Home Blog Page 2021

თბილისის მერიამ 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი ჩაურიცხა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 1 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 39-მა წევრმა მიიღო.

თბილისის მერიამ თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განახორციელა.

თუშეთის გზის პირველი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოების  გაუმჯობესების  პროექტის ფარგლებში, პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ითვალისწინებს  საავტომობილო  გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია. დარჩენილ 43.6 კმ-ზე კი, რომელიც 3 მონაკვეთისგან შედგება, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. ამ ეტაპზე, ერთ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო 2-ზე უხალოეს დღეებში გამოცხადდება.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე  ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს   უკავშირდება. თუშეთის გზა,  გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი, აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა  და  მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა  წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

“ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია”

ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითქმის რვა ათწლეული გავიდა ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებიდან. მისი თქმით, მას შემდეგ განვლილ დროში მთლიანად კაცობრიობამ, ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველებმა, ისევე როგორც სხვა ერებმა, გამოვიარეთ თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები და ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები.

„სულ რამდენიმე დღეში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წლისთვს აღვნიშნავთ. თითქმის რვა ათწლეული გავიდა ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებიდან. მას შემდეგ განვლილ დროში მთლიანად კაცობრიობამ, ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს. ჩვენ, ისევე როგორც სხვა ერებმა, გამოვიარეთ თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები. ასე რომ, ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები. მაგრამ ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია. პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა ევროპის კონტინეტზე მიმდინარე მასშტაბურმა სამხედრო კონფლიქტმა”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ღარიბაშვილს ოჯახზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს, რომლებიც მეორე კვირაა იქ ღამეს ათევენ”

ღარიბაშვილს დედებზე, ოჯახზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს მისი კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად მეორე კვირაა იქ ღამეს ათევენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, აბსტრაქტული საუბარი ოჯახის სიწმინდეზე ყალბია მაშინ, როცა ადამიანები “გასაოცარი ეკონომიკური ზრდის პირობებში” ოჯახებს ტოვებენ და ევროპაში მიდიან გადასარჩენად.

“რაც შეეხება საუბარს დედებზე, ოჯახზე, ბავშვებზე, ამ კარგ თემებზე ბუდაპეშტში საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავის კაბინეტიდან, სადაც დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად მეორე კვირაა იძულებულები არიან ღამე ათიონ კანცელარიის წინ. მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე და ის, რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება! გაიგონოს, რომ წამალი სჭირდებათ ბავშვებს და შეხვდეს დედებს, რომლებიც ღამეს ათევენ მასთან შეხვედრის მოთხოვნით. ასე აბსტრაქტულად საუბარი დედებზე, ბავშვებზე და ოჯახზე, არის სიყალბე! ჩავიდეს ქუთაისის აეროპორტთან, სადაც დედები და მამები იძულებულნი არიან მისი მთავრობის პირობებში, “გასაოცარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის” პირობებში, რომელსაც ვერავინ გრძნობს მისი კორუმპირებული ჩინოვნიკების და ნათესავების გარდა, ჩავიდეს იქ და ნახოს, როგორ ინგრევა ოჯახები, როგორ არიან იძულებულნი რომ გადასარჩენად წავიდნენ, სხვათა შორის, ევროპაში და დასავლეთში,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“გააჯანსაღეთ თქვენი საკვები, ჩვენი ბიოლოგიური სასუქით”- აგრო სერვის ჯგუფი

 აგრო სერვის ჯგუფ-მა (ASG)  შექმნა  უნიკალური პროდუქცია, აზოტის , კალიუმის და ფოსფორის შემცველობის სასუქები, რომელიც შეიქმნა ,ბაქტერიების საშუალებით – ინფორმაციას  სოციალურ ქსელში  მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტი, მალხაზ გულაშვილი ავრცელებს.

“შევქმენით უნიკალური პროდუქცია, აზოტის , კალიუმის და ფოსფორის შემცველობის სასუქები, სასუქები რომელიც შეიქმნა ,ბაქტერიების საშუალებით , ბუნებრივი სასუქი რომელიც წარმატებით ჩაანაცვლებს ქიმიურ სასუქებს, პესტიციდებს, ქიმიური სასუქი მიწას ანადგურებს და ფიტავს ხოლო ჩვენი სასუქი 30% ით ზრდის მოსავლიანობას, ასევე შევქმენით კომბინირებული სასუქი სადაც ერთად არის თავმოყრილი, კალიუმი, ფოსფორი და აზოტი, ასევე შევქმენით ფხნილოვანი სასუქიც, ჩვენი ჯგუფი ზრუნავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რომ გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა უვნებელი პროდუქცია , რომელიც არ არის პესტიციდებით და ქიმიით დაბინძურებული, უკვე ჩავატარეთ ტესტი; ვაზზე, ქერზე , ხორბალზე, ბროწეულზე, ნუშზე, ყვავილებზე,სიმინდი, კიტრი -პომიდორი, ლურჯი მოცვი, თხილზე, მარწყვზე,საქართველოში ასევე ვგეგმავთ გავაფართოოთ, პროდუქტების არეალი აღნიშნული ტესტი ჩატარდა უკვე; ზამბიაში, ზიმბაბვე, ნიგერია, კენია, -აფრიკა სამხრეთ ამერიკა – პარაგვაი, აზია – ბანგლადეში, საქართველო-კავკასია.

მსურველებს შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენი უნიკალური ქართული წარმოების პროდუქცია, ჯერ ჯერობით გაფართოებამდე ,შეგვიძლია 24000 ლიტრი სასუქის წარმოება თვეში. 1 ლიტრი ყოფნის 1 ჰექტარს ხანდახან ორსაც გააჩნია კულტურას, გამოიყენება ყველანაირი მცენარისთვის მოკლედ გელით გაშლილი ხელით ,,გააჯანსაღეთ თქვენი საკვები, ჩვენი ბიოლოგიური სასუქით” – აგრო სერვის ჯგუფის (ASG).

https://www.facebook.com/faskunji67/posts/pfbid0pBJ5QeD3Mbq55XWaAkNbjmfsrcbj8ZHCiQDELL7L3kLXGQtnFVacPf6qHx9CTL13l

“შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები”

აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.

“მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა” – პრემიერი

დიახ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია; მაგრამ ჩვენი კათოლიკეები,  მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას. ჩვენთვის ძალზე ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანმშრომლობის ეს ისტორია. ჯერ კიდევ XI-ე საუკუნეში ჩვენი უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი რელიგიურ დღესასწაულებზე მეჩეთში სტუმრობდა მუსლიმებს პატივისცემის გამოსახატად. სხვათა შორის, საქართველო უნიკალური ქვეყანა იმითაც, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები დღესაც ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა.

„ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც ებრაელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ,  არასდროს ყოფილა მათი დევნა. ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან უნიკალურ მეგობრული თანაცხოვრების უდიდეს აღიარებას ნიშნავს.

ასე რომ, ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა და საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა, ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეირაღებული, ხშირად სწორედ რელიგიის, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით – სინამდვილეში თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდება,”- აღნიშნა პრემიერმა.

“რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება”

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს.

“დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი – დაშავდა.

ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში”,– განაცხადა პრემიერმა.

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა დაინერგება

თიბისისა და Visa-ს პარტნიორობით საქართველოში B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა – Visa B2B Connect დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და  Visa B2B Connect-ის, CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა მოაწერეს ხელი.

 

Visa B2B Connect გადახდების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპერაციების განვითარებას და საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებას.

 

Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა  distributed ledger technology (DLT), რაც უზრუნველყოფს როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება  გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს შუამავალი რგოლისაგან ათავისუფლებს.

 

„თიბისი, როგორც ბაზრის ლიდერი, ორიენტირებულია მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაზე, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კი ინვესტიციებისა და ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ბიზნესებს გამარტივებული და სანდო საოპერაციო გადაწყვეტები შევთავაზოთ, მათ შორის, ფულის მოძრაობისა და გადახდების მიმართულებით. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესებისათვის ალტერნატიული გადახდების სისტემის იმპლემენტაციას, რაც მათი ტრანზაქციების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს. ინოვაციებისა და დიჯიტალიზაციის დანერგვით ჩვენ განვაგრძობთ ტრანზაქციების გეოგრაფიული დაფარვის გაფართოებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას”. – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა

„ვამაყობთ, რომ Visa B2B Connect პლატფორმას ჩვენს პარტნიორთან თიბისი ბანკთან ერთად ვავითარებთ.   გვჯერა, რომ ტექნოლოგიური სიახლეების ერთობლივი დანერგვით, კორპორაციულ კლიენტებს, ბიზნესებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანზაქციების განხორციელებაში დავეხმარებით. ჩვენი მიზანია, თიბისი ბანკთან ერთად კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ინოვაციებსა და გადახდების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში”.- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, კავკასიაში Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა.

 ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი  თუ ინიციატივა განხორციელდა.

 

“არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე”

როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ამტკიცებს.

“ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ.

2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია.

ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა.

ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო” – ირაკლი ღარიბაშვილი

უდავო ფაქტია, რომ დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას.

„რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის – ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში – სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. ორი ათასი წელია მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიების და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა,”- აღნიშნა პრემიერმა.

“უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს” – პრემიერი

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია.

“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად  სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.