Home Blog Page 82

კობა კობალაძე დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის „Veteranskytterne”-ს დამფუძნებელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ,,ვეტერანთა საერთაშორისო კოალიციის” ვიცე- პრეზიდენტსა და დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის ”Veteranskytterne”-ს დამფუძნებელს, იაკობ პანტონს შეხვდა.

კობა კობალაძემ, მასპინძელს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისი ბენეფიციარების მხრადასაჭერად ახორციელებს. ამავდროულად, აღნიშნა, რომ მიუხედავად სამსახურის, სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუციების თანადგომისა, საქართველოს ვეტერანთა წინაშე, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია რომ, იაკობ პანტონი დანიის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ვეტერანია, რომელმაც 2014 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დანიის დაჭრილი მებრძოლები”. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი, ვეტერანთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესების გაუმჯობესებაა; ამ მიზნით, იგი, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ფსიქო-სოციალურ პროექტებსა და აქტივობებს, როგორც დანიაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ერთ-ერთი მათგანია ,,დანიის მებრძოლ ვეტერანთა კვირეული”, სადაც მომავალ წელს, ვეტერანთა საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნების ვეტერანებთან ერთად, მიწვეული იქნებიან საქართველოს ვეტერანებიც.

იაკობ პანტონმა, ქართველ სტუმრებს, დანიის ვეტერანთა წინაშე ფსიქო-სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა და საკუთარი ხედვები გაუზიარა; საუბარი, ასევე, შეეხო საკანონმდებლო კუთხით არსებულ პრაქტიკასა და განხორციელებულ ინიციატივებს, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დანიის ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

კობა კობალაძემ, შეხვედრაზე, ”დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში, კომპანია სილქნეტმა, 2018 წელს დააფუძნა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ომის ვეტერანებს უწევს თანადგომას. დაარსებიდან დღემდე, ფონდმა, ასობით დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა მხარდაჭერა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.

მასპინძელმა მხარემ, გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და განახორციელოს სხვადასხვა ერთობლივი პროექტები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

ვინც არ უნდა მივიდეს თეთრ სახლში – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, მკაცრი ამერიკული სანქციები მაინც ძალაში დარჩება – „უოლ სთრით ჯორნელი”

„სანქციები, რომელიც აშშ-მა რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დააწესა, ძალაში დარჩებიან – იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. დასავლეთის მიზნები არ შეიცვლება: რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკა უნდა დასუსტდეს, სანქციები კი მათი ეკონომიკის ძირის გამომთხრელ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „ვინც არ უნდა მივიდეს თეთრ სახლში – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, მკაცრი ამერიკული სანქციები მაინც ძალაში დარჩება“ (ავტორი – რიჩარდ ვანდერფორდი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა სანქციებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს, და უპრეცედენტო ზომები მიიღო უამრავი კომპანიისა და კერძო პირების მიმართ. ამ ინსტრუმენტით აქტიური სარგებლობა, რომელიც საზღვარგარეთ აშშ-ის ინტერესების გატარების იოლ საშუალებას წარმოადგენს, დიდი ალბათობით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მუდმივ მიმართულებად დარჩება, ვინც არ უნდა შევიდეს თეთრ სახლში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად – რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თუ დემოკრატი კამალა ჰარისი.

ამერიკა უკვე დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობს თავისი ფინანსური უპირატესობით და დოლარის როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსით მთელ მსოფლიოზე ზემოქმედების გასახორციელებლად, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა აშშ-ის მხრიდან მსოფლიოს ქვეყნებისადმი ეკონომიკური ზეწოლის საკითხში „ტექტონიკური ძვრა“ გამოიწვია: ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გაერთიანდნენ ამბიციური გეგმის რეალიზებისათვის – გაანადგურონ რუსეთის ეკონომიკა და რუსული სამხედრო მანქანა.

სანქციების შემოღება აშშ-სათვის ბევრად იოლი არჩევანია – ემბარგოს პირდაპირი ხარჯები არ მოსდევს, ვიდრე საგარეო პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, მაგალითად, სამხედრო დახმარების გაწევას. ვაშინგტონი ეფექტურ უფლებამოსილებას აძლევს ბანკებს და კერძო სექტორის სხვა მონაწილე სუბიექტებს თეთრის სახლის პოლიტიკის გატარებაში. ეს ზომები ორივე პარტიაში მხარადაჭერით სარგებლობს და, ალბათ, ასე გაგრძელდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეფექტურობაზე დღემდე დავა მიდის, აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ შეწყვეტს სანქციების გამოყენების ტრადიციას.

ამერიკული ანალიტიკური დაწესებულების – „უსაფრთხოების ცენტრის“ მონაცემებით, 2023 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების სიაში 1621 ორგანიზაცია და 879 ფიზიკური პირი შეიყვანა, ანუ 2500 ობიექტი მთლიანობაში, 2022 წლის 2275 ობიექტთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ისტორიულ მაჩვენებლებს – 2017 წლიდან 2021 წლამდე ამერიკა სანქციების სიაში საშუალოდ მხოლოდ 815 ობიექტს ამატებდა.

სანქციების გამოყენების გაფართოება – ეს მხოლოდ ჯო ბაიდენის ფერნომენს არ წარმოადგენს, მაგრამ აშკარაა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მათმა სარგებლობის სიხშირემ პიკს მიაღწია. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, დონალდ ტრამპის მმართველობის ჩათვლით, სანქციებით სარგებლობის ამპლიტუდა საკმაოდ მდგრადი თანმიმდევრობით გამოირჩეოდა.

კამალა ჰარისის წინასაარჩევნო შტაბმა უარი განაცხადა, რომ „უოლ სთრით ჯორნელის“ რეპორტიორისათვის საგარეო პოლიტიკისა და კერძოდ, სანქციების შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციები ეცნობებინა. თუმცა იმ ფაქტის მიხედვით, რომ შტაბში ამას წინათ აშშ-ის ფედერალური ხაზინის ყოფილი თანამშრომელი ბრაიან ნელსონიც ჩართეს (იგი ბოლო დრომდე სანქციების საკითხებს კურირებდა), ექსპერტები ამბობენ, რომ კამალა ჰარისის მიდგომა მინიმუმ სარკისებრი (ანუ არეკლილი სახით) იქნება, მაქსიმუმ კი კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი, ვიდრე ჯო ბაიდენს ჰქონდა.

სხვათა შორის, არც დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს არ გამოუხატავს სანქციების პერსპექტივაზე საუბრის სურვილი. ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულების გაგება ამ საკითხზე, მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის მიუხედავად, დღეს საკმაოდ ძნელია: „ტრამპის პოზიციის გამოცნობა რთულია“, – ამბობს ულიამ რეინში, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) მუშაობს, ვაშინგტონში, – „მე ასე ვიტყოდი: მისი მიდგომები მუდმივი და უცვლელი არ არის. იგი ერთი მიდგომიდან მეორეზე გადასვლას არის დაჩვეული“.

პასუხობდა რა კითხვას – შეუძლია თუ არა მას განიხილოს ანტირუსული სანქციების შერბილების საკითხი როგორც გზად სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის – დონალდ ტრამპმა ამას წინათ Bloomberg Businessweek-თვის მიცეულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას არ „უყვარს“ ეს ინსტრუმენტი, თუმცა სანქციების მოქმედებას სასარგებლოდ მიიჩნევს ირანის წინააღმდეგ.  

„სანქციებით სარგებლობისადმი მხარდაჭერა ორივე პარტიაში ძლიერია“, – თვლის ჯეფრი ზონენფელდი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2022 წელს კონგრესში მოხსენებით გამოვიდა რუსეთში კაპიტალის დაბანდების წინააღმდეგ, – „უმეტეს შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც მხარს უჭერდა სანქციებს იგივენაირად, როგორც ახლა მას ჯო ბაიდენი აკეთებს“.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი მუდმივად წინა პლანზე აყენებს თავის ვითომდა განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვლადიმერ პუტინთან. მისი ხედვები კრემლის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან არამარტო დემოკრატიული პარტიის უმეტესი ლიდერების ხედვებისაგან, არამედ მას ამ მხრივ ოპონენტები ჰყავს საკუთარ პარტიაშიც. შესაბამისად, შეიძლება დონალდ ტრამპი უფრო მეტად იყოს დაინტერესებული სანქციების შესუსტებით, ვიდრე კამალა ჰარისი – თუ საკითხი უკრაინის ომის დასრულებას შეეხება. ასეთი აზრი გამოთქვა ემილი კილკრიზმა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის აპარატის ყოფილმა უფროსმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად გეოეკონომიკური კვლევებით არის დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა დაიწყო თავისი პრეზიდენტობის დროს სანქციებით და ანალოგიური ინსტრუმენტებით სარგებლობა ჩინეთის მიმართ. მომდევნო პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სპეკულაციებზეც უკან არ დაიხევს, რომ როგორმე ჩინეთის ამბიციები დააცხროს ტაივანთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მეტად ეხება უშუალოდ დონალდ ტრამპს, რომელიც ჩინეთის მიმართ რბილი პოლიტიკით არ გამოირჩევა. ასევე კამალა ჰარისსაც, რომელიც წარმოშობით ინდოელია (დედის მხრივ) და ინდოეთის მიმართ უფრო მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე ჩინეთთან (პეკინი და ნიუ-დელი ერთმანეთის კონკურენტები არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გარდა ამის, მათ სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემებიც აქვთ ერთმანეთთან).

„და მაინც, აშშ არ წავა ისეთი რადიკალური ზომების მიღებაზე, როგორებიცაა, ვთქვათ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის (ან სხვა ბანკების) წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება, თუ რაიმე აქტიური სამხედრო კონფლიქტი არ დაიწყება“, –  ასკვნის ემილი კილკრიზი The Wall Street Journal-ის რეპორტიორთან საუბარში.

წყარო

კურსკის ბრძოლა – აქტუალური თემის ანალიზი – რას წერს თურქული პრესა

თურქული ტელერადიოკომპანია TRT (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე, რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, აქვეყნებს სტატიას სათაურით „კურსკის ბრძოლა“, რომელშიც გადმოცემულია თურქული ხედვა უკრაინის ჯარების კურსკის ოლქის შეჭრის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელშიც გამოყენებულია პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის თვალსაზრისი:

რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის მოულოდნელი შეჭრა გრძელდება და როგორც ჩანს, რუსეთის არმიას უჭირს რეაგირება. შეჭრა, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო, 1200 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა და 250 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მყიფეა რუსული არმია, რუსები კი ცდილობენ დონეცკის რეგიონში წინსვლას.

(…)

რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც ჩანს, ახალ ეტაპზე გადავიდა უკრაინის არმიის კონტრ-შეტევით კურსკის რეგიონში. ექვს აგვისტოს დაწყებული მოულოდნელი შეტევით უკრაინის არმიამ ომის დაწყების შემდეგ პირველად დაიწყო რუსეთის ტერიტორიის დაკავება. უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ალექსანდრე სირსკის თქმით, მისმა ძალებმა დაიკავეს ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი. საველე წყაროების ცნობით, აღებული ტერიტორია 1200 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. არსებობს ვიზუალური დადასტურება, რომ უკრაინის არმიამ უკვე 84 დასახლება აიღო. ასევე საველე ინფორმაციით, 250 ათას რუსეთის მოქალაქეს მოუწია რეგიონიდან გაქცევა. რუსულმა მწვანე ავტობუსებმა მოსახლეობა სხვა ადგილებში გადაიყვანეს. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში, თავდასხმების გამო, რომლებშიც რუსებიც იყვნენ ჩართული, ალეპოში ხოცვა-ჟლეტა ხდებოდა, ამ მწვანე ავტობუსებით ალეპოელები რეგიონიდან გაჰყავდათ. მსგავსი რამ ახლა რუსებს ემართებათ. ვფიქრობ, ეს ისტორიის ირონიად უნდა ჩაითვალოს.

კურსკის ოპერაციის სტრატეგიული მნიშვნელობა

კურსკის ოლქი არის რუსეთის მნიშვნელოვანი რეგიონი უკრაინის საზღვართან. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონეცკის რეგიონის მიმართ რუსული სამხედრო ოკუპაციის თვალსაზრისით, აქ გადის ლოგისტიკური სარკინიგზო ხაზები, ამ რეგიონში არის ბუნებრივი აირის სატუმბი სადგური და დიდი ატომური ელექტროსადგური. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა უკრაინის არმიას სერიოზულად სჭირდებოდა ასეთი წარმატების ისტორია, რადგანაც მომდევნო თვეებში რუსებმა დაიწყეს უპირატესობის მოპოვება ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით ჯარისკაცების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ასევე მსოფლიოს დღის წესრიგი ახლო აღმოსავლეთზე იყო ორიენტირებული ღაზაში ისრაელის მხრიდან ხოცვა-ჟლეტისა და ირან-ისრაელის შესაძლო კონფლიქტის კონტექსტში, რითაც უკრაინა საკმაოდ შეშფოთებული იყო. გარდა ამისა, აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და ტრამპ-ვენსის წყვილის პოზიცია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აღარ შეუძლიათ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა და მორალურ მოტივაციას ამცირებდა. ამიტომ, რუსეთის სიმყიფის და სისუსტეების გამოსავლენად ფრონტის უკან ასეთი მოულოდნელი შეტევის განხორციელება და მოკლე დროში დიდ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება უკრაინის არმიის სარისკო, მაგრამ დიდი და წარმატებული ნაბიჯი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის შემდეგ კვირეები გავიდა, რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინელების განდევნა, პირიქით, როგორც ჩანს, უკრაინის არმია წინ მიიწევს რეგიონში და იწყებს მიღწევების გაზრდას. ისევ ის ფაქტი, რომ ბევრი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, აჩვენებს, რომ რუსეთის არმიას ისევ აქვს სერიოზული პრობლემები და რომ მისი სარდლობის, დაგეგმვისა და ლოგისტიკის შესაძლებლობები ჯერ კიდევ სუსტია. კურსკის ნაბიჯის პირველ საათებში ასზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. ამ ვითარებამ ასევე აჩვენა, რომ რუსეთს არ გააჩნდა საკმარისი სამხედრო ძალა ფრონტის უკან.

ამიტომ, კურსკის ოპერაციით, უკრაინის არმიამ ფსიქოლოგიური უპირატესობა დაიბრუნა. ახლა პუტინმა უნდა უპასუხოს სწრაფად და მიიღოს მკაცრი გადაწყვეტილებები ჯარში სტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად. მეტიც, თუ კურსკში ოკუპაცია თუ გაღრმავდება, პუტინს მოუწევს ომის და სრული მობილიზაციის გადაწყვეტილების მიღება და თამაშის წესების შეცვლა. როგორც ჩანს, რუსული არმია ამჟამად ყურადღებას ამახვილებს დონეცკის რეგიონში წინსვლაზე და ნაწილობრივ წარმატებებს აღწევს. თუ დონეცკი მთლიანად დაეცემა, რუსებს შეეძლებათ ხელახლა გაძლიერდნენ კურსკის ოპერაციის წინააღმდეგ სვლით. საბოლოო ჯამში, კურსკის ნაბიჯი ორივე მხარისთვის სარისკო და მოულოდნელი შეტევა იყო.

წყარო

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე, სალომე ზურაბიშვილის მილოცვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას უსურვებს ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას. „მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლეს ჯილდოებზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ რამდენიმე სპორტსმენი წარადგინეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის განკარგულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების, მედალოსნების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებისთვის დაპირებული პრემიების მიღების შესახებ დღეს დამტკიცდება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე ოლიმპიური გუნდის წევრები: ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძეც არიან წარდგენილები.

„ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მივაღწიეთ. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა. 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა წარმატება მივულოცო. ასევე, 204 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი. ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, საექიმო პერსონალსა და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა.

დღეს დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები, ასევ გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. ასევე, ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები წარვადგინეთ უმაღლეს ჯილდოებზე. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. დამატებით ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ოლიმპიური გუნდის წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე. ესენი არიან: ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ესენი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომელთაც აქვთ გამორჩეული მიღწევები, ისინი ორივე არიან სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელები. ასევე, ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის წარდგენილნი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ასევე, გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები და ისინიც წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელები: ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ლომერ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი და გია ობოლაძე. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში. რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა 17 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი. მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე, ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რასაც ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ მთლიანად გუნდს რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე – პრემიერი

ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა – 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ეს არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.

„ჩვენ არ შევკრებილვართ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე.

ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა – 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ. ასევე, დაფიქსირდა 24-ე ადგილი, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.

204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ თავად ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს – პრემიერი

კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული. მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული.

„ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს, იმისათვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მე მინდა ვთხოვო თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები – რას წერს „ნოვიე იზვესტია”

რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტიაში“ (Новые Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უნებლიე რელოკანტები: როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები“ (ავტორი – ანდრეი ბერეცი), რომელშიც განხილულია საკითხი საქართველოში რუსი მიგრანტების ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 ერთი შეხედვით, მართლაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსებს საქართველოში მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ელოდებიან. სახლების კედლებზე, ნაგვის ყუთებზე და მესერებზე, განსაკუთრებით თბილისი ცენტრალურ რაიონში – სოლოლაკში, საკმაოდ ბევრია უცენზურო ანტირუსული წარწერები ინგლისურ ენაზე.

თვალშისაცემია აგრეთვე მრავალრიცხოვანი უკრაინული დროშები და კიევის მხარდამჭერი ლოზუნგები, თუმცა, არცთუ იშვიათად, როცა გაიგებენ, რომ ტქვენ რუსეთიდან ხართ, ადგილობრივი მცხოვრებლები მოგიყვებიან, თუ რუსეთის რომელ ქალაქში არიან ნამყოფნი, იქ რამდენ ხანს ცხოვრობდნენ და როგორი კარგი მეგობრები და ნაცნობები ჰყავთ.

ენობრივი ბარიერი ქართველებთან იშვიათად თუ წარმოიქმენა ხოლმე – რუსულ ენას ფლობენ არამარტო ისინი, ვინც სსრკ-ის პერიოდშია დაბადებული, არამედ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც. რაც შეეხება Y და Z თაობებს, ისინი მთლიანად ინგლისურზე არიან გადასულნი – ისევე როგორც მათი რუსი თანატოლები.

რუსეთიდან საქართველოში და უკან

2022 წლის მარტში და განსაკუთრებით სექტემბერში, „რელოკანტებისათვის“ მთავარი პრობლემა გახდა იაფფასიანი საცხოვრებლის მოძიება. იმ დროს ბევრი 5-6 კაციანი ჯგუფების სახით ცხოვრობდნენ ოროთახიან ბინებში, ხოლო ქალაქის გარეუბანში მდებარე ცალკე სახლში 20-30 რუსს შეეძლო ერთდროულად ცხოვრება.

„როცა რუსეთს სასწრაფოდ ვტოვებდით, ჩვენ მეგობარს დავუკავშირდით, რომელიც თბილისში უკვე ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა“, – ჰყვება 32 წლის რუსი, სახელად სავლე, ობნინსკიდან, – ჩამოვედით, თანამოაზრე სხვა რუსებიც შემოგვემატნენ და სარემონტო კომპანია გავხსენით“.

სავლე საქართველოში ცოლთან – მარიანასთან ერთად არის. მას საქართველოში უკვე შვილიც დაებადა. სავლემ და მარიანამ უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლეს ქართული ენა და რუსეთში დაბრუნება არ სურთ. თუმცა არიან სხვა რუსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთში უკეთესად ცხოვრობდნენ, საქართველოში ყოფნით კი, უბრალოდ, დროს კარგავენ – ცხოვრება ძვირია და სამუშაოც ნაკლებია.

სხვათა შორის, იმ იღბლიანებსაც კი, რომლებმაც მოახერხეს და საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღეს, ყოველთვის არ სურთ თავიანთი ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება კავკასიურ სახელმწიფოსთან. საქართველო იოლად არ აძლევს უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ლეგალიზების უფლებას. ბინადრობის მოწმობის მიღების ორი ყველაზე პოპულარული წესი ასეთია: პირველი – უნდა ფლობდე უძრავ ქონებას  100 ათასი დოლარის ფასის მქონეს და მეორე – ბიზნესით უნდა იყო დაკავებული, 18 ათასდოლარიანი წლიური ბრუნვით. ბევრმა მეორე ვარიანტით ისარგებლა, თუმცა მათ ნაწილს უკან დაბრუნება სურს.

2022 წლიდან რუსული რუბლი ქართულ ლართან შედარებით ერთნახევარჯერ გაიაფდა. მზარდ ინფლაციის გათვალისწინებით, რუსებისათვის საქართველოში ცხოვრება გაძვირდა. ამიტომ ისინი, ვინც თბილისიდან დისტანციურად მუშაობდა რუსულ კომპანიებში, ბევრი უკან დაბრუნდა.

რუსული ბიზნესის თავისებურებები საქართველოში

რუსეთიდან ჩასულები საქართველოში არა იმდენად სხვის სამუშაო ადგილებს იკავებენ, არამედ უფრო მეტად თვითონ ქმნიან სამუშაო ადგილებს. საქართველოში ძალიან იოლია კომპანიის შექმნა – მიხვალ იუსტიციის სახლში, წარადგენ ორიოდე დოკუმენტს და შეგიძლია კომპანიაც აამუშაო. ამ მხრივ ქართული „იუსტიციის სახლები“, სიჩქარით და მომსახურების დონით, ბევრად სჯობნიან რუსეთის „მრავალფუნქციურ ცენტრებს“.

ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ქართული საგადასახადო სისტემაც. 200 ათასევროიანი ბრუნვის მქონე საწარმო წელიწადში მხოლოდ 1%-იან გადასახადს იხდის.

მაგრამ არის მინუსებიც: საქართველოში გავრცელებულია ძარცვები, განსაკუთრებით მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების სალაროების გატეხვა ღამ-ღამობით. 14 წლის მოზარდებს ჩადენილი ამგვარი დანაშაულისათვის არანაირი სისხლის სამართლის პასუხიმეგებლობა არ ეკისრებათ – ჰოდა, ძარცვისათვის უფროსები მოზარდების სტატუსით სარგებლობენ.

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დონებ სოლიდური წლიური ზრდა აჩვენა – 10% და ეს მოხდა რუსების მიგრაციის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გადმორიცხვების რაოდენობაც, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, როცა რუსების საკმაო რაოდენობა უკვე რუსეთში დაბრუნდა, ფულის გადმორიცხვები 66%-ით დაეცა. ამასთან საქართველოს ეკონომიკა მტკიცე ზრდის ტემპებს დემონსტრირებს – წლიურად 9%-ს, რაშიც, სავარაუდოდ, რუსების როლიც არის.

საქართველო – ტრამპლინი დასავლეთისკენ

რუსები, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილნი, შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: პირველებს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის ბედის გაზიარება სურთ, მეორენი კი საქართველოს ტრამპლინად თვლიან ევროპაში და ამერიკაში წასასვლელად

რაც დროს გადის, მით უფრო ბევრი რუსი დადის რუსეთში და რამდენიმე დღის (კვირის)  შემდეგ ისევ საქართველოში ბრუნდებიან. ზოგიერთები რუსეთში იმ მიზნით მიემგზავრებიან, რომ იქ რაღაც შეღავათები გაიფორმონ და რუსული სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფული მიიღონ, მაგალითად, „დედის კაპიტალის“ მეშვეობით, ან უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე.

საქართველოში დარჩენა სურთ ძირითადად ბიზნესის მქონეებს, შემოქმედებითი და ხელოსნური პროფესიის ადამიანებს. ევროპაში და ამერიკაში წასვლა სურთ „აიტი“-შნიკებს, ფინანსისტებს, მართვის პროფესიონალებს. ისინი თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნებში უფრო მოახდენენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.

ბევრ რუსს ადგილობრივ მოსახლეობასთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ, რასაკვირველია, ისინი უფრო თანამემამულეებთან უფრო მეტ საერთო ენას პოულობენ. ზაფხულის პოპულარული გართობები – „მწვადის პიკნიკები“, ლაშქრობები და ველოტურები, ზამთრობით – თხილამურები და სნოუბორდი. არსებობენ გასართობი კლუბები სხვადასხვა თამაშებით.

საქართველოში რუსები და ბელორუსები, შეიძლება ითქვას, ერთ ბედქვეშ არიან, თუმცა ბელორუსები იქ უფრო ადრე ჩავიდნენ, 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ზოგიერთებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიჭერენ და თავს ციხეში უკრავენ. ბელარუსები რუსებბს ნახევრად ხუმრობით საყვედურობენ: „თქვენთან მობილიზაცია იყო და დასრულდა, ჩვენთან კი საქმეებია შედგენილი ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, ამიტომაც უკან გზა არ გვაქვს“.

საქართველოში ბინები რელოკანტების გამო გაძვირდა?!

2022 წელს საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 100 ათასამდე რუსი ჩავიდა. მათი რაოდენობის ცვლილების დინამიკას ბინების დაქირავების ბაზარი დემონსტრირებს. 2022 წელს ფასები ორჯერ ძალიან გაიზარდა – თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში: იმ დროს ოროთახიანი ნორმალურად გარემონტებული ბინის დაქირავება  თვეში მხოლოდ 1300-1500 დოლარად შეიძლებოდა. მაგრამ უკვე 2023 წლს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 30 ათასით ნაკლები რუსი შევიდა, ვიდრე გავიდა. იგივე ოროთახიანი ბინის დაქირავება უკვე 750-800 დოლარად შეიძლებოდა. გაძვირების ტენდენცია შეიმჩნეოდა საცხოვრებელი ბინის ყიდვის სფეროშიც.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რუსების ცხოვრება მოსათმენია და ხშირად სასურველიც – რბილი კლიმატი, სასმელ-საჭმელი, თანაც რუსეთი ხომ აქვეა, კავკასიის მთების გადაღმა…

წყარო

სახელმწიფო მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და რეანიმატოლოგებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა.

ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს.

„შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, DRG-თან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.

ცვლილებებზე, სამინისტრომ, დარგის ექსპერტებთან და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა. ამასთან, აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეების მიზანი DRG დაფინანსების მოდელის სრულყოფაა, უშუალოდ ეს ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე. ასევე – კლინიკების ეფექტურად საქმიანობაზე.

ახალი ინიციატივების შესახებ პრეზენტაცია, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა სულაბერიძემ წარადგინა. შემდეგ კი შეხვედრა, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრაზე, DRG-ს ქვეყანაში იმპლემენტაცია წარმატებულ რეფორმად შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამით, მოქალაქეების ფინანსური დაცულობა და ჯანდაცვისა თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანია DRG სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება.

როგორც აღინიშნა, სიახლის ამოქმედებისთანავე, განხორციელდება აქტიური მონიტორინგი, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარისა და აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრები ნინო ნიჟარაძე და ლევან ჩაკვეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ასევე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკნაველიძე და სხვა მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ივანიშვილის მორიგი ბლეფი თუ „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?“, რომელშიც განხილულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და პარტიის მიერ გაცხადებული ზოგიერთი პროგრამული განზრახვის, მათ შორის „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენისა „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის’ ურთიერთკავშირი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მორიგი წინაასაარჩევნო კამპანია მცხეთაში ომით დაიწყეს, რომ ოლიგარქმა პარტიულ აქტივს მიმართა და 10 წუთიან გამოსვლაში, პრაქტიკულად, ამომრჩეველს არაფერს დაპირდა. ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წელს, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ „გასამართლება-აკრძალვას“ და სექსუალური უმცირესობისთვის უფლებების მკვეთრ შეზღუდვას აპირებს.

მცხეთაში გაისმა კიდევ ერთი, ძალიან ზედაპირული დაპირება, ივანიშვილმა „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ ხელისუფლებაში დარჩენის აუცილებლობა, ტექნიკურად – „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს“ მიაბა.

„მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება, ნებისმიერ დროს შეიძლება დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი“ – ბრძანა ოლიგარქმა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის „ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება“.

ივანიშვილს ბუნებრივია არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში მოახერხებს „ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დასავლეთისგან საბოლოო დისტანცირებით და რუსეთთან დაახლოებით? უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში? არსებობს თუ არა გასაიდუმლებული დიალოგი პუტინთან, საიდუმლო პროექტი და თუ არსებობს რა პირობებით? – ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.

„ოცნება“ ეს თაღლითი მოთამაშე, პოლიტიკურ ასპარეზზე ნერგავს ცრუ პროექტებს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ კავკასიოლოგმა მერაბ ჩუხუამ. თსუ-ს პროფესორმა გვითხრა, რომ ეს პირდაპირ აგონებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას „გარეჯი საქართველოა“, რომელიც „ოცნებამ“ ასეთივე ცრუ პროექტით მოიგო.

“პრაქტიკულად, ეს არის „გარეჯი-2“. მაშინ გახსოვთ, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული, რუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ ვითომ მოსკოვის არქივებში ნაპოვნი „რუკით“, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა რომ გარეჯის ნაწილი საქართველოა, წარმოუდგენელი საინფორმაცო შტურმი განხორციელდა ამომრჩეველზე. მაგრამ, როგორც კი „ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება გაინაღდა, გარეჯის პრობლემა არც კი გახსენებიათ, არც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე წამოუწევიათ”, – ამბობს მერაბ ჩუხუა.

„ახლა უფრო მსხვილ თაღლითურ პროექტს გვთავაზობენ, აფხაზეთი ვითომ ნაყიდი აქვს „ოცნებას“, რუსეთთან შეთანხმება გაფორმებულია და ეს არის აფხაზეთი დაბრუნდება. ეს ვინ მოიტანა, რომ აფხაზეთის დაბრუნება „ოცნების“ სურვილზეა დამყარებული?

აფხაზეთის ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში მხოლოდ ქართულ-აფხაზური, მხოლოდ ქართულ-კავკასიური და მხოლოდ ქართულ-დასავლური ერთდროული, კომპლექსური ძალისხმევით არის შესაძლებელი, რუსეთზე ზეწოლის გზით“ – მიაჩნია მერაბ ჩუხუას, რომელიც თვლის რომ ივანიშვილის მიერ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის“ წამოწევა, უბრალოდ, ხმების მობილიზებაზე გათვლილი, პოლიტიკური ბლეფია.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მორიგ „ტრიუკს“ და „ბლეფს“ უწოდებს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ თემის, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის საკითხთან მიბმას, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილიც.

„იმაზე საუბარი, რომ რუსეთმა შეიძლება საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მე რასაც ვაკვირდები, უფრო ინტენსიურად, სოხუმში, ცხინვალში და მოსკოვშია, თუმცა, ჩვენთანაც უკვე გვეუბნებიან, ზოგჯერ ექსპერტები, ზოგჯერ პოლიტიკოსები, ოღონდ რაღაც შერბილებული ფორმით.

რამ შეიძლება საქართველოს საზოგადოების, ჩემნნაირი ადამიანების განწყობა შეცვალოს, რომელიც თვლის რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მომავლისთვის არის ეროვნული ინტერესების ამოცანა და არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ერთადერთი საკითხია, სხვა საკითხი არ არსებობს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის დახმარებით, სინამდვილეში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ბლეფია! რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ბლეფია! მაგრამ, ეს თემა თანდათანობით, უფრო გააქტიურდება“ – მიაჩნია UGSPN-ს ექსპერტ გიორგი ბილანიშვილს.

რუსეთში ამჯერად, 26 მაისისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საქართველოს „ტერიტორიულ მთლიანობის შესაძლო აღდგენასთან“ დაკავშირებით, ჯერჯერობით, პუტინის ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.

დამოუკიდებლობის დღეს, როცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“ ანუ გაერთიანებამდე, მაშინ მოსკოვში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ეს „ფანტაზია“ და „ეშმაკისეული მსჯელობაა“.

წყარო

მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან – რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ, მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება.

„სამწუხაროა, რომ ასეთი სათაურები მიზანმიმართულად გამოიყენება ერთ-ერთი არხის მიერ იმისთვის რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ მოსახლეობა, რომ ციხეში პატიმრებს სცემენ.( იხ. სურათი N 1)

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით გავავრცელეთ რეალური ინფორმაცია სამწუხარო ფაქტის შესახებ.(იხ. სურათი N 2)

პატიმარს, რომელმაც სამწუხაროდ თავი დაიზიანა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას.

მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

P.S წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში 2012 წელს ჩაბარდა წარსულს საქართველოზე მოძალადეებთან ერთად“, – წერს ბრეგაძე.