Home Blog Page 2023

,,ოპოზიციის ინტერესი სკანდალის შექმნაა” – პაპუაშვილი

თუკი შევხედავთ რამდენი საგამოძიებო კომისია იყო დაინიცირებული, უკვე ტრენდად იქცა, რომ აინიცირებენ საგამოძიებო კომისიას, რათა კიდევ უფრო მეტი დრამატიზება შემოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში” განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ინტერესი სკანდალის შექმნაა და არა ინტერესი ამ საკითხის მიმართ. “საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ერთ რამეში დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, რომ სინამდვილეში აქ ინტერესი არის არა შინაარსის მიმართ, არამედ ინტერესია სკანდალის მიმართ – ის, რომ პარლამენტში მუდმივად იყოს რაღაც შფოთვა და საერთო ჯამში, შეიქმნას ცუდი ფონი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ არის ახალი, თუ გავიხსენებთ იმას, 12 რეკომენდაციის მიღების შემდეგ როგორ იქცეოდა ჩვენი ოპოზიცია. ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, ოპოზიციას შევთავაზეთ განრიგი თემებზე მუშაობისთვის და სამუშაო ჯგუფების შექმნა – ოპოზიციამ კი მიმართა პრეზიდენტს, რომ მოეწვია რიგგარეშე სესია რაღაცაზე სამსჯელოდ. პარლამენტი, ეს არ არის ძველი ბერძნული თავყრილობა, სადაც შეიკრიბება ადამიანების რაოდენობა, იქვე ბჭობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. ნებისმიერ კანონპროექტს მომზადება სჭირდება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია მოკავშირეებს ეძებს ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ. თუკი შევხედავთ რამდენი საგამოძიებო კომისია იყო დაინიცირებული, უკვე ტრენდად იქცა, რომ აინიცირებენ საგამოძიებო კომისიას, რათა კიდევ უფრო მეტი დრამატიზება შემოიტანონ, აწიონ პიარულად ეს საკითხი და შემდეგ მივიწყებულია ხოლმე ეს თემა. თუკი აინტერესებდათ შინაარსი, სად იყვნენ აქამდე, რატომ ვერ იკრიბებოდნენ, სად იყვნენ ისინი 8 თვის განმავლობაში?! ხომ ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, 8 თვე სხვანაირად ფიქრობდნენ?! მეორე საკითხია ასევე, რამ გააერთიანა ეს 50 ადამიანი, გამოდის, რომ ეს ადამიანები ვერ გააერთიანა იდეამ და ისინი გააერთიანა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებამ. გამოდის, რომ მათ ოპოზიციამ იგრძნო და დაიგულა სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოკავშირედ და ამიტომ გაერთიანდნენ – ეს რა დამოკიდებულებაა, ისინი მოკავშირეებს ეძებენ ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რაღაც გამოძიებები აწარმოონ. ისინი ერთ გუნდად გაერთიანდნენ იმის გამო, რომ ნახეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების გამო, უფრო მაღლა აწიონ ეს საკითხი, ან ისინი ფიქრობენ, რომ უცხო ქვეყანა იქნება მოკავშირე, საკუთარი შიდა საკითხების გადასაწყვეტად. დაფიქრდეს ყველა- სად არის აქ ან პატრიოტიზმი, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება. საქმე იმაში კი არ არის რომ რამის გარკვევა უნდა ოპოზიციას, საქმე იმაშია რომ ეს არის ტიპური, ალქაჯებზე ნადირობა. ეს არის პოლარიზაცია, შფოთის შემოტანა და ქიშპი. არეულობის კომისიისა და სასამართლოზე გავლენის მოპოვების კომისიის შექმნა არანაირად არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას. რაც ამას ხელს უწყობდა იყო 12 პუნქტზე მუშაობა. ვინც კი სამუშაო ჯგუფში შემოვიდა- ვნახეთ ამის შედეგი. სწორედ ეს ფორმატი შევთავაზეთ ოპოზიცია, რადგან თემა გადასულიყო არა ვერბალურ ბრძოლაში, არამედ საგნობრივ დისკუსიაში,”- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

,,ეს იყო მიშას რეიტინგი და არა ნაციონალური მოძრაობის’ – ბაღათურია

ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი, ეს იყო მიშას რეიტინგი და არა ნაციონალური მოძრაობის – ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა მედიასთან განაცხადა. „ნაცმოძრაობაში ბოლო კაცი, რომელიც ლაპარაკსაც გაიგებდი რა უნდა, არასწორს ამბობდა, მაგრამ გაიგებდი რისი თქმა უნდა, გოცირიძე იყო, რომ წავიდა. ახლა ვინც დარჩა, მათი ლაპარაკი მე არ მესმის. ლიდერები აღარ დარჩათ… ხაბეიშვილს თავის გასაჭირი ეყოფა. მე ახლა ხაბეიშვილზე არ ვისაუბრებ. ოპოზიციის პრობლემა არის ერთი მხრივ უპასუხისმგებლობა, მეორე მხრივ არასახელმწიფოებრივი აზროვნება და ინტელექტუალური სიღატაკე…” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

,,იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს”- ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

იმ სივრცეში, სადაც პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა, – ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე აქვს. „საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა. კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები აქვს. არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთგზის საუბრისა და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება, მაინც მოაქვთ იგივე კალორაჟის საკვები“, – განუცხადა „ქრონიკას“ ზურაბ ჩხაიძემ. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დღეს გონების დაკარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.

„ნაციონალური მოძრაობა”, ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში”- გიორგი კაპანაძე

,,ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში პროდასავლურ პარტიებთან ერთად…”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ მედიასთან გადაცემა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და გავაკეთებთ ჩვენ კოალიციურ მთავრობას… ფაქტობრივად ამის კონტურები გამოიკვეთა. რაც შეეხება ზოგიერთ პოლიტიკოსს ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, თავისი კრიტიკის ქარცეცხლი მიმართული აქვს ნაციონალური მოძრაობის ან კიდევ ცალკეული ლიდერებისაკენ, ყველას ვურჩევდი: მეგობრებო, ფოკუსი გავასწოროთ“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

,,ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება” – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე. მანამდე კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმას ცდილობდა, ორი მოწყობილობა მწყობრიდან გამოიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, მოგვიანებით, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პრეზიდენტი იმ მომენტში კრემლში არ იმყოფებოდა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილები შევიდა

პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს შეეხება.

,, ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს” – მიხეილ სააკაშვილი

„დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“უკავშირდებოდა მთავრობის სტრატკომს“ – Meta-მ არაავთენტური ქცევისთვის 117 ანგარიში წაშალა

Facebook-ის განცხადებით, ეს გვერდები და ჯგუფები ადგილობრივ და დამოუკიდებელ პრო-სამთავრობო ჯგუფებს წარმოადგენდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქსელის მთავარი მიზანი იყო გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერად, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პრო-სამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარების ჩათვლით. ისინი ასევე ავრცელებდნენ კრიტიკას ოპოზიციის მიმართ, Facebook-ის განცხადებით, კრიტიკა განსაკუთრებით გაძლიერებული იყო რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლო საჯარო საპროტესტო გამოსვლების დროს. Facebook-მა შიდა გამოძიების შედეგად რეგიონში აღმოაჩინა “საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევა”. კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების დროს ანგარიშების მიღმა მყოფი პირები პოსტავდნენ ე.წ. მიმებს, ტექსტურ სტატიებსა და კომენტარებს. Facebook-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის მიღმა მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან. კომპანია აღნიშნავს, რომ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისთვის დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

ჩემთვის გაცილებით სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი NDI-ს კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ IRI-ის კვლევებს უფრო ენდობა, ვიდრე NDI-ის. „ჩემთვის გაცილებით სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის, მოყოლებული ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან. შესაბამისად, ყველა კვლევას, როგორი კვლევაც არ უნდა იყოს გულმოდგინედ ვკითხულობ, მაგრამ გაცილებით მეტი ნდობა მაქვს IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევებისადმი. ამხელა აცდენა არაადეკვატურად მიმაჩნია“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ვერ ვაჩვენეთ ძალა, ამიტომაც ოპოზიციის ნდობის ფაქტორი ეცემა – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე NDI-ს კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი ეცემა. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ შეუძლიათ პოზიტიური ფუნქციის შესრულება. „ჩვენ ადამიანები ვერ დავარწმუნეთ და ვერ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია პოზიტიური ფუნქციის შესრულება, რას ვთავაზობთ, რა არის ალტერნატივა, როგორია სახელმწიფო მოწყობა და ვერ ვაჩვენეთ ძალა – ესაა მთავარი. ძალაში არ ვგულისხმობ ქუჩაში გამოსვლას, ვგულისხმობ ყველაფერს ერთად. ეს ყოველთვის იყო, ყოველთვის ვსაუბრობდი ამაზე, რომ ოპოზიციის ნდობის ფაქტორი ეცემა“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საქართველოში მედია გარემო ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა – დავით ჩიხელიძე

„მედიის შევიწროებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომელთა მმართველობის დროს, მედია სახელმწიფოს ჰქონდა მიტაცებული, კრიტიკული მედია და ჟურნალისტები იდევნებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, როგორც ანგარიშშია ნათქვამი საქართველოში მედია გარემო გაუმჯობესდა, რაც რეიტინგში აისახა,“ – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ნათლად აჩვენებს სად იყო საქართველო და დღეს სად არის: „საქართველო 180 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა იგივე ორგანიზაციის გასული წლების ანგარიში, „ნაცების“ მმართველობის პერიოდში 2010-2011 წლებში პრესის თავისუფლების მიხედვით საქართველო მე-100 და 104-ე ადგილს იკავებდა. ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ნათლად აჩვენებს სად იყო საქართველო და დღეს სად არის. მანიპულაციაა ყოველგვარი საუბრები თავისუფალი მედია გარემოს შეზღუდვის შესახებ, საქართველოში მედია გარემო ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა, დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების მხრიდან არ ხდება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. ჟურნალისტთა ფართო თავისუფლებამ ქვეყანა პრობლემის წინაშე დააყენა. კერძოდ, საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკოსი ჟურნალისტების მიმდინარეობა, რაც ჟურნალისტურ ღირებულებებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“, – წერს ჩიხელიძე.

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევში, უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინის საჰაერო ძალებში დააზუსტეს, რომ საჰაერო განგაში რუსეთში შორი მანძილის ბომბდამშენის, Tu-22M3-ის აფრენის გამო გამოცხადდა.