Home Blog Page 273

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიყვარული — პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. საყვარელ ადამიანს ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

კარიერა — ეცადეთ ყველა რთულ საკითხს შემოქმედებითად მიუდგეთ, გამოიყენეთ თქვენი მდიდარი ფანტაზია და შესანიშნავი შედეგი გარანტირებული გაქვთ. დღეს კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და სამუშაო საკითხების განსახილველად.

ჯანმრთელობა — უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეეებზე გადაიტანეთ.

ფინანსები — მოერდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას – ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

სიყვარული — ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭირეთ. თქვენი ზრუნვა ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაძლიერებას.

კარიერა — შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს კარიერაზე და ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. გახსოვდეთ, რომ ახალი პროექტის დაწყებამდე ძველი უნდა დაასრულოთ.

ჯანმრთელობა — საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე გასეირნება ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება და განწყობას აგიმაღლებთ.

ფინანსები — სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

ტყუპები

სიყვარული — შესაძლოა, დადგა დრო, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. ერთმანეთს მშვენივრად უგებთ და შეგიძლიათ ხანგრძლივი ურთიერთობა დააკანონოთ.

კარიერა — თავი შეიკავეთ კოლეგების დახმარებისგან, თუ ამას არავინ გთხოვთ – შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. და არ უნდა აიძულოთ თქვენი რჩევა ან დახმარება მათ, ვინც ამას არ ითხოვს. ისარგებლეთ ხელსაყრელი დროით და გააკეთეთ ის, რასაც აქამდე ვერ აკეთებდით.

ჯანმრთელობა — სამსახურში გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.

ფინანსები — სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

სიყვარული — ამ დღეს ნებისმიერ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ სარგებელს მხოლოდ ეს პოზიცია მოგიტანთ.

კარიერა —შესაფერისი დღეა დაწყებული ამოცანების დასასრულებლად. ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ ეს პროექტები ფინანსურად მოგებიანი იქნება.

ჯანმრთელობა — იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. საღამოს ვარჯიში დაგეხმარებათ, შავბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და განწყობა აიმაღლოთ.

ფინანსები — ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელ ოცნებებს არ შეეპოტინოთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ლომი

სიყვარული — დღევანდელი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე მთელი თვის განმავლობაში, ამიტომ, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. სასიყვარულო თავგადასავალი ემოციების ზღვას გპირდებათ.

კარიერა — არ მოდუნდეთ, ამ დღეს დაწინაურების დიდი შანსი გაქვთ.

ჯანდაცვა — მოერიდეთ ვადაგასულ პროდუქტებს და მედიკამენტებს, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. წყლის პროცედურები შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაეხმარებათ.

ფინანსები — უპირატესობა მიანიჭეთ ფინანსურად მოგებიან და საინტერესო საქმიანობას. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ქალწული

სიყვარული — საყვარელ ადამიანთან კამათი დაზავებით დასრულდება. გირჩევთ, ამ სასიამოვნო ამბის აღსანიშნავად პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ ან თქვენი რჩეული რომანტიკული საჩუქრით გაახაროთ.

კარიერა — ამ დღეს შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. ყურადღება მიაქციეთ სხვა ორგანიზაციების სამუშაო შეთავაზებებსაც – ისინი შეიძლება საკმაოდ მიმზიდველი იყოს.

ჯანმრთელობა — იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

ფინანსები — სავარაუდოდ, ამ დღეს დაწყებული საქმე მალე მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

სიყვარული — საყვარელმა ადამიანებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, ამიტომ მათგან დახმარებას არ უნდა ელოდოთ.

კარიერა — ვარსკვლავები გირჩევენ, 17 იანვარს რაიმე სერიოზული ან მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან მორგება მოგიწევთ.

ჯანმრთელობა — განწყობის მკვეთრი ცვალებადობა გადაღლაზე მიუთითებს, ამიტომ ეცადეთ მუშაობა ადრე დაასრულოთ და დასაძინებლად დაწვეთ.

ფინანსები — თუ ფინანსური პრობლემები შეგექმნათ ნუ ინერვიულებთ – საყვარელი ადამიანები აუცილებლად დაგეხმარებიან.

მორიელი

სიყვარული — შესაძლოა, ამ დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელზედაც თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული.

კარიერა — ეცადეთ კოლეგები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ და მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. რთული დავალების შესრულებაში მდიდარი წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა — ზამთრის დეპრესიისგან მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე სეირნობა გიხსნით.

ფინანსები — უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ფინანსურად დაზარალდებით. ერთადერთი გამოსავალია აკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ.

მშვილდოსანი

სიყვარული — შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენგან არჩევანის გაკეთება ან ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვოს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

კარიერა—დღის პირველ ნახევარში სამუშაო განწყობაზე არ ხართ და აზრების მკაფიოდ გამოხატვა გიჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხი ან მოლაპარაკება შუადღისთვის უნდა დაგეგმოთ.

ჯანმრთელობა — დროა, ახალი წლის დღეებში მომატებული კილოგრამების დაკლებაზე იზრუნოთ და რაიმე თქვენთვის შესაფერისი, დაბალანსებული დიეტა შეარჩიოთ.

ფინანსები — გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

თხის რქა

სიყვარული — მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

კარიერა — ამ დღეს მოგიწევთ საოჯახო საქმეები დაივიწყოთ და მთელი დღე სამუშაო საკითხებს დაუთმოთ. გაუთვალისწინებელი გართულებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ჯანმრთელობა — დამღლელი დღის შემდეგ სასურველია საღამო სპა სალონში ან საუნაში გაატაროთ. გახსოვდეთ, რომ ვიტამინებით მდიდარი საკვები იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — დარწმუნდით, რომ ყველა გადასახადი გადახდილი გაქვთ. არ იჩქაროთ დიდი ნივთის ყიდვა და დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებას.

მერწყული

სიყვარული — საინტერესო ამბები, მოვლენები ან ახალი გეგმები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. მარტოხელა მერწყული შესაძლოა, ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს.

კარიერა — სამსახურში ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

ჯანმრთელობა — ამ დღეს ავადმყოფობის სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ და ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწერეთ.

ფინანსები — ძირითადი სამსახურის გარდა, შესაძლოა შემოსავლის დამატებითი წყარო გაგიჩნდეთ – დისტანციური სამუშაო შემოგთავაზონ.

თევზები

სიყვარული — თუ თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობა იგრძნობა და მეტისმეტად ბევრი უპასუხო კითხვა გაჩნდა, დროა გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ და ყველა გაუგებრობა დაასრულოთ.

კარიერა — გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება კონკურენტი თქვენს მოკავშირედ აქციოს. ეცადეთ ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ჯანმრთელობა — ყურადღებით უსმინეთ საკუთარ სხეულს მას მეტი მოძრაობა და აქტიურობა სჭირდება.

ფინანსები — დროა იზრუნოთ ფინანსურ სტაბილურობაზე ზედმეტი ხარჯების შემცირებით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ფულის შოვნის ახალი შანსი მეგობრებისგან შეთავაზებების სახით გამოჩნდება.

ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს -მეთიუ მილერი

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს”, – წერს მილერი.

ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ვალდებულება, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება პოლონეთის საპრეზიდენტო კანდიდატი -მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი პარტიის ლიდერის, რაფალ ტრზასკოვსკის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის ურჩია, უკრაინის საქმეებზე იზრუნოს, პოლონელები კი თავად აირჩევენ პრეზიდენტს.

„მას აქვს უფლება და ვალდებულებაც კი, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ აქ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება კანდიდატი და ვის რა შეხედულებები აქვს ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მედიის ცნობით, პოლონეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღშფოთებული არიან ზელენსკის იმ განცხადების გამო, რომელიც მან ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, კაროლ ნავროცკის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს მიწვეული ნატო-სა და ევროკავშირში იქამდე, ვიდრე „ვოლინის“ საკითხი არ გადაწყდება. ამ განცხადების საპასუხოდ კი, ზელენსკიმ აღნიშნა – „თუ უკრაინა არ იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში, არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ ბატონმა ნავროცკიმ უკვე უნდა დაიწყოს ვარჯიში, რადგან შეიძლება, მას იარაღით მოუწიოს თავისი ქვეყნის დაცვა, თანამემამულეებთან ერთად“.

დავოსში არავინ ელოდება, კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს – „ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს -გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს, რაც არის მისი არალეგიტიმურობის დასტური.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური მათი არალეგიტიმურობის. არალეგიტიმურ მთავრობებს, რომლებიც ხალხის ნებას არ გამოხატავენ, დავოსში არავინ ელოდება და არც ერთ ინვესტორს მათთან საუბარი არ უნდა, ამიტომ არის, რომ კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს. ეს არის არალეგიტიმურობის დასტური, რომ კობახიძე არის არალეგიტიმური, „ქართული ოცნება” არის არალეგიტიმური და მათ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისცეს მანდატი იმისთვის, რომ მან საერთო პოზიცია წარმოადგინოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

„მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რაც არის ქაოსისა და იმ დაპირისპირების თავიდან არიდების ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, საუბარია, როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირებაზე და ერთი პარტიის წნეხისგან განთავისუფლებაზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო ხედვა და გვაქვს და შეჯერებულები ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის მნიშვნელოვანი თემაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება, რაც მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით ძირითად პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში-ლევან ბეჟაშვილი 

ჩამოვყალიბდით ძირითად პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაესწრება ინაუგურაციის პროცესს. ეს უკვე ცალკე გამოკვეთილი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებსა და იქიდან დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა ამით იყო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა გაჟღერდეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს. იმავდროულად, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მზაობა უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას. ამ საკითხებზე გაგრძელდება მუშაობა. რა თქმა უნდა, შეთანხმება ყველა საკითხზე ისედაც არის, საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი, საინტერესო იქნება დასავლელი პარტნიორებისათვის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩამოვყალიბდით ძირითად გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკური გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „გმობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების გამო“.

განცხადების ხელმომწერები არიან – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაიტი.

„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების გამო. შოკირებულები ვართ ცნობით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ბათუმის სასტუმროში ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ეს „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის დემონსტრაციებზე დგანან. საქართველო წლების განმავლობაში იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი, რასაც ხალხის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და აღარც კი აჩვენებს თავს ისე, თითქოს საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურს. საქართველოში გაუარესებული ვითარება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამჟამად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი მკაფიოდ ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნებისა.

ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რამდენადაც ის გაყალბებული იყო და არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ.

ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აქტიური ლეგიტიმაციისგან და ამ მხრივ მოვუწოდებთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეჩერებისკენ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იქნება მართული, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“,- აღნიშნულია ხუთი ევროპარლამენტარის განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში -ირაკლი კობახიძე

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები ასეთი ღია და აგრესიული არასდროს ყოფილა, საქართველოში ეს ვნახეთ სამართლიანი არჩევნების, ჩვენთან კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ -ჯეიჰუნ ბაირამოვი 

ზოგიერთი დიდი სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ სავარაუდოდ, ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი განვითარებით არიან დაინტერესებული.

„დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოს და აზერბაიჯანის მაგალითზე, ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არა თუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ. საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო, ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი – ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი ჩარევის მცდელობები, როგორ წესი, ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან“ – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობასთან მიმართებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც „მიმართული არის და იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაძლებლობების უკეთ და პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი ხალხებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის“.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა დასძინა, ამ მიმართულებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მხარში დგომის არაჩვეულებრივი ისტორია აქვთ.

 ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, წარმოჩინდება, რომ “დიფ სთეითმა” ბრიტანეთი დაიყვანა ევროპარლამენტის, ესტონეთის, უკრაინის, ლიეტუვის დონემდე, რაც ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს-“ქართული ოცნება”

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, „ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“.
„როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.
ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – წერია განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება -მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა  ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ფართოვდება და ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას.

„საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთგული ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ყოველთვის იქნება მზად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში, ხაზი გაესვა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

„ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ როლსა და მნიშვნელობაზე.ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღინიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. გამოითქვა იმედი, რომ სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება.

მხარეები მიესალმნენ 17 იანვარს,  ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომის გამართვას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.

ყურადღება ასევე გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა, მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.