Home Blog Page 704

“მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად” – რობერტ სტურუას სპეტქაკლს გერმანული მედია ეხმიანება

„ალბათ, მათ საფლავებზე წარწერა იქნება – „არა! არა! არა!”. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუასთვის პროტესტები და მოწოდებები [სახელმწიფო სტრუქტურების] ბოიკოტის თაობაზე, რომლითაც საქართველოს კულტურის სცენა და საზოგადოება ორ შეურიგებელ ბანაკად იყოფა, ბურლესკურ (კომიკურ) სპექტაკლს წარმოადგენს: ‘საქართველო, თავისი არსით, დიდი თეატრია, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის როლს ასრულებს. მაგრამ ზოგიერთები გამოდიან არა ცალკედ, არამედ ჯგუფებად, რომლებიც საკუთარ თავს სხვებისგან განსხვავებულ, უფრო მნიშვნელოვან ფიგურებად თვლიან“, – წერს თბილისში მყოფი გერმანელი ჟურნალისტი კორნელიუს ვიულენკემპერი გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Franfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში 85 წლის რობერტ სტურუა პირველად დგამს სცენაზე ქართულ ეროვნულ ეპოსს – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე მდებარე ეროვნული თატრის დიდ დარბაზში, რეპეტიციის შემდეგ, როცა მსახიობები რეჟისორის მკაცრი ინსტრუქციების შესაბამისად ისვენებენ, რობერტ სტურუა, ქურთუკზე მიმაგრებული მიკროფონით, მიხსნის, თუ რატომ არის დღეს აქტუალური რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნეში შექმნილი ჰეროიკული პოემა ღირსებაზე, ძმობა-მეგობრობაზე და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. „მსოფლიომ დაკარგა თავისი ადამიანურობა, დაირღვა ადამიანებს შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთობები“, – ამბობს რეჟისორი.

საჩვენებელი ხელშეუხებლობა

ხელოვნების ოსტატი ეჭვობს, გადაიტანს თუ არა კაცობრიობა 2024 წელს, რომელიც ბირთვული ომის, პანდემიებისა და სტიქიური უბედურებების საფრთხის წინაშე დგას. როგოც ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, რობერტ სტურუა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობს, რომელსაც იგი ზოგჯერ ყველასათვის დასანახად წარმოაჩენს ხოლმე. ამას წინათ მან ინტერვიუ პროსამთავრობო ტელეარხს საწოლიდან მისცა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რობერტ სტურუა დიდი აღიარებით სარგებლობდა „რკინის ფარდის“ ორივე მხარეს – თავისი სპექტაკლებითა და პირადი კრიტიკული დამოკიდებულებით კომუნისტური რეჟიმისადმი. 1974 წელს „ყვარყვარეს“ სახით მან დადგა მწარე პაროდია სტალინური რეპრესიული სისტემის შესახებ, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული – იმ დროს ბევრი ვერ გაბედავდა და ვერ მისცემდა საკუთარ თავს ამგვარი სპექტაკლის დადგმის უფლებას. რობერტ სტურუას პოლიტიკური მსოფლმხედველობის თავისუფალი სული არავისთვის საიდუმლო არ არის: „ევროკავშირი ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, უფრო უარესიც კი“, – თვლის რეჟისორი.

რობერტ სტურუას თქმით, დიდი ბრიტანეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა და თავი დააღწია ევროკავშირის მეურვეობას. იგი პირადად წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რეჟისორს არ სურს ისევ მოესწროს იმ დროს, როცა  რუსეთი რაც სურდა, იმას აკეთებდა. მას არ უნდა, რომ ვინმემ უკარნახოს ქართველებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მსგავს ხედვებს და განცხადებებს საქართველოში ხშირად მოისმენთ ხანდაზმულ ადამიანებთან საუბრის დროს… თუმცა გამოკითხების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროკავშირისაგან გასული წლის დეკემბერში მიიღო, ამჟამად შეჩერებულია – იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისი ანტიევროპულ პოზიციებს ამჟღავნებს და კიდევ იმის გამო, რომ ივნისში საქართველომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. ეს სამართლებრივი აქტი ძალიან ჰგავს რუსულ ანალოგიური შინაარსის მქონე კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს იურიდიულ და ფინანსურ შეზღუდვებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც მთავრობის კრიტიკას გაბედავენ.

კულტურის მუშაკთა საკვანძო როლი მასობრივი პროტესტების დროს

გაზაფხულზე საქართველოს რიგ ქალაქებში მომხდარი მასობრივი პროტესტების დროს, რომლებიც მთავრობის ევროპული კურსის ცვლილების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკვანძო როლი შეასრულეს.

დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც კულტურის დაწესებულებებში მომუშავე გამოცდილი მენეჯერები მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ისეთი ჩინოვნიკებით შეცვალა, რომლებთაგან უმრავლესობა პროფესიონალები არ იყვნენ.

მას შემდეგ ვითარება გამწვავებულია: ჯერ ერთი, რომ მინისტრმა სამსახურიდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სასამართლო პროცესი წააგო; მეორე ის, რომ კულტურის მუშაკებმა სახელმწიფო სტრუქტურებს ბოიკოტი გამოუცხადეს: მწერალთა სახლის პრესტიჟული პრემიის „ლიტერას“ მინიჭება გარკვეული ვადით გადატანილი იქნა, რადგანაც მთავრობის მიერ დანიშნულმა ჟიურის წევრებმა თავიანთი თანხმობა უკან გაიწვიეს. გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენს პრესტიჟული გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელმაც გასული წლიდან საერთოდ უარი განაცხადა სახელმწიფოს მხარდაჭერისაგან. გამომცემლობის მენეჯერი გვანცა ჯობავა გამოცხადებულ ბოიკოტს საზოგადოების „რესოვეტიზაციის“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად თვლის და მაბობს, რომ საგამომცემლო ინდუსტრიისათვის დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა უზენაესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი, რომელმაც 2022 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო რომანისათვის „ბუნკერი“ (მასში ასახულია საქართველოში დემოკრატიაზე გადასვლის დროს წარმოქმნილი პრობლემები), ერთ-ერთია იმ 500 ავტორთაგან, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საპრიზო ფონდებთან თანამშრომლობაზე, მთარგმნელობით პროგრამებზე და ა.შ.

რუსეთი როგორც თავალსაჩინო მაგალითი

მე ივა ფეზუაშვილს თბილისის ვაკის რაიონის ერთ-ერთ კაფეში შევხვდი, ახლო-მახლო მდებარე შენობების კედლები რუსეთის სალანძღავი სიტყვებით არიან „შემკულნი“, არის ბევრი პროევროპული ლოზუნგიც. „ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება – ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება რუსეთში მსგავსი კანონის მიღების შემდეგ“, – ამბობს ივა ფეზუაშვილი, – იქ ზოგიერთი წიგნი მხოლოდ შავ ყდებში იყიდება – იმიტომ, რომ ავტორები უცხოელ აგენტებად არიან აღიარებულნი“.

ივა ფეზუაშვილისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება მაღალი ფსონს ნიშნავს, რადგან მას ოჯახი ჰყავს და სასწორზე ბევრი რამ არის დადებული. მისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოუვა, როცა ოქტომბრის არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს: ყველაზე მცირე – ან შეავიწროვებენ და ყველაზე უარესი – შეიძლება დააპატიმრონ და საპყრობილეში ჩასვან, რადგან იგი მთავრობის მოწინააღმდეგეა.

საფრთხესა და მუქარას გრძნობს არამარტო კულტურული საზოგადოების ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი მასმედიის ბევრი წარმომადგენელიც. 32 წლის ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ 2016 წელს ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით საგამოძიებო ონლაინ-პლატფორმა ifact შექმნა, სადაც 16 თანამშრომელი მუშაობს. ისინი აშუქებენ ისეთ თემებს, რომელთა შესახებ პროსამთავრობო ტელევიზიებში არ ლაპარაკობენ. იკვლევდა რა ევროკავშირის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების გატარების გაჭიანურებას, მას სახელისუფლო სტრუქტურებში ცივად ხვდებოდნენ და მის სატელეფონო ზარებს და კითხვებს უპასუხოდ ტოვებდნენ. ნინო ბაქრაძის თქმით, იგი არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდება „ნებაყოფლობით“ „უცხოელ აგენტად“ პირველ სექტემბრამდე, როგორც ამას მთავრობა მოითხოვს უცხოეთიდან დაფინასებული ორგანიზაციებისაგან. მართალია, მას ჯარიმა ელოდება 20 ათასი ევროს ოდენობით, მაგრამ მაინც. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის და მისი მეგობრები ეძებდნენ ჯარიმის გვერდის ავლის გზებს, რათა მუშაობა არჩევნებამდე მაინც გააგრძელონ. ისინი დაელოდებიან არჩევნების შედეგებს და გადაწყვეტენ – დატოვონ ქვეყანა თუ დარჩნენ.

მთავრობა, რა თქმა უნდა, უკვე ეძენს და პოულობს სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შემზღუდავ საშუალებებს. აპრილში პრესტიჟული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა. „მინისტრს ჩვენ, უბრალოდ, არ მოვწონვართ“, – ამბობს ფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც 2019 წლიდან ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო, 2022 წელს კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ გაგა ჩხეიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, რომ ფესტივალს 13 ათასი ევრო გადაუხადონ, კანონის თანახმად. სამაგიეროდ, მან მიიღო  შეტყობინება, რომ კინოფესტივალი პირველ სექტემბრამდე „არასამთავრობო ორგანიზაციად უნდა დაარეგისტრიროს, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება“. რეგისტრაციის შემდეგ კი ის უკვე შეიძლება დევნა-შევიწროვების ობიექტი გახდეს..

„ჩვენ არ გვინდა, რომ აგენტები გვერქვას. ჩვენ ქართული საქმეებით ვართ დაკავებულები და არცერთ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოვადგენთ“, – ამბობს გაგა ჩხეიძე. საქმე იმაშია, რომ ახალი კანონი ნებას აძლევს მთავრობას აკრძალოს ისეთი ფილმები, რომლებიც მმართველ პარტიას არ მოსწონს.

ხელოვნების ინსტრუმენტალიზაცია

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა აცხადებს – „საქართველოს არალიბერალურ კურსს წინააღმდეგობას უწევენ ის ადამიანები, რომლებმაც „თავიანთი ტალანტი უკვე დიდი ხანია დახარჯეს და ახლა მთელ მსოფლიოზე გაბრაზებულნი არიან“?   კულტურის სფეროს მენეჯერი იოსებ ბაკურაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რობერტ სტურუასთან, მაგრამ ახლა უკვე 15 წელია წარმატებით ატარებს გასტროლებს თავისი  დამოუკიდებელი „მოძრაობის თეატრით“, რობერტ სტურუას ნათქვამში ეჭვი შეაქვს.  იოსებ ბაკურაძე აკვირდებოდა, თუ როგორ ახდენდა მთავრობა კულტურის ინსტრუმენტალიზებას. მას არაერთხელ შეუმჩნევია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თეატრების კოლექტივები ბევრჯერ წაუყვანიათ ავტობუსებით „ქართული ოცნების“ კანდიდატების საჯარო გამოსვლებზე. ამას წინათ, როცა მისმა დამ, კინოპროდიუსერმა ანანო ბაკურაძემ თავის ონლაინ-არხზე სამსახურიდან გათავისუფლებულ მენეჯერებთან ინტერვიუები გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტრომ „მოძრაობის თეატრთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

წყარო

თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა

თურქეთმა საბერძნეთს ორი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაუგზავნა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

საბერძნეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ათეულობით დაშავებულის შესახებ.

ათენის ჩრდილოეთ ნაწილსა და ატიკის რეგიონში, ცეცხლმა 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

მობილიზებულია 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა, პროცესში ჩართულია 35 ვერტმფრენი. საბერძნეთს სტიქიასთან ბრძოლაში შვიდი სახელმწიფო ეხმარება. ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედებულია ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლი.

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით.

„კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კვლავ რიკოთის ახალ მაგისტრალზე გადაადგილდება.

გზის ახალი მონაკვეთების დაერთების სამუშაოები, ეტაპობრივად, სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 42 კმ-ით.

რიკოთის საუღელტეხილო ძველი გზა რეაბილიტირებულია, სადაც გამოიცვალა საფარი და განახლდა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

შორაპანი-არგვეთას 15 კმ-იანი მონაკვეთის 9 კმ – ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან, მოძრაობა გახსნილია 12 ხიდზე და 10 გვირაბიდან – 5 გვირაბზე. 5.7 კმ-იან გზის მონაკვეთის დარჩენილ ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და სექტემბერში, ეტაპობრივად გაიხსნება. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალური გზის 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

შორაპანი-არგვეთას ახალი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 დიდ ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო დემონსტრაციების მონაწილე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე არეულობებში მონაწილეობისთვის სამართალდამცველებმა 1000-ზე მეტი პირი დააკავეს.

ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულთაგან 575 პირს ბრალი ძალადობაში, ცეცლის გაჩენაში, ძარცვასა და რასისტული ნიშნით თავდასხმებში ედება. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დიდ ბრიტანეთში გამართული აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.

თურქეთში ვიზიტორებს საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ

თურქეთში ვიზიტორებს შესვლისას საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ასეთი წესები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს. ახალი რეგულაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთი დროებითი ბინადრობის უფლების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით სირიელების მოწმობების დაჩიპვასაც გეგმავს. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტების გაყალბება შეუძლებელი იქნება.

ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან.

„ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია რთულია და გეგმავს საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მიზნით რუსეთის სამთავრობო კომისიას მიმართოს.

დღეიდან, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

 

 გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოების გამო გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

რუსეთის ფედერაციას კურსკში გადასაყვანად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს -WSJ

რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.

გამოცემის წყაროების თქმით, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკში.

ამასთან, Politico წერს, რომ რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნა.

„რუსეთმა გადააადგილა რამდენიმე ქვედანაყოფი უკრაინის სამხრეთის ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან“, – განუცხადა POLITICO-ს უკრაინის არმიის პრესსპიკერმა, დმიტრო ლიხოვიიმ.

პუტინი იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინის კონტრშეტევა განიხილეს.

„დმიტრო კულებასთან ფრონტის ხაზზე უახლესი მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა განვიხილე. გავიმეორე, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, – წერს ბორელი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა ვერ შეძლო.

„პუტინმა ვერ მოახერხა მისი გაუმართლებელი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს“, – აცხადებს ბორელი.

„ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა – მოსახლეობა არ გამოიყვანეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები იქნებოდა -ვოლსკი

„ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა. მოსახლეობა არ გამოიყვანეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობებზე ისაუბრა.

„ხელი მოაწერეს ყველანაირ დოკუმენტს, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ თურმე რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო საქართველოს წინააღმდეგ. ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, არსად გამქრალა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ძველი კოლეგები, საქმიანი პარტნიორები ან დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ადამიანები მოინახულოთ და ურთიერთობა აღადგინოთ. შეყვარებულ ვერძებს რომანტიკული პაემანი ელით, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ.

კურო

რთული დღეა, მაგრამ წარმატების მიღწევა მაინც შეიძლება. შესაძლოა, ამაში მეგობრები დაგეხმარონ, რომლებიც რთულ დროს ყოველთვის თქვენ გვერდით არიან. ბევრი კურო ძველ გეგმას გაიხსენებს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განახორციელა. როცა საქმე ფულს და ქონებას ეხება, მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ – შესაძლოა, ძალიან მაცდურ, მაგრამ უიმედო პროექტში მნიშვნელოვანი ფული დააბანდოთ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფები საკუთარი იდეებით დააინტერესოთ. მოკავშირეებსა და დამხმარეებს ადვილად იპოვით. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი თანამშრომლობა მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისად იქცეს.

კირჩხიბი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ და აუჩქარებლად იმოქმედეთ, მიუხედავად იმისა, რომ ემოციებით სავსე ხართ და უმცირესი წინააღმდეგობაც გაღიზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებელი მოქმედება მალე სანანებელი გაგიხდებათ. ყურადღებით უსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს. მოერიდეთ სტრესული სიტუაციებს.
წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. ეცადეთ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ და იპოვოთ საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი ხიბლავთ, რომლებსაც არასდროს არავინ მოსწონთ. ახალი მოკავშირეების დახმარებით ყველა პრობლემა მარტივად გვარდება, თუმცა ზოგი რჩევის გათვალისწინებას ჯობია საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ყურადღება ოჯახურ საკითხებზე გაამახვილოთ და საყვარელი ადამიანები ახალი შენაძენით გაახაროთ.

ქალწული

სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს ყველა საქმეს დროულად დაასრულებთ. გირჩევთ საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ და ასეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელიც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. არც დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ. დღის მეორე ნახევარი მოულოდნელ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სტუმრებს გპირდებათ.

სასწორი

ამ დღეს სახლში თუ სამსახურში ნებისმიერი საქმის სწრაფად და ადვილად დასრულებას შეძლებთ.
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია დავალებისთვის, რომელიც სიზუსტეს საჭიროებს. თქვენს მახვილ თვალს უმცირესი წვრილმანიც კი შეუმჩნეველი არ რჩება, ამიტომ თქვენი მოტყუება შეუძლებელია.

მორიელი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელსაყრელი დღე მორიელებს შფოთვისა და შეშფოთების მიზეზებს მოუტანს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, დაასრულოთ რთული ამოცანები, რომლებსაც ბოლო დროს ასრულებდით და გაუმკლავდეთ დაგროვილ წვრილმან პრობლემებს. იქნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაწუხებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. არ არის გამორიცხული, რომ დღეს გაიგოთ, რა ცოდნა გაკლიათ კარიერული ზრდისთვის.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, საღი აზრი შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბულია და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. ეცადეთ, ყურადღება იმ საკითხებზე გადაიტანოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და არავისგან დახმარებას არ ელით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა საოჯახო ნივთების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

თხის რქა

რთული და დაძაბული დღეა, როცა პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. დროა, უფროსთან ერთად თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და სწორად იკვებოთ.

მერწყული

იყავით ფრთხილად და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ეს დღე თქვენგან წინდახედულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და შეცდომებს თავიდან აიცილებთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი გეგმის განხორციელებას შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ელოდით, ამიტომ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

თევზები

მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. თავში ბევრი საინტერესო და სასარგებლო იდეა მოგივათ და რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა ჩაიწეროთ. საშუალება გექნებათ, რომ ძველ ნაცნობებს შეხვდეთ და მათგან ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინოთ. ერთადერთი სფერო, სადაც შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, ფინანსებია. მოერიდეთ ფულის სესხებას ან გასესხებას და თავი შეიკავეთ შესყიდვებისგან.

ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, ჩატარდა სანიტარული წმენდა – ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, რის შემდეგაც, საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.

მუზეუმის განცხადების თანახმად, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.

აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.

ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას” , – წერია ინფორმაციაში.