Home Blog Page 3

რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე იერიში მიიტანა

რუსეთმა დარტყმა მიიტანა ხარკოვის ტელეანძაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად ანძის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი.

ხარკოვის ტელეანძის სიმაღლე 240 მეტრი იყო. ის ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6711 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8469 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მამაცი მაიკ ჯონსონი – აშშ-ს ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი -ავთანდილ წულაძე

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტზე კენჭისყრა გლობალური სენსაცია გახდა. როგორც ჰოლივუდურ ფილმში, ინტრიგა კენჭისყრის დასრულებამდე დარჩა. პრესამ წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას უკვე ისტორიული უწოდა და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი გმირი გამოჩნდა – აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი.
აშშ-ს პრესაში ჯონსონს ადიდებენ მისი გამბედაობისთვის. აშშ-ს კონგრესში ტრამპისტები ემუქრებოდნენ ჯონსონს გადადგომის ინიცირებით, თუ ის უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე დააყენებდა. მაგრამ ჯონსონმა, მიუხედავად კარიერული რისკისა, გადადგა ეს ნაბიჯი.

The Washington Post-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტების კენჭისყრით აშშ-ს მოკავშირეებმაა “შვებით ამოისუნთქეს”. მათ მიიღეს სიგნალი, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ აშშ-ს მხარდაჭერას რთულ დროს. გაზეთის რედაქცია აღნიშნავს, რომ აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოში არ იქნება წარმატებული ასეთი პოლიტიკური გამბედაობის გარეშე, რომელიც ჯონსონმა გამოიჩინა.

https://www.washingtonpost.com/opinions/2024/04/21/mike-johnson-ukraine-house-funding-bill-allies/
The Washington Post-ის მიმომხილველის კარენ ტუმულტის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რამხელა გამბედაობა დასჭირდა ჯონსონს დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გასატანად.

https://www.washingtonpost.com/opinions/2024/04/21/house-speaker-mike-johnson-courage/
ტელეარხის CNN-ის მიმომხილველი სტივენ კოლისონი იწყებს სტატიას კონგრესის კენჭისყრის შესახებ ჯონსონის გამბედაობაზე საუბრით.

https://edition.cnn.com/2024/04/20/politics/mike-johnson-ukraine-aid-russia-zelensky-putin/index.html
კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ფაქტია, რომ მაიკ ჯონსონი აღიარეს გმირად, რომელიც დრამატული პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდა. ამერიკულ საზოგადოებას უყვარს გამარჯვებული. შეერთებული შტატების პოლიტიკურ ჰორიზონტზე ახალი ვარსკვლავი გაბრწყინდა – მაიკ ჯონსონი.

მაგრამ, სადაც არის გამარჯვებული, იქვე არის დამარცხებულიც. ამ შემთხვევაში ეს დონალდ ტრამპია. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კონგრესში ექვსი თვით დაბლოკა უკრაინის დახმარება. ტრამპისტებმა სპიკერი კევინ მაკკარტიც კი გადააყენეს, რათა ხელი შეეშალათ უკრაინის დახმარებისთვის.

ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი ტრამპის მარიონეტად ითვლებოდა, რომელიც მის ყველა მითითებას შეასრულებდა. რადგან ტრამპი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარებას, იმის შანსი, რომ ჯონსონი ამ საკითხს კენჭისყრაზე გაიტანდა, თითქმის ნულის ტოლფასად ითვლებოდა. მაგრამ ჯონსონი აკეთებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯს ტრამპის ნების საწინააღმდეგოდ და ხდება გმირი.

ჯონსონის გმირობა გარკვეულ ახსნას მოითხოვს. ფაქტია, რომ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია ორ ბანაკად გაიყო: ტრამპისტ-იზოლაციონისტებად და რეიგანისტ-ინტერნაციონალისტებად. შეერთებულ შტატებში დღეს ხშირად იხსენებენ რონალდ რეიგანს, რომელიც ატარებდა ძლიერ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც შეძლო კომუნიზმის დამარცხება. მაშინ როცა დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტია ლოზუნგით „ამერიკა პირველ რიგში“ იზოლაციონიზმისკენ მიჰყავს.

ტრამპი წარმატებული პოპულისტი და დემაგოგია. რესპუბლიკურ პარტიაში მას კონკურენტები არ ჰყავდა. რესპუბლიკური პარტიის “ძველი გვარდია” ნიკი ჰეილის ეყრდნობოდა, მაგრამ მან პრაიმერი დონალდ ტრამპთან წააგო.

ტრამპის იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული სიტუაციის ფონზე საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. რესპუბლიკურ პარტიაში „რეიგანისტები“ ვერ შეეგუვნენ ამ მდგომარეობას. მათ დონალდ ტრამპის ახალი ალტერნატივა მაიკ ჯონსონში იპოვეს. უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტის მიღების შემდეგ პრესა ჯონსონს „რეიგანისტების“ ლიდერს უწოდებს, რომელმაც ტრამპისტებს პოლიტიკური მარცხი მიაყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსონმა კენჭისყრაზე წარადგინა კანონების საკუთარი ვერსიები და არა ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა. ეს ჯონსონის კანონებია. და ისინი უფრო მკაცრია, ვიდრე თეთრი სახლის მიერ შემოთავაზებული. გარდა უკრაინის დახმარებისა, ჯონსონმა დაამატა კანონი აშშ-ში რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ, რომელიც ასევე გადაეცემა უკრაინის დახმარების ფონდს. საუბარია 6 მილიარდ დოლარზე. ეს არ არის ძალიან დიდი თანხა, მაგრამ ეს არის პრეცედენტი და სიგნალი ევროკავშირისთვის შესაბამისი კანონის მისაღებად. ევროპაში კი დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციაა შესაძლებელი.

ჯონსონმა ასევე დაამატა კანონი შეერთებულ შტატებში ჩინური მობილური აპლიკაციის Tik Tok-ის აკრძალვის შესახებ.

ტრამპი Tik Tok-ის აკრძალვის წინააღმდეგი იყო. ამრიგად, ჯონსონმა ტრამპისტებს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. მათ ბრძოლა ყველა თვალსაზრისით წააგეს.

ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, მაიკ ჯონსონი გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. ჯონსონი პრესის და რესპუბლიკური პარტიის ელიტების მხარდაჭერით სარგებლობს.

პარალელურად, სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე განიხილება. არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრამპი მსჯავრდებული იყოს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. ამ შემთხვევაში, ტრამპი ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

ტრამპი ოფიციალურად ჯერ არ არის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. კანდიდატის ოფიციალური წარდგენა უნდა მოხდეს რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. თუ ტრამპი რბოლას დატოვებს, მაშინ რესპუბლიკურ პარტიას ახალი გმირი ჰყავს – მაიკ ჯონსონი.

ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

“არმიელებმა” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ქალაქ ქუთაისში, „აია არენაზე“, პირველი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, თბილისის „არმიამ“ წყალტუბოს „დინოზავრებთან“ ანგარიშით 56:22 გაიმარჯვა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით, გუნდმა, დიდი ფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც ავჭალის რაგბის სტადიონზე, 28 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.

მათივე ცნობით, ფინალში „არმია“ სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ შეერკინება. გამარჯვებული გუნდი „დიდი 10-ის“ საგზურს მოიპოვებს.

„არმიის“ თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს „არმიელებს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.

მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.
მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე – თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

(R)

ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ -მამუკა მდინარაძე

ევროპამ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ, ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ხასიათი, კულტურა, მენტალობა, რომლის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპაში კი არ უნდა შევიდეს, არამედ ევროპა უნდა იყოს ქართველებთან ერთად.

„რომ ლაპარაკობენ, რომ ევროპელებთან პრობლემები გვექმნება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით, ევროპამ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი. ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ხასიათი, კულტურა, მენტალობა, რომლის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ. ამას არ გვაპატიებს არც ჩვენი მომავალი და არც ქართველი ხალხი. ჩვენ ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ევროპა ქართველებთან ერთად, ეს არის ჩვენი სწორი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ქართველები არიან ევროპის მათ შორის არქიტექტორები თავისი წარსულით, დემოკრატიით, საუკუნოვანი დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული ისტორიით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს -ნიკა მელია

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს, – ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას.

„29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს…

წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია”- წერს მელია სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს. აღნიშნული შეკრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება

“ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს -ანა ბუჩუკური აპირისპირებს -“ოცნების” კონტრაქციაზე

რომელიმე მოქალაქეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, პერსონალურად ივანიშვილის და იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებმაც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 29 აპრილს, პარლამენტის წინ, „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ერთ ადამიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ეს იქნება პერსონალურად ივანიშვილის და პერსონალურად ამ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი. ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის სახელს ამოეფარებიან და ინდივიდუალურად არ იქნება პასუხისმგებლობა მათზე, მათ შორის, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე, ძალიან ცდებიან. ისტორია იწერება ახლა და არქივი ყველაფერი ინახავს,” – განაცხადა ბუჩუკურმა.

ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში-ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთს უკრაინაში ჯარების შეყვანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბუდაპეშტის ამაში ჩათრევას არ დაუშვებს.

„ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში, ისინი ომს აღიქვამენ როგორც საკუთარ ომს და აწარმოებენ მას, როგორც საკუთარ ომს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ ჩაფხუტების გაგზავნაზე, შემდეგ კი მკაცრ სანქციებამდე, თვითმფრინავებისა და მილიარდობით ევროს გადაცემამდე მივიდნენ.

„ფული, ფული, იარაღი, მაგრამ ვითარება არ უმჯობესდება, ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის მიერ ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

ჩვენ უნგრელებმა ვიცით რა არის ომი. ჩვენთვის საკმარისია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ გვინდა ომი და არ გვინდა, რომ უნგრეთი კვლავ იქცეს დიდი სახელმწიფოების სათამაშოდ. ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობას – შინ, ბრიუსელში, ვაშინგტონში, გაერო-სა და ნატო-ში“, – წერს უნგრეთის პრემიერი.

 

ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

„2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი – სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა ალტერნატივად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება, სამართლებრივი ფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, იმავე სამართლებრივ განზომილებაში აყენებდა ამ კავშირს. ამ ჩანაწერის მიზანი ესაა, რომ ქორწინება და ოჯახი იყოს ის, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით და არანაირი სამართლებრივი ალტერნატივები არ იყოს დაშვებული. ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6.4%-იანი საბაზო სცენარი  

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება, რაც უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. ამდენად, შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია. ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებიდან, ასევე საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაღალი საკრედიტო აქტივობა.

 

ჯამური ინფლაცია კვლავ დაბალია, თუმცა მომსახურების სფეროში ფასების დინამიკა, როგორც ჩანს, სამიზნეზე მაღალი დარჩება. ამ ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ დოლარში განაკვეთების შემცირების მოლოდინებმა შედარებით უფრო გადაიწია, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ის ფარგლებში იქნება. ამავდროულად, საერთაშორისო მასშტაბით და ასევე ადგილობრივ კონტექსტში რისკების ზრდა, თავისთავად, შერბილების საწინააღმდეგო არგუმენტებია.

 

ლარის კურსის მხრივ, უკვე მარტშიც აღინიშნება წმინდა სავალუტო შემოდინებების მაღალი მაჩვენებელი, რაც მხოლოდ მიგრაციის ეფექტით არაა გამოწვეული. ამასთან, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ გამყარებას აჩვენებს.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

R

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება

„ქართული ოცნება“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ატარებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო.

პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.

პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება.

ერთად ვუთხრათ არა – შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.