Home Blog Page 2029

“ბატონი გონჩარენკო თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს, მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ ვნახეთ კონკრეტული ბრალდება ფინანსურ მაქინაციებზე”

„ფეიკ კამპანიაში“, თითქოსდა საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, ჩაერთენ ისეთი პირები, როგორიც არის ბატონი გონჩარენკო, რომელიც თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს, მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ გუშინ ვნახეთ კონკრეტული ბრალდება იმ ფინანსურ მაქინაციებზე და მითვისებულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო გახდა. აღარ მაქვს საუბარი ოპოზიციაზე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანოს – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ხელოვნურად ააგორა ბინძური „ფეიკ კამპანია“, თითქოსდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

აქვე გივი მიქანაძე გამოეხმაურა ე.წ. „ფაქტჩეკის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და აღნიშნა, რომ არ ახსენდება მათი მხრიდან ქვეყნის საზიანოდ აწეული აბსოლუტურად ხელოვნური, უსაფუძვლო და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული „ფეიკ კამპანია“.

„პირველი და უმთავრესი – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სესიის წინ ხდება კონკრეტული დაგეგმარება, სადაც დელეგაციას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს იმ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებს, ასევე სხვადასხვა საკომიტეტო მუშაობაში ჩართულობის ფორმატებს. როგორც აქამდე, ამჯერადაც მმართველმა გუნდმა სრულფასოვნად დაუჭირა მხარი ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რომელიც ფაქტებით ამტკიცებს, რომ უკვე ასეულობით რეზოლუციას თუ კონკრეტულ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო, ინიციატორიც, სპონსორიც იყო ამ დეკლარაციების, რომ დაცული და მხარდაჭერილი ყოფილიყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

უფრო მეტიც, დელეგაციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის მხრიდან მონიტორინგის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენაზე, კომიტეტზე, მხარი დაუჭირეს იმ რეზოლუციას, რომელიც სწორედ ამ „ფეიკ ნიუსის“ მთავარი ნაწილი გახდა“ – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, დელეგაციამ თავისი ვიზიტი დაასრულა ოთხშაბათს და დატოვა სტრასბურგი, ხოლო კენჭისყრა კონკრეტულ რეზოლუციასთან მიმართებაში წარიმართებოდა ხუთშაბათს, რის გამოც, ფიზიკურად დელეგაცია იქ ვერ იქნებოდა. „მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ. უფრო მეტს ვიტყვი, მოახლოებულ რეიკიავიკის სამიტზე, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება, სადაც მთავრობის პირველი პირები იქნებიან წარმოდგენილი 46 სახელმწიფოდან, გადის დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთი დანართი სწორედ ამ საკითხს ეხება და ჩვენ წინასწარ გაცხადებული გვაქვს ამ დეკლარაციის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე მინდა გამოვეხმაურო ე.წ. „ფაქტჩეკის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერცერთი შემთხვევა, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაეპროტესტებინათ ქვეყნის საზიანოდ აწეული აბსოლუტურად ხელოვნური, უსაფუძვლო და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული „ფეიკ კამპანია“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს.

“კიევი არ მოითხოვდა, რომ დასავლეთ ევროპას რუსულ გაზზე უარი ეთქვა”- ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისი მმართველობის დროს კიევი არ მოითხოვდა, რომ დასავლეთ ევროპას რუსულ გაზზე უარი ეთქვა, არამედ უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შენარჩუნების გამო იყო შეშფოთებული. ამის შესახებ მან გაზეთ Die Zeit-ის მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე სიამოვნებით განვახორციელებდი გაზის იმპორტს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან ან ნორვეგიიდან, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, მაგრამ იქიდან უფრო მიუწვდომელი იყო. საკითხი ასე იდგა: მესამედით უფრო ძვირი ბუნებრივი აირი თუ უფრო იაფი რუსული გაზი?, – განაცხადა მერკელმა.

ექს-კანცლერის განმარტებით, არავის სურდა ინვესტიციების განხორციელება ბუნებრივ აირში ან მის მოწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, ეს ყველაფერი კი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა.

საკუთარი მმართველობის დროს რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა, მერკელს „სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნდა“. „დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, თუმცა ახლა რა თქმა უნდა, ამისთვის ფასს ვიხდით“, – განაცხადა მერკელმა.

საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია

„კერძო დაზღვევას საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ეს არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აგენერირებს დაახლოებით 1 მლრდ ლარის სადაზღვევო პრემიას და დასაქმებულია 4,000 – მდე პროფესიონალი. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დაზღვევის დღე,” – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო სფეროს ე.წ. „ესტონური მოდელით” დაბეგვრის შესახებ.”

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სადაზღვევო სექტორიც.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. მისი თქმით, საუბარია ე.წ. მესამე პილარზე, რომელიც მთლიანად არის აწყობილი სადაზღვევო პრინციპებზე და წამყვანი მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და სადაზღვევო ინდუსტრია აქტიურად მუშაობს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც მოკლე ვადაში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ იწყება

ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ თიბისის მხარდაჭერით 4 მაისს 20:00 საათზე,  დაჯილდოებით გაიხსნება.

ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, კონსტიტუციის 6/52-ში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გამოფენები განსხვავებულ ლოკაციებზე ჩატარდება, აქედან რამდენიმეს თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს.

“ქოლგა თბილისი ფოტო 2023” კვირეული მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, ასევე თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს, რაც სტუმრებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. წლევანდელ ფესტივალში თემატიკა შეზღუდული არ არის, ჯამურად 726 ფოტო პროექტია წარდგენილი, ხოლო მონაწილეობას 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფი იღებს.

2023 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის გახსნაზე გამოცხადდებიან გამარჯვებულები  სპეციალური პრიზის ნომინაციაში და შემდგომ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტო პროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. გამარჯვებულთა გამოსავლენად საერთაშორისო ჟიური მუშაობს, რომელშიც საქართველოს წარმოადგენს ფოტოგრაფი დინა ოგანოვა.

“ჩვენთვის განსაკუთრებულია ქოლგა თბილისი ფოტოს მრავალწლიანი უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქვეყნის ისეთ ძლერ ინსტიტუციასთან როგორიცაა თიბისი. მათი კონტრიბუცია განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა საქართველოში ფოტოგრაფიისა და ზოგადად ხელოვნების განვითარების საქმეში. ქოლგა თბილისი ფოტოს ყოველწლიურ მდგრად მიმდინარეობაში თიბისის შესანიშნავი გუნდის თანამონაწილეობა მყარი განვითარების საფუძველია.” – ამბობს ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის დამფუძნებელი.

“გვიხარია, რომ ჩვენ და „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეული ჩვენს საერთო მრავალწლიან ისტორიას წელსაც ვაგრძელებთ. საქართველოს ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობა ამ ფესტივალის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწილია, მის საერთაშორისო ასპარეზსსა და საინტერესო ხელოვანების აღმოჩენის შესაძლებლობის გაზიარებასთან ერთად”-ამბობს მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ 2004 წლიდან თიბისი  არის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის პარტნიორი და ხელს უწყობს ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ფოტოკონკურსი „ქოლგას“ 2023 წლის სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: https://kolga.ge/exhibitions

(R)

“კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი”- კახა კუკავა

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერის  კახა კუკავას განცხადებით, კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი.
“კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი და ძალიან საშიში იქნებოდა, ცოტათი სასაცილო რომ არ იყოს.
მაინტერესებს ამ საკითხზე ჩემი მეგობრების აზრი, განსაკუთრებით მათი ვისაც ევროკავშირის დროშები აქვთ ფრეიმზე დაყენებული.
PS: არ ვარ კალაძის მხარდამჭერი, არც ხმა მიმიცია არასდროს და ბევრ საკითხზე მაგ: პარკირების სისტემაზე ან სამშენებლო ნებართვებზე მიმაჩნია, რომ მერიის პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს.”- წერს სოციალურ ქსელში კახა კუკავა.

თიბისი „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. საქართველოში ჩატარებულ წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 201 გუნდი ოთხ კატეგორიაში შეეჯიბრება, ესენია: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი.

კონკურსის თანახმად მონაწილე გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა მუშაობდეს და მათი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 48 საათში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეები და შექმნეს შემოქმედებითი ნამუშევრები. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური 6 მაისს გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს საქართველოს სახელით გაუწევენ კონკურენციას.

წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს მერვედ ტარდება. თიბისი კი 2016 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. „კანის ლომები“ – ეს ის პროექტია, რომელიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება, გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და თავიანთი პოტენციალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანონ.

შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსების ჩატარება საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც თავის მხრივ, ქართველ ახალგაზრდებს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას უქმნის.

(R)

„ თუ “ლელოს“ კომპლექსი გაქვთ და ჩვენი რეზოლუცია არ მოგწონთ, მაშინ თქვენ დაწერეთ” – ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუცია დააინიციროს.

ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დაუსვა, რა უშლით ხელს, აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს პარლამენტშიც მიიღონ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს იგივე შინაარსის რეზოლუციას მხარი ვერ დაუჭირეს.

„შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, ვინმემ – არა, რომ მხოლოდ ბილეთების პრობლემა იყო. კარგი, იქ ვერ დაესწარით სესიას, რომ მხარი დაგეჭირათ ამ რეზოლუციისთვის, რა გიშლით ხელს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს იმავე შინაარსის რეზოლუცია? ახლაც ბილეთებია პრობლემა? სად გეჩქარებათ? შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე „ლელოს“ წელიწადზე მეტია დაინიცირებული გვაქვს რეზოლუცია იმავე შინაარსით. კარგი, „ლელოს“ კომპლექსი გაქვთ და ჩვენი რეზოლუცია არ მოგწონთ, მაშინ თქვენ დაწერეთ. დაფიქსირდეს ისტორიაში, რომ საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის სახელით, ასევე არქმევს თავის სახელს აგრესორს და ახლა უკვე გენოციდის ჩამდენს. ვეღარ მოიმიზეზებთ ბილეთებს და ფრენის განრიგს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში წერია. სხდომას ქართული დელეგაცია არ დასწრებია.

“ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია” – გიორგი ამილახვარი

დარწმუნებული ვარ, ვერაფერი მოახდენს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის, იგი იქნება ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ქვეშ, ვინაიდან მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე ზრუნვა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების არ ეშინია.

„მგონი, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებებით, თავისი პატრიოტული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით არაერთხელ აჩვენა მაგალითი და დაამტკიცა, რომ არანაირი ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ამ ადამიანს არ ეშინია და არც არაფერი იცვლება მისთვის. მისთვის მთავარია მისი ქვეყანა, მისი სამშობლო და ქართველი ხალხი. თავის მთლიან ქონებას, პრაქტიკულად, ხარჯავს საქართველოში ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერი მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის, იგი იქნება ფორმალური, თუ არაფორმალური სანქციების ქვეშ, ვინაიდან მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე ზრუნვა“, – განაცხადა ამილახვარმა.

“შეგეძლოთ საგამოძიებო კომისიის საკითხი ბიუროზე დაგეყენებინათ” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

არსაიდან არაფრის ამოღება არ ხდება, ერთწლიანი დღის წესრიგი არ არსებობს და ბიურო ყოველ ჯერზე ახალ დღის წესრიგს ადგენს – რეგლამენტის და პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია და არანაირ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან საქმე არ გვაქვს,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგიდან სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ერთპიროვნულად ამოიღეს.

პაპუაშვილის განმარტებით, რეგლამენტის თანახმად ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა.

„კვლავ უნდა მიგითითოთ პარლამენტის რეგლამენტზე, რომ 89-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პარლამენტის ბიურო და არა ვინმე ერთპიროვნულად, ადგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. ბიურო გუშინ ჩატარდა. საკითხის დაყენება შეგეძლოთ ბიუროზე, თუ ფიქრობდით, რომ რაიმე საკითხი შესატანია. პარლამენტში ბევრი საკითხია, რომელიც მომწიფებული შეიძლება იყოს პლენარული სხდომისთვის, მაგრამ ყველა საკითხი დღის წესრიგში არ შედის. მაგალითისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხი კენჭსაყრელ საკითხებში ბიუროს 2 თვე არ შეჰქონდა და წინა კვირას დავამატეთ. თუ ვინმე მოისაკლისებს რაიმე საკითხს დღის წესრიგში, შეუძლია ეს საკითხი დააყენოს. გუშინ ოპოზიციიდან არავის გამოუყენებია ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ, უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაქვთ შესაძლებლობა, დააყენოთ საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა თუ არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა. სანამ სხდომის დღის წესრიგს დავაყენებდით, შეგეძლოთ დაგეყენებინათ საკითხი, რომ ეს საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში. მაგრამ არ დაგიყენებიათ, ისე დამტკიცდა დღის წესრიგი. ამიტომ ესეც დაგვიანებულია. რეგლამენტის და პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია და არანაირ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან საქმე არ გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ივანიშვილს ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია” – არჩილ თალაკვაძე

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან სანქციებით იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა „კლანურად“, იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საუბარი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მართვა.

„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და სატელიტები ამ თემას კვლავ ააქტიურებენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, რეალურად რა სანქციებით ემუქრებიან და რისთვის ემუქრებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად, იმ ფარული, ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის ინტერესები, მოქალაქე, არ იყო მთავარი, არამედ მთავარი იყო ის თუ რა სჭირდებოდათ მათ და რა დავალებები ჰქონდათ მიღებული. სწორედ ეს დაამთავრა საქართველოში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და დააბრუნა ქვეყნის ინტერესებით და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებით ქვეყნის მართვა და ქვეყნის მართვა გახდა ინსტიტუციონალიზებული. ამისთვის, ემუქრებიან ამ ადამიანს, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, ევროპის შუაგულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად ყველა სანდო ბანკის მიერ არის, პრაქტიკულად, დასანქცირებული. მას არ ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი ქონება და ფინანსები განკარგოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“პუტინს სულ უფრო და უფრო უმცირდება საგარეო პოლიტიკური მანევრების შესაძლებლობა”

მე მგონი ან სულ გარეკეს რუსებმა, ან სი ძინ პინის და პუტინის შეხვედრა ცუდი შედეგით დასრულდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი წერს.

მისი თქმით, შორეულ აღმოსავლეთში, რომელიც ესაზღვრება ჩინეთს, რუსულმა ФСБ-მ ჩინეთის აგენტობის ბრალდებით მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.

“BBC-მ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ ექვსი ასეთი შემთხვევა დააფიქსირა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი დაპატიმრებები მეტი არ მომხდარა. რუსების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ნაბიჯები სრულიად გაუგებარი ჩანს პუტინის მიერ ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადების ფონზე, თან მაშინ როცა დასავლური სანქციების გამო ეკონომიკურად მოსკოვი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება პეკინზე. ორი დღის წინ ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, სადაც რუსეთი აგრესორად არის მოხსენებული როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კი ჩინეთმა ეს გააკეთა, მას ეგრევე აუბეს მხარი ბრაზილიამ, ყაზახეთმა სომხეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც ადრე ყოველთვის ჩინეთივით თავს იკავებდნენ. (სხვათა შორის ჩინეთის კონტექსტში სომხეთის ხსენება არ უნდა გაგვიკვირდეს, პაშინიანის მთავრობის პირობებში ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური კავშირები ძალიან გააქტიურდა და გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ავიდა). ჰოდა, კრემლის განდეგილმა” გარეკა ბოლომდე, თუ რუსულ სპეცსამსახურებში მომუშავე ანტიჩინურმა ძალებმა, რომლებიც ჩინეთს, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ, დაიწყეს საკუთარი თამაში, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ პუტინს სულ უფრო და უფრო უმცირდება საგარეო პოლიტიკური მანევრების შესაძლებლობა და რაც არ უნდა იბრიქოს, რუსეთის იზოლაცია იზრდება. პუტინს მოკავშირედ მხოლოდ სირია და ნიკარაგუა რჩება, ლუკაშენკოც კი ცდილობს ბოლო დროს მისგან დისტანცირებას. Батька-ც როდის მიატოვებს არავინ იცის,”– წერს ირაკლი მელაშვილი.

“ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და ამის მიზეზი ყველასთვის ნათელია.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს ზეწოლა გრძელდება, რა განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში. ყველამ ვიცით, რა ამის მთავარი მიზეზი, რატომ ხდება. ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, არ გვინდოდა დაგვეზიანებინა საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ხარაკირი. იგივეა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ხომ გადავიხადეთ მძიმე საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა უბედურება და ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. როგორც იცით, მას თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბიძინა ივანიშვილის ფორმალურმა დასანქცირებამ, კალაძე ამბობს, რომ ეს უშედეგო იქნება.

„შედეგები – არაფერი. რა სურვილიც აქვთ მათ, რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს, რატომაც აკეთებენ ამას, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განცხადა კახა კალაძემ.