Home Blog Page 78

რუსებმა კრივი-რიჰში სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულსა და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცუდი ამბავია, მეტი დეტალი განგაშის შემდეგ გახდება ცნობილი. ყველა უკვე ადგილზეა. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები ადამიანების გადარჩენას ცდილობენ“, – წერს ვილკული „ტელეგრამ“ არხზე.

მოგვიანებით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლოა აღინიშნოს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთის როგორც დაბლობ, ისე მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აღმოსავლეთშიც, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 47 ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინაზე 26 აგვისტოს მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულია 47 ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს მუშაობა მტრის მიერ დილით განხორციელებული მასირებული დარტყმების ყველა ლოკაციაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი, მათ შორის ვოლინისზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები.

თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული დარტყმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან განიხილა. ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისთვის პასუხს ამზადებს.

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველი ნახევარში საკუთარი თავისთვის და სხვებისთვისაც ბევრი სასარგებლო რამის გაკეთებას შეძლებთ. თუ ვინმემ დახმარება გთხოვათ, უარს ნუ ეტყვით.
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც ოდესღაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიათ. საღამოს მოსალოდნელია საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ საკითხს ფრთხილად და სერიოზულად უნდა მიუდგეთ. აჩქარება კარგს არაფერს მოგიტანთ. ვიღაცისთვის თქვენი საქციელი გაუგებარი და მიუღებელია, ამიტომ შეიძლება დაპირისპირება წარმოიქმნას. ეცადეთ, სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ და ნებისმიერი დისკუსია კონსტრუქციულად წარმართოთ.
გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.

ტყუპები

რთული დღეა, ამიტომ ყველაზე მარტივ საქმეებსაც კი დაბრკოლებები ახლავს. მოკავშირეებმა შეიძლება იმედები გაგიცრუონ, რაც დაწყებული საქმის დასრულებას ხელს შეუშლის.
მოთმინება გამოიჩინეთ – საეჭვოა, რომ სასურველ შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ. მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი გელით. ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანის შეძენისთვის დაგჭირდეთ.
დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან მცირე კამათი გელით, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა.

კირჩხიბი

საეჭვოა, რომ ამ დღემ დიდი გამარჯვებები მოგიტანოთ, მაგრამ სიხარულის მიზეზს ნამდვილად მოგცემთ. ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ახლა როგორც თქვენს ძლიერ მხარეებს, ასევე მთლიან სიტუაციას სწორად აფასებთ, ასე რომ, გეგმების განხორციელებას ნამდვილად შეძლებთ.
ზოგი კირჩხიბი ამ დღეს საიმედო მოკავშირეებს იპოვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამ დღეს დიდი და მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაგეგმოთ, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისა და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თქვენი ინტუიცია ისე ზუსტად მუშაობს, როგორც არასდროს, ამიტომ მისი მინიშნებები უნდა გაითვალისწინოთ.
პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. ახლობლებს რაღაც აეჭვებთ, მაგრამ ყველაფერი მალე გაირკვევა. შეეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რათა გაცხარებულ გულზე უდანაშაულო ადამიანს არ აწყენინოთ.

ქალწული

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ რთულ საქმეებს გაუმკლავდეთ და მოაგვაროთ საკითხი, რომელსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. თქვენ საკუთარი გეგმით მოქმედებთ და სხვების აზრი არ გაინტერესებთ. ცდილობთ მიაღწიოთ მიზანს, თუნდაც ის ვინმეს არ მოსწონდეს.
დაუგეგმავი შემოსავალი და მოულოდნელი საჩუქრები გელით. საღამო ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად.

სასწორი

წარმატებული დღეა. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და საქმე დიდი ძალისხმევის გარეშე, თავისთავად გამოდის. საშუალება გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბროთ. შესაძლებელია, სწორედ ამ საუბრების წყალობით გაიგოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, ხანგრძლივი კონფლიქტები დაასრულოთ და დაძაბული ურთიერთობა გააუმჯობესოთ.

მორიელი

მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათი გადაჭრის გზას და შესაძლებლობას აუცილებლად იპოვით. ბევრი საკითხის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, ძველი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. შესაძლებლობა გაქვთ, პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მშვილდოსანი

მისთვის, ვინც შეძლებს საკუთარ სისუსტეებს გაუმკლავდეს და ცდუნებებს გაუძლოს, წარმატებული დღე იქნება. თუმცა, ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, მით უმეტეს, რომ ემოციური ფონი არასტაბილურია. ამ დღის საზრუნავს მხოლოდ მუშაობა დაგავიწყებთ.
შესაძლოა, სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეა გეწვიოთ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი თქვენგან ურთიერთობებში სიფრთხილეს მოითხოვს. უამრავ ადამიანს იზიდავთ, მაგრამ ყველას არ უნდა ენდოთ. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან ცდილობს თქვენზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას.
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მოქმედებისთვის. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. თქვენთვის სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეების კეთება მოგიწევთ და ბევრ რამეში წარმატებას მიაღწევთ.
შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ახლობელი ადამიანები მარტო არ დაგტოვებენ, მხარდაჭერას და დახმარებას შემოგთავაზებენ.
ბევრ საკითხზე სხვებისგან განსხვავებული პოზიცია გაქვთ. სხვა დროს ამან შეიძლება კამათი გამოიწვიოს, მაგრამ დღეს გარშემომყოფები სწრაფად მიხვდებიან, რომ მართალი ხართ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებისთვის. ეცადეთ, ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. თქვენი პიროვნული თვისებების წყალობით, ყოფილ მტრებს მეგობრებად აქცევთ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაწყებული საქმეების სწრაფად და უპრობლემოდ შესრულება შეძლოთ – შეიძლება მოულოდნელად სირთულეები წარმოიშვას. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას იუმორით განმუხტავთ.

“ნახტომისებრ მიღწევებს აჩვენებს ქართული ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო” – ოდიშარია

“ნახტომისებრ მიღწევებს აჩვენებს ქართული ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.

„ეს ამ ავტორიტეტული დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ყოველთვის ფასდება შესაბამისად და ფასდება ძალიან მაღალი ქულებით, მაღალი შეფასებით. განსხვავებით იმ პოლიტიკანებისგან, ვითომ საქართველოს მეგობრებისგან, რომელთაც აქვთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ დააზიანონ ქართული ხელისუფლება იმისათვის, რომ რამენაირად მოახდინონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეინკარნირება”,– აღნიშნავს დეპუტატი.

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი -შალვა პაპუაშვილი

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონის, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას „საქართველოს უკანასკნელი ლომის“, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონის, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი. მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა; მეფის, რომლის ავტორიტეტს და გმირობებს პატივს სცემდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება-ჯოზეფ ბორელი

JPG edited with https://ezgif.com/resize

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი უკრაინაზე რუსეთის მასიურ დარტყმას ეხმაურება.

„რუსეთმა გააძლიერა აგრესია უკრაინის მასშტაბით განახლებული მასიური თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა -უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური

დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმისას 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 – Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური „კინჟალის“ რაკეტა, 1 – ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“, 1 – X-22 ფრთოსანი რაკეტა, 99 – Х-101, Х-59/69, „კალიბრის“ რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 99 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რამდენიმე დრონმა მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო ორმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა.

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო“, – აცხადებენ თსუ-ში.

“ტელეგრამის” დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის-ემანუელ მაკრონი

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის ტერიტორიაზე პაველ დუროვის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებობას შეესაბამება.

“ღამის სერენადების” ბათუმური კონცერტები დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 25 აგვისტოს ვირტუოზმა მევიოლინემ, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა ელვინ ხოჯა განიევმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროები.

„ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები და მრავალი სხვ. იგი სტამბოლის IKSV კულტურისა და ხელოვნების პრემიის ლაურეატია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, რომელთა შორისაა რომის პაპის მედალი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე „filius Andreae“, ეჟენ სარტორის ხემით. 25 აგვისტოს კონცერტზე მან შეასრულა ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონის“ კადენციები, რომელიც სპეციალურად ბაბუამისისთვის, სერვერ განიევისთვის დაწერა ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა ანტონიო პიროლიმ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმის ბოლო კონცერტზე ელვინ ხოჯა განიევმა და ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ ერთად დაუკრეს და მსმენელის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

„კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ამით დასრულდა „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი. დიდად მოხარულები ვართ პუბლიკის ასეთი თბილი და აღტაცებული რეაქციის. ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარულია დახვეწილი მუსიკალური გემოვნების მქონე ბათუმელ მსმენელთან შეხვედრა. წელს ბათუმური ნაწილი 2 კონცერტისგან შედგებოდა. 23 აგვისტოს შესანიშნავი იტალიელი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტაფანო პიეტროდარკი წარსდგა მსმენელის წინაშე ჩვენს შესანიშნავ ფესტივალის საბაზო ორკესტრთან “საქართველოს ვირტუოზები“ ერთად (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). მარიომ შეასრულა ძალზე საინტერესო პროგრამა – ფილმური მუსიკით დაწყებული, არგენტინული ტანგოთი დამთავრებული: ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ასტორ პიაცოლასა და სხვათა ნაწარმოებები.
განსაკუთრებული სიურპრიზი იყო მსმენელისთვის სპეციალურად მოწვეული სტუმრის უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინეს ელვინ ხოჯა განიევის მონაწილეობა ამ კონცერტში. მათ ერთად 2 ნაწარმოები შეასრულეს. კონცერტის ბოლოს პუბლიკა აჟიტირებული აღფრთოვანებით დიდი აპლოდისმენტებითა და ბრავოს შეძახილებით უმადლოდა შესანიშნავ სოლისტებს. მოხარულები ვართ, რომ ასე წარმატებით დასრულდა ფესტივალის ბათუმური ნაწილი და ველით ბათუმელ პუბლიკასთან შეხვედრას მომავალ წელს,“ – განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ.
„საოცარი პუბლიკა იყო – ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მუსიკალური. უბედნიერესი ვარ, რომ ასე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს ლიზი რამიშვილსა და სანდრო ნებიერიძეს, რომ ჩემთან ერთად ბისზე დაუკრეს. ეს იყო სიურპრიზი მსმენელისთვის. 2 უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი დადგა ჩემთან ერთად სცენაზე. მადლობა ორკესტრს, საოცარი მუსიკოსები არიან, უნიჭიერესები. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ძალიან ძვირფასი ფესტივალია ჩემთვის, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩვენი ოჯახის მეგობარია, მსოფლიო მუსიკის ლეგენდაა, საქართველოს ლეგენდაა. უდიდესი პატივია ჩემთვის, რომ ვიცნობდი. მის მიერ დაარსებულ ფესტივალში რომ მივიღე მონაწილეობა და დავუკარი, ამისთვისაც მადლობელი ვარ. ძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალება. ამ კონცერტზე ყოველი წამი და ყოველი ნოტი ლიანა ისაკაძის ხსოვნას მიეძღვნა. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. იმედი მაქვს, რომ „ღამის სერენადებს“ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები და საქართველოში არაერთხელ დავუკრავ“, – განაცხადა ელვინ ხოჯა განიევმა.

წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ბელა ბარტოკის რუმინული ცეკვები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

23 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ააჟღერა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა და სხვათა მუსიკა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ვიქტორ დოლიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლდა 

საქართველოს მთავრობის მიერ, ვიქტორ დოლიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან თავისუფლდება.

ამის შესახებ მთავრობის 26 აგვისტოს განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2024 წლის 21 სექტემბრიდან ვიქტორ დოლიძის ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – წერია განკარგულებაში.