Home Blog Page 280

“ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს”

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home“ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საბჭო ასევე მიესალმა ევროკავშირის მზაობას, მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმებაში შესაბამისი კანონმდებლობის დამატების მიზნით ცვლილებების შეტანის შესახებ.

„ასოცირების საბჭომ მადლიერება გამოხატა „ერასმუს პლუს“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში საქართველოს ძლიერ ჩართულობასთან დაკავშირებით.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას სამოქალაქო დაცვის სისტემისა და შესაძლებლობების მოდერნიზების კუთხით და გამოხატა მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს საბჭოს სხდომის ფარგლებში გაზიარებულ გზამკვლევ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და მისი მედეგობაზე ორიენტირებული ჩარჩო კვლავ აქტუალურია და გააგრძელებს ფუნქციონირებას გაფართოების პროცესზე დამატებით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით 2024 წელს კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობას.

შეხვედრას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარეიმ“, – აღნიშნულია ერთობლივ პრესრელიზში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარი ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჯარიმებით მოიპარა” – ლევან ხაბეიშვილი

2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ფული ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჯარიმებით მოიპარა – კალაძემ დამატებით ასი შტატი დაამატა, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაწეროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ივანიშვილი და კალაძე ასეთ კაბალურ პირობებში ხალხს კანონის სახელით ძარცვავენ და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“.

„2023 წელს მხოლოდ დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ჯარიმა დაწერეს, 2012 წელს 20 მილიონი ლარი თბილისს ჯარიმებიდან და საურავებიდან შესდიოდა, ამის შემდეგ გახდა უკვე 25 მილიონი, 2017 წელს 27 მილიონი იყო, როცა კალაძე გახდა მერი, ძალიან სწრაფადვე 32 მილიონი გახადა, შემდეგ 65 მილიონი გახდა და ახლა უკვე 2023 წელს თქვენი ჯიბეებიდან 111 მილიონი ლარი გამოიღო ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ. კიდევ დამატებით ასი შტატი დაამატა კალაძემ, რომ 2024 წელს 10 მილიონი ლარის ჯარიმა დამატებით დაიწეროს, ეს უნდა შევცვალოთ, რადგან ამას ივანიშვილი ხალხს არ დაჰპირებია, ივანიშვილმა და კალაძემ ხალხი მოატყუა, ამის შეცვლა, ცხადია, შეიძლება. როდესაც ასე კაბალური პირობებში ადამიანებს ძარცვავენ კანონის სახელით, ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან არჩევნების დისკრედიტაციისთვის” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი აპირებს, ვეტო დაადოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მან უღალატა ქვეყნის ძირითად კანონს, სამაგიეროდ არის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური მესიჯბოქსის გამხმოვანებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან არჩევნების დისკრედიტაციისთვის და არჩევნების გაყალბების სცენარს წინასწარ აანონსებენ.

„ფაქტია, რომ მისი ეს ე.წ. ვეტოც ემსახურება ამ მიზანს. რეალურად რას უპირისპირდება ზურაბიშვილი? ჩვენ ვამბობთ, რომ ცესკო უნდა იყოს იმ ფორმით დაკომპლექტებული, რომ ცესკო-ს დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის, დიდი გამოცდილების მქონე პირებმა, რომლებიც არ არიან პარტიული, არამედ დამოუკიდებელი, უზრუნველყონ არჩევნების ადმინისტრირება. ეს პრინციპი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში და ეს პრინციპი არის სწორი და დემოკრატიული. ამ პრინციპს ეწინააღმდეგებიან ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გვთავაზობენ, რომ არჩევნების ადმინისტრირება უნდა უზრუნველყოს ოპოზიციამ. რეალურად ისინი გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და სხვებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები, უზრუნველყონ არჩევნების ადმინისტრირება. ჩვენ ვეუბნებით, რომ რომელიმე პარტიამ კი არ უნდა უზრუნველყოს, არამედ ნეიტრალურმა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებმა. ამას ეძახიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შეუსაბამობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

“ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი” – არჩილ თალაკვაძე

ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ სცენაზე ვის ოფისსაც არ მიაკითხავს, ვისზეც არ გააკეთებს განცხადებას, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის თუ ლიდერისთვის, ეს არის თავის ტკივილი და პრობლემა.

„არავის უნდა, მოსიარულე ანტირეიტინგი თავის ოფისში, სივრცეში შეუშვას. რაც შეეხება მის განცხადებას, დაველოდებით, რა იქნება პასუხი. როგორც ჩანს, ესეც არის ერთგვარი სატესტო განცხადება. ერთი რამ ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა 2“-ის ჩამოყალიბების პროცესში ხელოვნურად დაშლილი და პირველი „ნაცინალური მოძრაობიდან“ გამოქცეული დაზიანებული ლიდერები ეძებენ ადგილს. არიან ძიებაში, ვინ ვის მიუერთდება და რა მაგნიტური კავშირები შეიძლება, ჩამოყალიბდეს პარტიებს შორის პირველი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული ადამიანების და მათი მხარდამჭერების. განცხადება, რომ მას არ აინტერესებს წარსული, მიუთითებს, რომ მას აქვს მძიმე წარსული და ეს წარსული ძალიან აწუხებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას მიერ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „მელია, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორებია პოლიტიკურ სივრცეში და არჩევნებზე ჯამურად შეუძლიათ, იყვნენ 25 პროცენტს ზემოთ“.

თალაკვაძის თქმით, ალბათ ნიკა გვარამიას უნდოდა, ეთქვა 2,5 პროცენტი.

„ეს იქნებოდა უფრო რეალისტური, მაგრამ ასევე შეუძლებელი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოქცეული პოლიტიკოსების ამოცანა ახლა ერთადერთია, რომ როგორმე პატარ-პატარა პროცენტები შეაგროვონ და იმ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-დან 4-3-2,5 პროცენტი მაინც როგორმე წაიღონ და მიუტანონ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ამოცანით მოძრაობს პოლიტიკაში ნიკა გვარამია. რა 25%? 25% „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ აუღია მათ ჩატარებულ კვლევებში. ნიკა გვარამიას რა 25% აქვს?! ეტყობა უნდოდა, ეთქვა 2,5% არის ჩემი მიზანიო. ალბათ ამას გულისხმობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“დონალდ ტრამპი ყველაზე უარესი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში, ჯო ბაიდენი კი მე-14 ადგილზეა“ – The Guardian

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი – ყველაზე უარესი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში, ჯო ბაიდენი კი მე-14 ადგილზეა“ (ავტორი – მარტინ ფენგელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

154 მეცნიერი მონაწილეობდა გამოკითხვაში, რომლის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგები შეფასდა, მათი საქმიანობის ისტორიული მნიშვნელობის თვალსაზრისით. ქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო ადგილი დაიკავა – მისი რეიტინგი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, რომლებიც მე-19 საუკუნეში „ისტორიულად საშინელ ხელმძღვანელებს“ ჰქონდათ, სამოქალაქო ომთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენმა რეიტინგით მე-14 ადგილი დაიკავა. მას დამსახურებად უთვლიან იმას, რომ აშშ სირცხვილისაგან იხსნა, როცა მან არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპს არ დაუთმო, ანუ „ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის ტრადიციული სტილი ააღორძინა“.

რეიტინგი შედგენილი იყო განსაზღვრული სისტემით – რესპონდენტებს თითოეული პრეზიდენტი უნდა შეეფასებინათ 0-დან 100-მდე შკალით, მათი დიდებისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, სადაც 0 – წარუმატებელს, 50 – საშუალოს და 100 – დიდებული შედეგებს ნიშნავდა.

პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ის მე-16 პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა, რომელმაც თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ქვეყნის ისტორიაში – მონობის გაუქმებით. მან გაუსწრო 32-ე პრეზიდენტს ფრანკლინ დელანო რუზველტს, რომელიც უმაღლეს პოსტზე ოთხჯერ იყო არჩეული. სიაში მომდევნო ადგილები დაკავებულები აქვთ ჯორჯ ვაშინგტონს (აშშ-ის პირველ პრეზიდენტს), თომას ჯეფერსონს (მე-3 პრეზიდენტს) და ჰარი ტრუმენს (33-ე პრეზიდენტს).

ბარაკ ობამამ წინ წაიწია 9 პოზიციით, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით და ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს.

საყურადღებოა ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი: ყოველი თანამედროვე პრეზიდენტ-დემოკრატის – ბარაკ ობამას, ბილ კლინტონის და ჯიმი კარტერის – რეიტინგი მომატებულია, ხოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტების – დაცემული. შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით, რეიტინგი შეუმცირდა თვით რონალდ რეიგანსაც. გამოდის რომ, დემოკრატების რეიტინგმა ერთი მიზეზით მოიმატა – „ისინი დონალდ ტრამპის პარტიის წევრები არ არიან“. სხვათა შორის, დემოკრატი პრეზიდენტების რეიტინგზე გავლენა ვერ მოახდინა მათი საქმიანობის პოლიტიკურმა წარუმატებლობამ.

ამასთან, გამოკვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ მეცნიერები, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, „მემარცხენე პოზიციებისაკენ იხრებიან“.

წყარო

“უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა” – ონის მერია

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, სტიქიურ უბნებზე დღეს დილიდან იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი – ლევან ცხვედიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე.

„უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“შემოდგომაზე დავითვლით, ვინ რამდენ პროცენტს იღებს” – ალეკო ელისაშვილი

შემოდგომაზე დავითვლით, ვინ რამდენ პროცენტს იღებს, გვარამიას ან ნებისმიერის მხრიდან დღეს ხმამაღალი ლაპარაკი, ბაქიბუქია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ მელია, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორებია პოლიტიკურ სივრცეში და არჩევნებზე ჯამურად შეუძლიათ, იყვნენ 25 პროცენტს ზემოთ.

„ვერაფერს გეტყვით. ერთია, რომ ვინ რასაც არ უნდა ბაქიბუქობდეს,ზოგი 25, ზოგი 60 პროცენტს იღებს, წიწილების არ იყოს, შემოდგომაზე დავითვლით, ვინ რამდენ ხმას, ვინ რამდენ პროცენტს იღებს. ამიტომ დღეს ასეთი ხმამაღალი ლაპარაკი გვარამიას ან ნებისმიერის მხრიდან, ბაქიბუქია. დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, რეალობას აცდენილია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა” – თეიმურაზ ჯანაშია

ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი და მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიზირებულია და მისი წარმოება “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილზე ვენდეტაა.

“თემურ მღებრიშვილის ჩვენება რა თქმა უნდა, (დადასტურებაა), რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო პრეზიდენტის, პრემიერის განკარგულება შეესრულებინა, ეს შავით თეთრზე დაწერილია. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, ერთი და იმავე ქმედებებზე, პრეზიდენტს შეიძლება წაუყენონ ბრალი, მეორეს – არა. ერთმა შეიძლება თვითმფრინავი იქირავოს და თავისი შვილი სადღაც გაასეირნოს, მეორე შეიძლება მიუნხენის კონფერენციაზე ჩავიდეს თვითმფრინავით და ბრალი წაუყენონ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის საკითხი. ეს საკითხი მაშინ დასრულდება, როცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არჩევნები დასრულდება”,- განაცხადა ჯანაშიამ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა, მანაც თემურ მღებრიშვილის მსგავსად განაცხადოს, რომ პირად ხარჯებზე, რომელიც გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, შვილის სწავლის დაფინანსებას შეეხება, განკარგულება არ მიუღია, უპასუხა, რომ “სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება”.

კითხვაზე, კანონიერი იყო თუ არა შვილის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდა, ჯანაშიამ დადებითი პასუხი გასცა.

“რა თქმა უნდა, ეს იყო ბრძანებით გათვალისწინებული, რაც სავალდებულო იყო შესასრულებლად. ისევე, როგორც სახელმწიფო წესით იხდის ნებისმიერი ელჩის შვილების სწავლის გადასახადს და ა.შ. ეს არის ბრძანებები, რომელიც გამოიცემა. ბრძანებები გამოიცემა იმისთვის, რომ შესრულდეს”, – განაცხადა ჯანაშიამ.

კითხვაზე, ბოტოქსის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდაც იყო თუ არა კანონიერი, ჯანაშიამ უპასუხა, რომ ეს სააკაშვილს “მკურნალობის მიზნით ესაჭიროებოდა”.

„ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა”,- განაცხადა ჯანაშიამ.

“სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795 შემთხვევა”

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში 2023 წელს ხორციელდებოდა და 2024 წელს კვლავაც აქტიურად გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა.

„საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის შემთხვევები. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას. სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებასა და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

„ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე. სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
ევროპა

რლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში” – რობინ დანიგანი

მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.

„მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი.

ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“,- აცხადებს დანიგანი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ფოტოებთან და ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.

„20 თებერვალს, შუადღისას, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, HIMARS-დან დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, – წერს BBC.

BBC-ის ცნობით, საწვრთნელ ბაზაზე რუსეთის 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები იმყოფებოდნენ და რუსეთის 29-ე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ვიზიტს ელოდებოდნენ.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც უკრაინული და არც რუსული მხარე ადასტურებს.