებს. ევროპაში და ამერიკაში წასვლა სურთ „აიტი“-შნიკებს, ფინანსისტებს, მართვის პროფესიონალებს. ისინი თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნებში უფრო მოახდენენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.

ბევრ რუსს ადგილობრივ მოსახლეობასთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ, რასაკვირველია, ისინი უფრო თანამემამულეებთან უფრო მეტ საერთო ენას პოულობენ. ზაფხულის პოპულარული გართობები – „მწვადის პიკნიკები“, ლაშქრობები და ველოტურები, ზამთრობით – თხილამურები და სნოუბორდი. არსებობენ გასართობი კლუბები სხვადასხვა თამაშებით.

საქართველოში რუსები და ბელორუსები, შეიძლება ითქვას, ერთ ბედქვეშ არიან, თუმცა ბელორუსები იქ უფრო ადრე ჩავიდნენ, 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ზოგიერთებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიჭერენ და თავს ციხეში უკრავენ. ბელარუსები რუსებბს ნახევრად ხუმრობით საყვედურობენ: „თქვენთან მობილიზაცია იყო და დასრულდა, ჩვენთან კი საქმეებია შედგენილი ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, ამიტომაც უკან გზა არ გვაქვს“.

საქართველოში ბინები რელოკანტების გამო გაძვირდა?!

2022 წელს საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 100 ათასამდე რუსი ჩავიდა. მათი რაოდენობის ცვლილების დინამიკას ბინების დაქირავების ბაზარი დემონსტრირებს. 2022 წელს ფასები ორჯერ ძალიან გაიზარდა – თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში: იმ დროს ოროთახიანი ნორმალურად გარემონტებული ბინის დაქირავება  თვეში მხოლოდ 1300-1500 დოლარად შეიძლებოდა. მაგრამ უკვე 2023 წლს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 30 ათასით ნაკლები რუსი შევიდა, ვიდრე გავიდა. იგივე ოროთახიანი ბინის დაქირავება უკვე 750-800 დოლარად შეიძლებოდა. გაძვირების ტენდენცია შეიმჩნეოდა საცხოვრებელი ბინის ყიდვის სფეროშიც.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რუსების ცხოვრება მოსათმენია და ხშირად სასურველიც – რბილი კლიმატი, სასმელ-საჭმელი, თანაც რუსეთი ხომ აქვეა, კავკასიის მთების გადაღმა…

წყარო

სახელმწიფო მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და რეანიმატოლოგებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა.

ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს.

„შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, DRG-თან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.

ცვლილებებზე, სამინისტრომ, დარგის ექსპერტებთან და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა. ამასთან, აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეების მიზანი DRG დაფინანსების მოდელის სრულყოფაა, უშუალოდ ეს ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე. ასევე – კლინიკების ეფექტურად საქმიანობაზე.

ახალი ინიციატივების შესახებ პრეზენტაცია, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა სულაბერიძემ წარადგინა. შემდეგ კი შეხვედრა, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრაზე, DRG-ს ქვეყანაში იმპლემენტაცია წარმატებულ რეფორმად შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამით, მოქალაქეების ფინანსური დაცულობა და ჯანდაცვისა თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანია DRG სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება.

როგორც აღინიშნა, სიახლის ამოქმედებისთანავე, განხორციელდება აქტიური მონიტორინგი, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარისა და აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრები ნინო ნიჟარაძე და ლევან ჩაკვეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ასევე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკნაველიძე და სხვა მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?“, რომელშიც განხილულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და პარტიის მიერ გაცხადებული ზოგიერთი პროგრამული განზრახვის, მათ შორის „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენისა „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის’ ურთიერთკავშირი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მორიგი წინაასაარჩევნო კამპანია მცხეთაში ომით დაიწყეს, რომ ოლიგარქმა პარტიულ აქტივს მიმართა და 10 წუთიან გამოსვლაში, პრაქტიკულად, ამომრჩეველს არაფერს დაპირდა. ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წელს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ „გასამართლება-აკრძალვას“ და სექსუალური უმცირესობისთვის უფლებების მკვეთრ შეზღუდვას აპირებს.

მცხეთაში გაისმა კიდევ ერთი, ძალიან ზედაპირული დაპირება, ივანიშვილმა „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობა, ტექნიკურად – „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს“ მიაბა.

„მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება, ნებისმიერ დროს შეიძლება დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი“ – ბრძანა ოლიგარქმა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის „ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება“.

ივანიშვილს ბუნებრივია არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოახერხებს „ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დასავლეთისგან საბოლოო დისტანცირებით და რუსეთთან დაახლოებით? უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში? არსებობს თუ არა გასაიდუმლებული დიალოგი პუტინთან, საიდუმლო პროექტი და თუ არსებობს რა პირობებით? – ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.

„ოცნება“ ეს თაღლითი მოთამაშე, პოლიტიკურ ასპარეზზე ნერგავს ცრუ პროექტებს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ კავკასიოლოგმა მერაბ ჩუხუამ. თსუ-ს პროფესორმა გვითხრა, რომ ეს პირდაპირ აგონებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას „გარეჯი საქართველოა“, რომელიც „ოცნებამ“ ასეთივე ცრუ პროექტით მოიგო.

“პრაქტიკულად, ეს არის „გარეჯი-2“. მაშინ გახსოვთ, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული, რუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ ვითომ მოსკოვის არქივებში ნაპოვნი „რუკით“, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა რომ გარეჯის ნაწილი საქართველოა, წარმოუდგენელი საინფორმაცო შტურმი განხორციელდა ამომრჩეველზე. მაგრამ, როგორც კი „ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება გაინაღდა, გარეჯის პრობლემა არც კი გახსენებიათ, არც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე წამოუწევიათ”, – ამბობს მერაბ ჩუხუა.

„ახლა უფრო მსხვილ თაღლითურ პროექტს გვთავაზობენ, აფხაზეთი ვითომ ნაყიდი აქვს „ოცნებას“, რუსეთთან შეთანხმება გაფორმებულია და ეს არის აფხაზეთი დაბრუნდება. ეს ვინ მოიტანა, რომ აფხაზეთის დაბრუნება „ოცნების“ სურვილზეა დამყარებული?

აფხაზეთის ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში მხოლოდ ქართულ-აფხაზური, მხოლოდ ქართულ-კავკასიური და მხოლოდ ქართულ-დასავლური ერთდროული, კომპლექსური ძალისხმევით არის შესაძლებელი, რუსეთზე ზეწოლის გზით“ – მიაჩნია მერაბ ჩუხუას, რომელიც თვლის რომ ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის“ წამოწევა, უბრალოდ, ხმების მობილიზებაზე გათვლილი, პოლიტიკური ბლეფია.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მორიგ „ტრიუკს“ და „ბლეფს“ უწოდებს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ თემის, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის საკითხთან მიბმას, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილიც.

„იმაზე საუბარი, რომ რუსეთმა შეიძლება საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მე რასაც ვაკვირდები, უფრო ინტენსიურად, სოხუმში, ცხინვალში და მოსკოვშია, თუმცა, ჩვენთანაც უკვე გვეუბნებიან, ზოგჯერ ექსპერტები, ზოგჯერ პოლიტიკოსები, ოღონდ რაღაც შერბილებული ფორმით.

რამ შეიძლება საქართველოს საზოგადოების, ჩემნნაირი ადამიანების განწყობა შეცვალოს, რომელიც თვლის რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მომავლისთვის არის ეროვნული ინტერესების ამოცანა და არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ერთადერთი საკითხია, სხვა საკითხი არ არსებობს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის დახმარებით, სინამდვილეში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ბლეფია! რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ბლეფია! მაგრამ, ეს თემა თანდათანობით, უფრო გააქტიურდება“ – მიაჩნია UGSPN-ს ექსპერტ გიორგი ბილანიშვილს.

რუსეთში ამჯერად, 26 მაისისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საქართველოს „ტერიტორიულ მთლიანობის შესაძლო აღდგენასთან“ დაკავშირებით, ჯერჯერობით, პუტინის ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.

დამოუკიდებლობის დღეს, როცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“ ანუ გაერთიანებამდე, მაშინ მოსკოვში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ეს „ფანტაზია“ და „ეშმაკისეული მსჯელობაა“.

წყარო

მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან – რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ, მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება.

„სამწუხაროა, რომ ასეთი სათაურები მიზანმიმართულად გამოიყენება ერთ-ერთი არხის მიერ იმისთვის რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ მოსახლეობა, რომ ციხეში პატიმრებს სცემენ.( იხ. სურათი N 1)

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით გავავრცელეთ რეალური ინფორმაცია სამწუხარო ფაქტის შესახებ.(იხ. სურათი N 2)

პატიმარს, რომელმაც სამწუხაროდ თავი დაიზიანა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას.

მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

P.S წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში 2012 წელს ჩაბარდა წარსულს საქართველოზე მოძალადეებთან ერთად“, – წერს ბრეგაძე.

რუსეთის „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა – მედია

მედია – რუსეთის „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას ტელეგრამ არხები : Baza, Mash და Astra ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ენგელსში მდებარეობს აეროდრომი, სადაც TU-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, ყველაზე მაღალი შენობა, 38 სართულიანი შენობა დაზიანდა.

დრონებით იერიშის ფაქტი სარატოვის ოლქის გუბერნატორმა. რომან ბუსარგინმა დაადასტურა.

მისი თქმით, ნამსხვრევები საცხოვრებელ კომპლექს Volga Sky-ში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსიდან სამხედრო ნაწილამდე და ენგელსის სამხედრო აეროდრომამდე – 12 კილომეტრია.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, 9 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, თითო-თითო ბელგოროდის, ბრიანსკის და ტულას ტერიტორიებზე და ასევე თითო-თითო ორიოლისა და რიაზანის ოლქების ტერიტორიებზე ჩამოაგდეს.

გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

შედეგად დაიწვა ავტომობილი, დაზიანდა გაზგასამართი სადგურის კონსტრუქცია. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მეხანძრე- მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

შემთხვევა რამდენიმე საათია წინ მოხდა.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას – ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა, უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაამარცხოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

„მოგესალმებით ჩემო ქართველებო, მოგესალმებით რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო. შეუძლებელია კავკასიონის ამაყად მდგარ თვალუწვდენელ მწვერვალებს უცქერდე და არ გაღელვებდეს იმაზე ფიქრი, ღმერთისგან ნაბოძები ეს საჩუქარი რამდენი ჭირისა და ლხინის, საგმირო ისტორიის მომსწრე ყოფილა. მიუხედავად ბევრჯერ თავს დამტყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად, ხელუხლებლად  შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები. ქართველების ერთ-ერთი სიძლიერეც ხომ სწორედ ეს არის – მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხი, რომელიც ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაჭულ სიდინჯესა და შრომისმოყვარეობას, სვანურ სიმამაცესა და სამართლიანობას, ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობას და მიზანდასახულობას, სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უამრავ ლამაზ ტრადიციას იტევს. სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ, არ მოვუფრთხილდეთ და არ ვიზრუნოთ მათ დანატოვარზე. როდესაც 12 წლის წინ, 2012 წლის 27 აგვისტოს აქ, ამ ადგილზე პირველად შეგხვდით, იმ პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებზე ვსაუბრობდით, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა  პოლიტიკამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეუქმნა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, როგორ იფლანგებოდა ის უდიდესი პოტენციალი რომელიც აქაურობას გააჩნია. სამკურნალო წყლებით, უნიკალური ჯიშის მცენარეებით, მსოფლიოში გამორჩეული ვაზის ჯიშებით განთქმული და მდიდარი კუთხეები, უდიდესი ტურისტული პოტენციალის მატარებელი მხარეები როგორ ნადგურდებოდა, აქაურობას როგორ იყენებდა პირადი სარგებლისა და ინტერესებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ვიწრო ჯგუფი, მოსახლეობას კი ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახლ-კარის, მიწის დატოვება და სხვაგან გადასახლება ესახებოდა. მე მაშინ დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება აქაურობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა, საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებდა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსსა და მისგან მიღებულ შეღავათებს, მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, შიდა თუ მაგისტრალურ გზებს და განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდნენ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, 2012 წელთან შედარებით დღეს რამდენჯერ მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, რამდენ ადგილობრივს ააღებინა ხელი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან. როგორ მოწესრიგდა, რა მნიშვნელობისა და რაოდენობის გზა გაკეთდა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი არსებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მიტოვებულმა სოფლებმა და დაბებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, გაჩნდა შესაძლებლობა, გამორჩეული კურორტები ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დაცვით ისე გაშენდეს, რომ ადგილობრივ უნიკალურ ეკოსისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

„12 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს ბევრად დიდი ფასი აქვს მსოფლიოში აღიარებულ ხვანჭკარას, უნიკალურ მუჯურეთულსა თუ ალექსანდროულს და მათგან დამზადებულ ღვინოს. ეს დიდწილად სწორედ იმ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებისა და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომლებმაც, პირველ რიგში, ადგილობრივების კეთილდღეობის ზრდა განაპირობეს. განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის, სახელმწიფოსა და კერძო ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში,  ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც, ხელისუფლებაც და ინვესტორიც კმაყოფილია. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დაწყებულ საქმეს. შევქმნით ყველა პირობას, რომ ადგილობრივებმა მაქსიმალურად აითვისონ ამ უნიკალურ მხარეში არსებული პოტენციალი. მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და განვახორციელებთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, თქვენთან ერთად, კიდევ დაამარცხოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები. 12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამის პასუხად, ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულმოუთქმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნებ როგორმე ძალაუფლება დაიბრუნონ რაც საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს. როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას – როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე.

„წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათ აგენტურას ვა-ბანკზე წასვლა აიძულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე, რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება. ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვებს, თუმცა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას მოველით, ვალდებულები ვართ,  დეტალურად განვმარტოთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და როგორ წაადგება ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს: პირველი, პირველი და მთავარი შეიძლება იყოს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება. როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს.

„მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ – ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება. სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება. 12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით, მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა. მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს და რა  შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება.

„აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა.  თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ. მესამე, ჩვენი  – ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის ქვეყანა ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად.

„განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის, ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში, რისი ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს. და მეოთხე, როგორც პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ წერილში, ასევე მცხეთაში ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ არის კიდევ ერთი, ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ. გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ჩამოთვლილი პუნქტების სისრულეში მოყვანა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ მოცემულობაში უმთავრესი გამოწვევა ჩვენი დღევანდელობაა. ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს  შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. თქვენთან ერთად, ფხიზლად უნდა გადავაგოროთ რამდენიმე თვეც და ომის დასრულებისთანავე, ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესები საპირისპირო დამოკიდებულებით შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არანაკლებად სჭირდებათ მეგობრად ჩვენს პარტნიორებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ორმხრივი ინტერესების დროს საქართველოს ძლიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა ყველასთვის პრიორიტეტული და საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია. იმდენად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ არავის გაუჩნდეს ცდუნება, ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააყენებს.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება ჩვენს ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააყენებს. ამიტომაც ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმელებო და სვანებო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, კეთილდღეობა და ეროვნული ღირსების შენარჩუნება, 26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს 17-წლამდელმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს მიაღწია პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიშვილის ძმამ, კონსტანტინემ (92 კგ).

მან გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე როდიონ სანაკოევი 8-0 დაამარცხა. კონსტანტინე პეტრიაშვილმა ივნისში ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნიკოლოზ მაისურაძეს (80 კგ) – ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, ირანელ მეტოქესთან ბოლო ქულა დათმო.

3 მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ვახტანგ ლოლუას (60 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვთან 1-4 დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი ალადაშვილმა (71 კგ) და ვლადიმერ მინაძემ (92 კგ).

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ვიღაც შეეცდება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

კურო

ამ დღეს პირველ ადგილზე ფინანსური საკითხების მოგვარება დგას. ამ თემის განხილვა სამსახურში, კოლეგებთან ერთად მოგიწევთ. კოლეგების რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ტყუპები

პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროა ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები აირჩიეთ და მათი განხორციელება დაიწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო დაკარგოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა გამოიწვიოს.

ლომი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ოჯახში ვითარება დაიძაბოს. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ. დამშვიდდით, ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება. მთლიანობაში კარგი დღეა, გარემოებები თქვენ სასარგებლოდაა.

სასწორი

გირჩევთ დილიდან სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად განახორციელოთ. ეს დაგეხმარებათ, ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად ფულის დაგროვება დაიწყოთ და სესხის აღებას მოერიდოთ.

მორიელი

ბოლო დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი იჩინოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ – გადაღლამ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და განტვირთვის საათები მოაწყვეთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ და საკუთარი გრძნობების შესახებ გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი

ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას შეიძლება საბედისწერო შეცდომა და ხანგრძლივი ნერვიულობა მოჰყვეს. ამ დღეს საქმე აუჩქარებლად და ხარისხიანად უნდა აკეთოთ და ყურადღებიდან არცერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

თხის რქა

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეცადეთ თითოეული გადაწყვეტილება მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ. ავტორიტეტული ადამიანების რჩევები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. დროა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ.

მერწყული

რთული კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, საკუთარ თავს დასვენება მოუწყოთ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო იქნება – ღირებულ რჩევას ან ავტორიტეტულ აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ. ინტერნეტში შეიძლება საინტერესო თანამოსაუბრე აღმოაჩინოთ.

თევზები

ნუ აჩქარდებით და გადაიღლებით, რათა კარგი განწყობა და შრომის ნაყოფიერება შეინარჩუნოთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ – ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის ძალიან რთული იყოს. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.

თვითდაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება.

ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა საინფორმაციო საშუალებას, საზოგადოების დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არანაირი ხელისუფლება ღირს საიმისოდ, ქვეყნის ღალატის ფასად მიიღო უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია” – კალაძე

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აგრძელებს სვლას მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, დღეს, როცა ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს საქართველოს, როცა დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ტრადიციებთან, ამ გამოწვევებზე საქართველოს მოსახლეობის პასუხი 2024 წლის არჩევნებზე იქნება მტკიცე და მკაფიო.

„მოგესალმებით მეგობრებო. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩემი უსაყვარლესი კუთხის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს ამ ულამაზესი ადგილიდან. ამ მხარეს ახსოვს არაერთი გამარჯვების და წარმატების ისტორია, ასევე ახსოვს ხილული თუ უხილავი მტრისგან მიყენებული ბევრი ტკივილი და წინაღობა, მაგრამ აქაურ მშრომელ, დინჯ, პატრიოტ ხალხს არასდროს ჩაუქნევია ხელი, არასდროს დანებებულა, რადგან ყოველთვის აძლიერებდა უფლის რწმენა და სამშობლოს სიყვარული. ამ ძალამ შეაქმნევინა ქართველ კაცს კულტურის გამორჩეული ნიმუშები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და კულტურით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, ზუსტად ამ ადგილას იწურება უნიკალური ქართული ღვინო, აქ ეგებებიან გაზაფხულს ლამპრობის დღესასწაულით. ამ ყველაფრის დაცვა, გაფრთხილება, მისი განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც წინაპართა ხსოვნის, ასევე მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ესა რის, რაც ქართველ ერს გამოგვარჩევს სხვებისგან, ამ ყველაფრის დაცვა, გაფრთხილება, მისი განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც წინაპართა ხსოვნის, ისე მომავალი თაობის წინაშე. რადგან სწორედ ესაა ის, რაც ქართველ ერს გამოარჩევს სხვებისგან. ჩვენი უნიკალური კულტურა და ტრადიციები ის მარგალიტია, რითაც დავამშვენებთ ევროპულ ოჯახს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აგრძელებს სვლას: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. დღეს, როცა ლიბერალური ფაშიზმი ღიად უტევს საქართველოს, როცა დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ქართულ ტრადიციებთან, ოჯახის ინსტიტუტთან, მჯერა, ამ გამოწვევებზე საქართველოს მოსახლეობის პასუხი 2024 წლის არჩევნებზე იქნება მტკიცე და მკაფიო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თითოეულმა ადამიანმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს. კახა კალაძის განმარტებით, დღეს ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან კარგად ჩანს, რა ძალა უპირისპირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურას.

„მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი და არაერთ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ერთობა და მხარდაჭერა, როგორიც დღეს აარის საზოგადოებაში, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ღირებულებითი არჩევანი უნდა გავაკეთოთ – რას ვირჩევთ, ვიქცეთ საკუთარ ფესვებს მოწყვეტილ უსამშობლო საზოგადოებად, თუ ჩვენი რწმენით, ჩვენი ღირსებით, ჩვენი ტრადიციების და უნიკალური კულტურის შენარჩუნებით გავაგრძელოთ განვითარება და სვლა ევროპისკენ. მეგობრებო, ვფიქრობ, დღეს ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან კარგად ჩანს, რა ძალა უპირისპირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურას. ვნახეთ ის წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას მოჰყვა. გახსოვთ, გვეუბნებოდნენ და გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, თითქოს ის ეწინააღმდეგება განვითარებას, დემოკრატიულობას და ასე შემდეგ. ვნახეთ ასევე მუქარები საქართველოს უარზე, შეერთებოდა სანქციებს და ქვეყანაში გაეხსნა მეორე ფრონტი. ვინ დაზიანდებოდა ამით? ვინ დაზიანდებოდა იმით, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ყურძნით დამზადებული ღვინო ვერ გაიყიდებოდა თუნდაც რუსულ ბაზარზე, ვინ დაზარალდებოდა? დაზარალდებოდა გლეხი, მშრომელი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ დააზარალოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები და საკუთარი მოსახლეობა. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად მიიღო უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია. „ქართული ოცნება“ იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო დარაზმულმა საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა და ანდო ამ ქვეყნის ბედი, იყო და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების ერთული და დამცველი.

ჩემო ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო, ვინ თუ არა თქვენ იცით, რა ძალა აქვს ერთობას, რამდენად გაუტეხელი და დაუმარცხებელია ქართველი კაცი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესების დაცვას. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის. მჯერა, ამ საოცარ მიწაზე, სადაც ხვამლის მთაა აღმართული, სადაც უამრავი ლეგენდა და მითი ცოცხლდება, სიკეთე ყოველთვის გამარჯვებს ბოროტებაზე. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, გაიმარჯვებს მშვიდობა, წინსვლა და განვითარება. გაუმარჯოს საქართველოს, ქართველ ხალხს, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.