Home Blog Page 2029

„ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“ – ამერიკის ხმა

აშშ-ის რადიომ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) პირველ მაისს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“, რომელშიც განხილულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერების 11-წლიანი საქმიანობის შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაარსების მე-11 წლისთავს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად გართულებული და დაძაბული ურთიერთობით შეხვდა. პარალელურად, ბუნდოვანია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პერსპექტივაც.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების და საგარეო კურსის შეცვლის მცდელობის გამო, „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ტრადიციული ოპონენტები დაუპირისპირდნენ. ყოფილი მოკავშირეები, რომლებიც ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის დროს აქტიურად უჭერდნენ მხარს და შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავათ, “ოცნებას” მწვავედ აკრიტიკებენ.

ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტიად „ქართული ოცნება“ 2012 წლის აპრილში დააფუძნა, მანამდე მან ოპოზიციური კოალიცია შექმნა ოთხ პოლიტიკურ ჯგუფთან, მათ შორის, რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელსაც მაშინ თინა ხიდაშელი წარმოადგენდა.

„აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“ – ასე აფასებს „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებს, თინა ხიდაშელი, რომელსაც 2015-16 წლებში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ანგარიშვალდებულებისა და ურთიერთკონტროლის ინსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური გარემო ვერ ჩამოყალიბდა, ცნობილი თეზა, რომ ხელისუფლება რყვნის და მერე უფრო რყვნის, ჯერ კიდევ სახეზეა. ასეთი უკონტროლო ხელისუფლება უკვე რიგითი მოქალაქეების პრობლემა ხდება“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ, „როგორც ჩანს, ამერიკელების მიმართ მიუღებლობა, ამერიკული სახელმწიფოს იდეალების, ღირებულებების, იმ პრინციპების მიუღებლობა, რაზეც დგას ეს ქვეყანა, იყო ერთ-ერთი წყალგამყოფი მისთვის, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად.

უკვე თამამად შეიძლება ვთქვა, რომ “სოზარ სუბარის წერილებში” ჩანს ყველა მიზეზი, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, სად დაინახა მთავარი პრობლემა (ივანიშვილმა) და წინააღმდეგობის ფრონტმა მისთვის სად გაიარა… როგორც ჩანს, რაღაც მომენტში, მას (ივანიშვილს) გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
„ოცნების“ მწვავე კრიტიკოსებს შორის არის, იურისტი სანდრო ბარამიძეც, რომელსაც 2012-18 წლებში, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა.

„ამას ვერ ვიფიქრებდი, სხვანაირად იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე არ დავრჩებოდი. 2018 წლის მაისამდე, როცა პრემიერის პოსტს კვირიკაშვილი იკავებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსში ესოდენ რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ სანდრო ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის თქმით, ყველაფერი შეიცვალა 2018 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ ლიდერის პოსტი კვლავ დაიკავა. „იქიდან მოყოლებული, ყველაფერი უკან უკან წავიდა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით“ – ამბობს ბარამიძე.

„ყველაზე მთავარი თეორია, მაინც არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ხასიათის. როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა გახდა ღიად და დაუფარავად მტრული დასავლეთის მიმართ, შესაბამისად, მისი მოთხოვნებიც „ოცნების“ და პირადად, ივანიშვილის მიმართ, უფრო ღია და რადიკალური გახდა, მე ასეთი თეორიის საფუძვლიანობას ვხედავ.
მეორე – შეიძლება, პოლიტიკური და პირადი ხასიათის გარკვეული მიზნების განხორციელებასაც ჰქონდეს ადგილი. ბოლოს და ბოლოს ეს არის ოლიგარქი, რომელსაც ხელისუფლების სადავეები მთლიანად უპყრია. ის არის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირი და როდესაც, ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეები შეექმნა, ისიც გადავიდა რადიკალურ და ღია ბრძოლაზე, ამ საფრთხეების წინააღმდეგ“ – მიაჩნია სანდრო ბარამიძეს.

მარტში, აშშ-ს საელჩომ „ქართული დემოკრატიის შავი დღე“ უწოდა, „ოცნების“ დაუფარავ მცდელობას სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია მოეხდინა;

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტშივე განაცხადა, რომ „ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უაღრესად კრიტიკული ანგარიში; ხოლო, აპრილში – სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სასამართლოს ე.წ. „კლანის“ ლიდერებს სანქციები დაუწესა. ასეთ კრიტიკულ ფონზე, მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ურყევად მიდის.

„თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია – ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას 2012 წლის შემდეგ“ – ასეთი ტექსტით გამოეხმაურა “ოცნების“ დაფუძნების მე-11 წლისთავს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „ეს ყველაფერი აისახა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე. ორი წლის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს 8 ათასს დოლარს მიაღწევს, ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თანდათან ეკონომიკის განვითარების ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდებით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. საქართველო არის დღეს სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება, სხვადასხვა მიმართულებით“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“ – პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებაა.

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ვინაიდან იმ დროს, ივანიშვილს უკვე ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, პარტიის დროებით თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.

ახალი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში 11 წევრი იქნა არჩეული: სოზარ სუბარი, ირაკლი სესიაშვილი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური, თამაზ ავალიანი, გუგული მაღრაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ივანე კიღურაძე, გელა ხვედელიძე, თედო ჯაფარიძე და გურამ ოდიშარია.

მანამდე ივანიშვილმა “ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში ასევე შეიყვანა: გოგლა ჟვანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, კახი კალაძე, გია ვოლსკი, მაია ფანჯიკიძე, ლერი ხაბელოვი, ნინელი ჭანკვეტაძე და აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ დავითაშვილი, რომელიც მაშინ ატლანტაში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის აკადემიაში მოღვაწეობდა.
11 წლის უკან, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლა იყო; “საქართველომ უნდა გააგრძელოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია“ და “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაც მნიშვნელოვანია” – ეს იყო ივანიშვილის მთავარი მესიჯები.

2012 წლის ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 10 წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლებაშია.

წყარო

“კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს – დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

თეონა თამაზაშვილი მისი შვილის  მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი გამომძიებელი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს იძიებდა “სინდისმა” შეაწუხა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სიმართლის თქმა.

“მოვედი, რათა შევიტანო  განცხადება, რომ თავიდან აღიძრას თამარის საქმე. იმიტომ, რომ  თამარს თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს. ალბათ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც სინდისიერ გზას ირჩევს და სიმართლეს ამბობს. ეცდებიან, თავი დაიცვან, რომ არ აღიძრას ეს საქმე და თუ მონაწილეობა არ მიიღო აბა ეს კაცი იტყუება?!.

ჩემი პოზიციაა, რომ კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს და დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მათივე უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთესად იცის რაც ხდება ზოგადად, ამ სისტემაში. უტყუარი ფაქტები მოიყვანა და ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე,“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

სერგო შუბითიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მისი ინტერვიუს საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იყო  დაბარებული. მისი ინტერვიუს საფუძველზე გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

შუბითიძემ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი უფლებაა მოსამართლის წინაშე დაკითხვა.

სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით კი, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

“მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო!” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ფორმა „მაფიოზურია“ და მისი მიზანია, „მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა“.

როგორც ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“.

„კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს იმდენად პრიორიტეტული საკითხია, რომ როგორც კი ბიუროზე მოხვდება, უახლოეს სხდომაზე უნდა წარედგინოს პარლამენტს. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ინსტიტუციური ცვლილება, რომ 50 კაცს შეეძლო საგამოძიებო კომისიის შექმნა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მიიღო. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა, რა ტიპის მმართველობაა ეს. ყველაზე მეტად ეს არის მაფიოზური მმართველობა. მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! რით განსხვავდება ეს მმართველობა სახელმწიფო მმართველობისგან – თუ პოლიტიკური მმართველობის მიზანი ქვეყნის აღმშენებლობა და უკეთესი ქვეყნის მიღწევაა, ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, მაფიოზური ხელისუფლების მიზანია, მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა. „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“. სინამდვილეში გვინდა, რომ ამ საყოველთაო ტყუილში იცხოვროს ქართველმა ხალხმა. კიდევ რა არის დამახასიათებელი მაფიოზური მმართველობის – ის, რომ არ უნდა არსებობდეს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემ; არ უნდა არსებობდეს არცერთი დაწერილი კანონი; არ უნდა შექმნა ისეთი კანონი, რომელიც შენივე საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ანუ, ზოგადად, მაფიოზური მმართველობის დამახასიათებელი ისაა, რომ კანონები ქაღალდზე არ უნდა ეწეროს. ეს კანონები სადღაც უნდა იყოს, რამდენიმე ადამიანმა უნდა იცოდეს და ისინი კანონს ხან ასე ამოქმედებდნენ, ხან – ისე. რა შედეგი მოაქვს ამ მმართველობას – მხოლოდ ასეთი მმართველობის პირობებშია, რომ ულაპარაკოდ მიიღოს სამხედრო კოდექსი, ულაპარაკოდ მიიღოს 78-მა ადამიანმა რუსული კანონი და ასევე ულაპარაკოდ გააუქმოს იმიტომ, რომ ეს მიღებულია არა პოლიტიკური, არამედ მაფიოზური პროცესის შედეგად, სადაც ყველა ინსტიტუციას ძალა უნდა გამოაცალო, კონსტიტუციას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; კანონი კი არ გჭირდებოდეს ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ძალა. სწორედ ამ ძალით ხართ გათამამებულები და ის არ იცით, რომ ამ მაფიოზური მმართველობის გამო თქვენ სინამდვილეში მიიღეთ ისეთი ტიპის ძალაუფლება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლება არაა. ამ ძალაუფლების შედეგად ცდილობთ ქვეყნის პროდასავლური კურსი შეცვალოთ, ცდილობთ, ცივილიზაციის საწინააღმდეგო მიმართულებით წახვიდეთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გააკეთოთ არა ქართველი ხალხის მიზნის, არამედ თქვენი მმართველობითი მიზნების განსახორციელებლად. მაგრამ, ერთი რაღაც გავიწყდებათ – ის, რომ კანონით და პოლიტიკურად იმართებოდეს ქვეყანა, ყველაზე მეტად, თქვენ გჭირდებათ, მმართველი ძალის დაცვას სჭირდება ის, რომ მას მართული ჰქონდეს წესების შესაბამისად და სხვასაც მოუწოდოს წესების დასაცავად. თორემ, თქვენ რომ მალე დასრულდებით და ქართველი ხალხი რომ დიდი ხანი არ იცურებს ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ, ეს ხომ ფაქტია?!“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ჩვენი ფასეულობებით ევროპისკენ მივდივართ” – ირაკლი ქადაგიშვილი

რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობდით, როდესაც 2020 წლის არჩევნების შედეგების უაპელაციოდ და დანაშაულებრივად დეზავუირება გინდოდათ და ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს პირდაპირ საბოტაჟს უწევდით მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ვერ მოიგეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში კრებსითი დემაგოგია მოისმინეს, რომელიც კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლებისდაგვარად მოაგროვა.

„რომელ საგამოძიებო კომისიებზე ლაპარაკობთ, როცა დაგჭირდებათ გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პიარის ასაწევად და თქვენს მიერვე შექმნილი ნარატივების გასამართლებლად რაღაც საგამოძიებო კომისიების შექმნა? ეს არის თქვენი ფარისევლობის მთელი სიღრმე და ამას გრძნობს ქართველი ხალხი. გრძნობს ხალხი იმ სიძულვილს, რომელიც აქ უხვად იფრქვეოდა მომიტინგეების მიმართ. სიძულვილით სავსე სიტყვებით მიმართავთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნას მხარს არ უჭერს. ეს არის ნათელი და მერე გიკვირთ ხალხი მხარს რატომ არ გვიჭერსო? რატომ ხართ დამოკიდებული მარტო იქნებ უცხოეთიდან ვინმემ რამე თქვას და ამით ხალხი გაღიზიანდეს და ჩვენ რამე შანსი მოგვეცესო. არც ეს არ მოსწონს ქართველ კაცს! როდესაც შენი დღის წესრიგი არა შენი შესადგენია, არამედ უცხოეთიდან ნათქვამი პროვოკაციულ სიტყვაზე აგებულ პოლიტიკაზე უნდა იყოს. გაიგეთ და შეიგნეთ ეს! ქართველ ხალხს, რომ უნდა ევროპაში ინტეგრაცია და რომ სჯერა ამ ხელისუფლების, რომ ეს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნისკენ მიდის, იმასაც ხედავს რომ თქვენს სიტყვების იქით ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება მიმართულია, რომ ეს იქნეს ტორპედირებული და ხალხმა იცის რატომ გინდათ ეს.

ხელისუფლებას ახლა იმასაც დააბრალებთ, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, ეს თურმე ევროპული ფასეულობების დანგრევა იქნება. უკაცრავად და სად წერია, რომ დანგრევაა და უკაცრავად, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ აღსარების თავისუფლება, ოჯახის ფასეულობა, ყველა ერის და სახელმწიფოს ტრადიციების დაცვა და განვითარება რამენაირად ეწინააღმდეგება ვინმეს უფლებების დაცვას? – არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ჩვენი ფასეულობებით მივდივართ ევროპისკენ და ის მოძრაობა, რომელმაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და თავიდანვე ცივილიზაციური არჩევანი იყო, დღევანდელი ხელისუფლებაც ამ არჩევანს მიყვება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“სირცხვილია, როცა რომან გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად” – ალუდა ღუდუშაური

სირცხვილია, როდესაც რომან გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად, სინათლედ – კაცი, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც „კუპონის მამა“ დღეს სამარცხვინო რაღაცებს ბედავს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს.

„მართლაც სირცხვილია, როდესაც გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს, წარსულებს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად, სინათლედ… პირი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გააგდეს. ხაბეიშვილი რომ გაგაგდებს და ზოგადად, თავს, რომ თუნდაც კაცად მიიჩნევ წარმოუდგენელი უტიფრობაა. ეს ადამიანი ჩვენს თანამოქალაქეებს, ღირსეულ ქართველებს, ვაჟკაცებს, დებს, ძმებს, შვილებს შეურაცხყოფას აყენებს და სულელებს ეძახის. როგორ ბედავთ ასეთ რაღაცებს?! კაცი, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც „კუპონის მამა“, დღეს ასეთ სამარცხვინო რაღაცებს ბედავს.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. მის ამ განცხადებაზე გვერდზე მოღიმარი მისი ყოფილი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან“ აჟიტირებულები ქირქილებდნენ და უხაროდათ, მაგიტომ ხართ 3-5%-იანები, მაგიტომ ხართ მაგ უბედურ დღეში, თავმჯდომარედ ცირკის მასხარა ხაბეიშვილი გყავთ.

არჩევნები მოვა და მიიღებთ ამ ქმედებებზე პასუხებზე. ხატია დეკანოიძე გვეუბნებოდა ანტიდასავლური ძალა ხართო, ჩვენ გვეუბნებით, რომ თურმე კონსტიტუციას და რეგლამენტს ვარღვევთ. 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდეთ, არ შეასრულეთ. მანდატები მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი გგონიათ. ასე, რომ ექცევით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ ხართ „ფარჩაკები“ და ტურები. როგორ ბედავთ ხალხის შეურაცხყოფას?! ვინ არის ანტიდასავლური ძალა?! როდესაც დემოკრატიაზე საუბრობთ, მართლმსაჯულებაზე, კონსტიტუციასა და ბიზნესზე, დაასახელეთ რა გააკეთეთ ქვეყნისთვის. რა ეკონომიკა, რა დასავლური კურსი?!

როგორ წარმოგიდგენიათ რა რეკომენდაციებს შეასრულებდით მაგალითად, მეგის ქარდავას თაოსნობით, ნაწამები, გაუპატიურებული, პატივაყრილი საკუთარი მოქალაქეებით. საზოგადოება გეკითხებათ და გაეცით პასუხი! უამრავი გამოწვევის და სირთულის ხარჯზე ჩვენ ამ გზასაც გავივლით, ამ გამოწვევებს ქართველ ხალხთან ერთად გადავლახავთ. ამ სამარცხვინო წარსულს საკუთარ ადგილს მივუჩენთ. მიუხედავად შეცდომებისა, ერთად გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, დასავლური დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. ქართველ ხალთან ერთად და არანაირი პატივაყრილი და ღირსებაშელახული. დაანებეთ თავი სიცრუეზე საუბარს! ნუ ბედავთ! მე ხელში მიჭირავს ფიცი, რომელიც ყველა დეპუტატმა დადეთ და ხელი მოაწერეთ. აქ წერია – „საქართველოს სიძლიერისთვის“ „ქართველი ხალხის ერთობისთვის“ და არა კეკლუცობისთვის და “ფარჩაკობისთვის”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ „მათი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეშია“. კერძოდ, რომან გოცირიძემ 30 აპრილს გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის ნამდვილი სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა „მოვდივართ“, იყო „მივდივართ“. მისივე თქმით, „ამ აქციით გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი „პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდის“.

“2023 წლის გაზაფხული, ეს არის მმართველი ძალის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევის დრო”

„მგონია, რომ 2023 წლის გაზაფხული, ეს არის მმართველი ძალის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევის დრო. მარტში, როცა „რუსული კანონის“ მიღება გადაწყვიტეთ, თქვენ, ფაქტობრივად, უარი თქვით საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერზე. ახლა, როცა ოპოზიციას გვეუბნებით უარს, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, თქვენ ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა მმართველი ძალა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ის ამით ანგრევს სახელმწიფოს საფუძველს. როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, რომ 2024წელს უხეში ძალის გამოყენებით დარჩეს ხელისუფლებაში.

„ამის მიღმა, თქვენ ჩადიხართ, აგრეთვე, სხვა დანაშაულებს. მაგალითად, უკვე რა ხანია პატიმარია უდანაშაულო ნიკა გვარამია და ის განაგრძობს პატიმრობაში ყოფნას. ვიცით, რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენ აპირებთ კენჭი უყაროთ ბათუმში უკანონო მშენებლობების ე.წ ამნისტიას. გადაეფარეთ მოსამართლეთა კლანს. ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ 12- პუნქტიანი გეგმა შესრულებული იყოს მხოლოდ ფორმალურად. ცხადია, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

რა მიზანს ისახავს თქვენი ეს განზრახვა?! ერთადერთს, რომ შეძლოთ 2024 არჩევნების ისე ჩატარება, როგორც ეს ჩაატარეთ, სხვა შორის, ბოლო არჩევნები, რომლითაც ამაყობთ. არც დარღვევაა, არც შენიშვნაა, ერთი პარტიაა და გამარჯვებულიც ერთია. თქვენი ამოცანაა, რომ 2024 წელს უხეში ძალის გამოყენებით, კანონის და კონსტიტუციის ჩაწიხვლით დარჩეთ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

“ბატონი გონჩარენკო თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს, მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ ვნახეთ კონკრეტული ბრალდება ფინანსურ მაქინაციებზე”

„ფეიკ კამპანიაში“, თითქოსდა საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, ჩაერთენ ისეთი პირები, როგორიც არის ბატონი გონჩარენკო, რომელიც თურმე იცლის საქართველოსთვის, ამ დროს, მისი ოჯახის უახლოესი წევრების მიმართ გუშინ ვნახეთ კონკრეტული ბრალდება იმ ფინანსურ მაქინაციებზე და მითვისებულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო გახდა. აღარ მაქვს საუბარი ოპოზიციაზე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანოს – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ხელოვნურად ააგორა ბინძური „ფეიკ კამპანია“, თითქოსდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

აქვე გივი მიქანაძე გამოეხმაურა ე.წ. „ფაქტჩეკის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და აღნიშნა, რომ არ ახსენდება მათი მხრიდან ქვეყნის საზიანოდ აწეული აბსოლუტურად ხელოვნური, უსაფუძვლო და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული „ფეიკ კამპანია“.

„პირველი და უმთავრესი – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სესიის წინ ხდება კონკრეტული დაგეგმარება, სადაც დელეგაციას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს იმ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებს, ასევე სხვადასხვა საკომიტეტო მუშაობაში ჩართულობის ფორმატებს. როგორც აქამდე, ამჯერადაც მმართველმა გუნდმა სრულფასოვნად დაუჭირა მხარი ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რომელიც ფაქტებით ამტკიცებს, რომ უკვე ასეულობით რეზოლუციას თუ კონკრეტულ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო, ინიციატორიც, სპონსორიც იყო ამ დეკლარაციების, რომ დაცული და მხარდაჭერილი ყოფილიყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

უფრო მეტიც, დელეგაციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის მხრიდან მონიტორინგის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენაზე, კომიტეტზე, მხარი დაუჭირეს იმ რეზოლუციას, რომელიც სწორედ ამ „ფეიკ ნიუსის“ მთავარი ნაწილი გახდა“ – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, დელეგაციამ თავისი ვიზიტი დაასრულა ოთხშაბათს და დატოვა სტრასბურგი, ხოლო კენჭისყრა კონკრეტულ რეზოლუციასთან მიმართებაში წარიმართებოდა ხუთშაბათს, რის გამოც, ფიზიკურად დელეგაცია იქ ვერ იქნებოდა. „მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ. უფრო მეტს ვიტყვი, მოახლოებულ რეიკიავიკის სამიტზე, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება, სადაც მთავრობის პირველი პირები იქნებიან წარმოდგენილი 46 სახელმწიფოდან, გადის დეკლარაცია, რომლის ერთ-ერთი დანართი სწორედ ამ საკითხს ეხება და ჩვენ წინასწარ გაცხადებული გვაქვს ამ დეკლარაციის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე მინდა გამოვეხმაურო ე.წ. „ფაქტჩეკის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერცერთი შემთხვევა, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაეპროტესტებინათ ქვეყნის საზიანოდ აწეული აბსოლუტურად ხელოვნური, უსაფუძვლო და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული „ფეიკ კამპანია“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს.

“კიევი არ მოითხოვდა, რომ დასავლეთ ევროპას რუსულ გაზზე უარი ეთქვა”- ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისი მმართველობის დროს კიევი არ მოითხოვდა, რომ დასავლეთ ევროპას რუსულ გაზზე უარი ეთქვა, არამედ უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შენარჩუნების გამო იყო შეშფოთებული. ამის შესახებ მან გაზეთ Die Zeit-ის მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე სიამოვნებით განვახორციელებდი გაზის იმპორტს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან ან ნორვეგიიდან, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, მაგრამ იქიდან უფრო მიუწვდომელი იყო. საკითხი ასე იდგა: მესამედით უფრო ძვირი ბუნებრივი აირი თუ უფრო იაფი რუსული გაზი?, – განაცხადა მერკელმა.

ექს-კანცლერის განმარტებით, არავის სურდა ინვესტიციების განხორციელება ბუნებრივ აირში ან მის მოწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, ეს ყველაფერი კი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა.

საკუთარი მმართველობის დროს რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა, მერკელს „სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნდა“. „დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, თუმცა ახლა რა თქმა უნდა, ამისთვის ფასს ვიხდით“, – განაცხადა მერკელმა.

საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია

„კერძო დაზღვევას საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ეს არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აგენერირებს დაახლოებით 1 მლრდ ლარის სადაზღვევო პრემიას და დასაქმებულია 4,000 – მდე პროფესიონალი. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დაზღვევის დღე,” – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო სფეროს ე.წ. „ესტონური მოდელით” დაბეგვრის შესახებ.”

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სადაზღვევო სექტორიც.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. მისი თქმით, საუბარია ე.წ. მესამე პილარზე, რომელიც მთლიანად არის აწყობილი სადაზღვევო პრინციპებზე და წამყვანი მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და სადაზღვევო ინდუსტრია აქტიურად მუშაობს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც მოკლე ვადაში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ იწყება

ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ თიბისის მხარდაჭერით 4 მაისს 20:00 საათზე,  დაჯილდოებით გაიხსნება.

ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, კონსტიტუციის 6/52-ში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გამოფენები განსხვავებულ ლოკაციებზე ჩატარდება, აქედან რამდენიმეს თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს.

“ქოლგა თბილისი ფოტო 2023” კვირეული მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, ასევე თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს, რაც სტუმრებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. წლევანდელ ფესტივალში თემატიკა შეზღუდული არ არის, ჯამურად 726 ფოტო პროექტია წარდგენილი, ხოლო მონაწილეობას 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფი იღებს.

2023 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის გახსნაზე გამოცხადდებიან გამარჯვებულები  სპეციალური პრიზის ნომინაციაში და შემდგომ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტო პროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. გამარჯვებულთა გამოსავლენად საერთაშორისო ჟიური მუშაობს, რომელშიც საქართველოს წარმოადგენს ფოტოგრაფი დინა ოგანოვა.

“ჩვენთვის განსაკუთრებულია ქოლგა თბილისი ფოტოს მრავალწლიანი უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქვეყნის ისეთ ძლერ ინსტიტუციასთან როგორიცაა თიბისი. მათი კონტრიბუცია განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა საქართველოში ფოტოგრაფიისა და ზოგადად ხელოვნების განვითარების საქმეში. ქოლგა თბილისი ფოტოს ყოველწლიურ მდგრად მიმდინარეობაში თიბისის შესანიშნავი გუნდის თანამონაწილეობა მყარი განვითარების საფუძველია.” – ამბობს ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის დამფუძნებელი.

“გვიხარია, რომ ჩვენ და „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეული ჩვენს საერთო მრავალწლიან ისტორიას წელსაც ვაგრძელებთ. საქართველოს ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობა ამ ფესტივალის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწილია, მის საერთაშორისო ასპარეზსსა და საინტერესო ხელოვანების აღმოჩენის შესაძლებლობის გაზიარებასთან ერთად”-ამბობს მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ 2004 წლიდან თიბისი  არის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის პარტნიორი და ხელს უწყობს ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ფოტოკონკურსი „ქოლგას“ 2023 წლის სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: https://kolga.ge/exhibitions

(R)

“კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი”- კახა კუკავა

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერის  კახა კუკავას განცხადებით, კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი.
“კალაძის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის დასანქცირების მოთხოვნა “ანტიდასავლური” ან ნებისმიერი სხვა სახის განცხადების გამო არის ბოლშევიზმი და ძალიან საშიში იქნებოდა, ცოტათი სასაცილო რომ არ იყოს.
მაინტერესებს ამ საკითხზე ჩემი მეგობრების აზრი, განსაკუთრებით მათი ვისაც ევროკავშირის დროშები აქვთ ფრეიმზე დაყენებული.
PS: არ ვარ კალაძის მხარდამჭერი, არც ხმა მიმიცია არასდროს და ბევრ საკითხზე მაგ: პარკირების სისტემაზე ან სამშენებლო ნებართვებზე მიმაჩნია, რომ მერიის პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს.”- წერს სოციალურ ქსელში კახა კუკავა.

თიბისი „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. საქართველოში ჩატარებულ წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 201 გუნდი ოთხ კატეგორიაში შეეჯიბრება, ესენია: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი.

კონკურსის თანახმად მონაწილე გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა მუშაობდეს და მათი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 48 საათში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეები და შექმნეს შემოქმედებითი ნამუშევრები. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური 6 მაისს გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს საქართველოს სახელით გაუწევენ კონკურენციას.

წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს მერვედ ტარდება. თიბისი კი 2016 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. „კანის ლომები“ – ეს ის პროექტია, რომელიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება, გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და თავიანთი პოტენციალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანონ.

შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსების ჩატარება საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც თავის მხრივ, ქართველ ახალგაზრდებს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას უქმნის.

(R)