Home Blog Page 2020

“ომის დროს კრემლის თავზე ამ ოპერაციის განხორციელების მთავარი მიზანია შეარყიოს რუსეთის ელიტებისა თუ მოსახლეობის რწმენა პუტინისადმი”

რაც უკრაინამ ამერიკელებისგან “პატრიოტები” მიიღო, კიევის ცა საკმაოდ კარგადაა დაცული, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბოლო დროს, უკრაინის დედაქალაქზე რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით თუ დრონებით რამდენჯერმე მიიტანეს იერიში.

“უკრაინელებმა ყველა მათგანი ჩამოყარეს. მგონი, ამის იმედად გაუშვეს უკრაინელებმა დრონები მოსკოვზე. სამხედრო მნიშვნელობა თითქოს ამ ოპერაციას არ ჰქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური კი ჩემი აზრით, განუზომელი. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ, კრემლს უცხოელები არ დამუქრებიან. თუ სწორად მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმაც კი ვერ მოახერხეს კრემლის დაბომბვა. სტალინი, სსრკ-ს უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი (Ставка Верховного главнокомандования), კრემლიდან, როგორც ყველაზე დაცულ ადგილიდან, გაუსვლელად მუშაობდა. უკრაინელებმა კი მოახერხეს, ერთით კი არა, ორი საფრენი აპარატით გადმოეფრინათ ნახევარი რუსეთი, პუტინის საცხოვრებელი და სამუშაო რეზიდენციის, იმპერიის გულისა და მისი მთავარი სიმბოლოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეფრენილიყვნენ . ამით, მგონი, საბოლოოდ დაამსხვრიეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის უძლეველობის მითი და დედაქალაქის მცხოვრებლებსაც დაანახეს, რომ ომი სადღაც შორს კი აღარ არის, არამედ მათ ქალაქშიც მოვიდა, რაც თითქოს წარმოუდგენელი ჩანდა. კრემლის პროპაგანდისტის აფეთქება სანკ პეტერბურგის ცენტრში, მოსკოვის თავზე დრონების გამოჩენა მიუთითებს, რომ რუსეთში დაცულად არავინ არ უნდა იგრძნოს თავი. გახსოვთ, 1988 წელს 20 წლის გერმანელი მათიას რუსტის “მოგზაურობა”, რომელმაც სსრკ-ს ევროპული ნაწილი შეუფერხებლად გადმოიფრინა და თავხედურად დაჯდა წითელ მოედანზე? მაშინ ცივი ომი უკვე დასრულებული იყო, გორბაჩოვს და დასავლეთს თაფლობის პერიოდი ედგათ.

კრემლს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ამ ინციდენტმა მაინც უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიაყენა სსრკ-ს, მის შეიარაღებულ ძალებს, რამაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის და ბევრი გენერლის გადაყენება გამოიწვია. ახლა ვითარება ბევრად სერიოზულია. ჩემი აზრით, ომის დროს კრემლის თავზე ამ ოპერაციის განხორციელების მთავარი მიზანია შეარყიოს რუსეთის ელიტებისა თუ მოსახლეობის რწმენა პუტინისადმი, დაანახოს რუსებს მისი მმართველობის სრული უმწეობა და უუნარობა. ასეთი ნაბიჯებით უნდა გაღვივდეს საპროტესტო განწყობები რუსეთში, რათა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც რუსულ ელიტებს უბიძგებს შედარებით უმტკივნეულოდ შეცვალონ პუტინი. ჩემი აზრით ყველა კარგად ხვდება, რომ “ბუნკერის ბაბუს” მმართველობის პირობებში ამ ომს დასრულება არ უწერია. პუტინთან რაიმე შეთანხმების მიღწევა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული შეუძლებელი ჩანს. ამიტომ რუსეთში უნდა შეიქმნას სიტუაცია, რომ დიქტატორის შეცვლა შესაძლებელი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი უმნიშვნელოვანესია, თავად რუსებში, მათ ელიტებში გაჩნდეს ფიზიკური საფრთხის, შიშის, დაუცველობის, ჩიხური სიტუაციის განწყობა და აქედან გამოსავლის ძიების მოთხოვნილება. მგონი კრემლზე დრონებით შეტევის ამოცანა, ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იყო,”- წერს ირაკლი მელაშვილი.

თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის – FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა. კვლევის მიზანია, კომპანიებს და ინვესტორებს გააცნოს სექტორის მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პოტენციალი.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის თანახმად, 2022 წელს FMCG ბაზარი წლიურად 37%-ით გაიზარდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, ზრდის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ნომინალური ხელფასის უფრო მეტად გაზრდაა, ვიდრე სამომხმარებლო ფასების, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი.

მოსახლეობის მიერ FMCG პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც გარკვეულწილად საშუალო კლასის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

2022 წელს შინამეურნეობების საშუალო თვიური ხარჯი 2 844 ლარი იყო, საიდანაც 1324 ლარი – FMCG პროდუქციაზე, 1522 ლარი კი სხვა პროდუქტებსა და სერვისებზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობების თვიური ხარჯი, ჯერ კიდევ 2017 წელს, საშუალოდ 1351 ლარი იყო.

FMCG პროდუქციის ფასები ჯამურ ინფლაციაზე მეტად გაიზარდა, რამაც ასევე შეუწყო ხელი ბაზრის ზრდას. ინფლაციით შესწორებული ბაზრის დინამიკა მიანიშნებს, რომ 2022 წელს ზრდა ძირითადად ძლიერი მოთხოვნით იყო განპირობებული. ინფლაციით შესწორებული FMCG ბაზრის რეალიზაციებმა 2022 წელს 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ორგანიზებულ FMCG ბაზარს, მას ჯერ კიდევ აქვს გაფართოების პოტენციალი და ძლიერ ზრდას განაგრძობს. ორგანიზებული FMCG ბაზრის ბრუნვა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და ბაზრის ბრუნვამ 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წელს, ბაზრის ბრუნვა სავარაუდოდ 7.3 მილიარდ ლარს შეადგენს.

რეგიონული FMCG ბაზარი მზარდია და ჯამური ბაზრის 66%-ს შეადგენს, თუმცა, რეგიონში მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოწვევად რჩება. 2021 წელს ჯამური FMCG ბაზრის ბრუნვიდან 4.9 მილიარდი ლარი თბილისზე მოდიოდა, 9 მილიარდი ლარი კი – რეგიონებზე, 2022 წელს რეგიონებში ბაზრის ბრუნვამ 12.5 მილიარდი ლარი, თბილისში კი 9 მილიარი ლარი შეადგინა. დედაქალაქი ორგანიზებული ბაზრით საკმაოდ გაჯერებულია, რეგიონები კი მეტწილად აუთვისებელია და ორგანიზებული ბაზრისთვის ზრდის პოტენციალს წარმოადგენს. 2022 წელს ორგანიზებული FMCG ბაზრის ყველაზე დაბალი წილი – 9-9%, გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე მოდიოდა.

მზარდი მოთხოვნა, რეგიონების მეტად ათვისება და საერთაშორისო ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ 2025 წლისთვის ორგანიზებული ბაზრის წილი 40%-ს მიაღწევს.

ორგანიზებულ FMCG ბაზარზე კონკურენცია სულ უფრო მატულობს და 2019-2020 წლებისგან განსხვავებით, თანაბრად ნაწილდება ყველა ზომის კომპანიაზე. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ორგანიზებული FMCG ბაზარი კომპანიებს შორის შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: 18.1% – ნიკორა, 17.0% – ორი ნაბიჯი, 13.8% – შედარებით მცირე ზომის კომპანიები, 15% – კარფური, 10.8% – მაგნიტი, 7.7% – სპარი, 4.7 – სპარის სხვა ფრენჩაიზები, 4.3 – დეილი, 4. 3% – გუდვილი,. 4.1% – აგროჰაბი.

მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზრის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.

ორგანიზებული FMCG ბაზარზე შედარებით მცირე ზომის კომპანიების გადანაწილება 2022 წელს ასეთი იყო: 3.2% – ფრესკო, 3.0% – მემო/უნივერსამი, 2.2% -ზღაპარი, 2.2% – მადაგონი, 1.4% – ევროპროდუქტი, 1,1% – ექსპრეს ქსელი, 0.9% – სმარტი. ორგანიზებული ბაზარი უმეტესწილად ახალი მაღაზიების ხარჯზე გაიზარდა და მომავალშიც ინტენსიური გაფართოებაა მოსალოდნელი.

2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მცირე ზომის მაღაზიების გახსნა იყო პრიორიტეტული, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვებზე დადებითად აისახა. 2022 წელს ბაზარზე მცირე ზომის მაღაზიების რაოდენობა 2171 იყო, მაშინ როდესაც 2021 წელს – 1819 მაღაზია იყო. 2022 წელს, წლიური გაყიდვები ერთ კვადრატულ მეტრზე 12433 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

პოსტ-პანდემიური აღდგენის შემდეგ, მზარდია ღამის საათებში გადახდების წილი, რაც სადღეღამისო მაღაზიების საჭიროებაზე მიგვანიშნებს. 2022 წელს ყველაზე მეტი დანახარჯი 12:00-19:00 დღის მონაკვეთში ფიქსირდებოდა – ჯამური დანახარჯების 45%. 00:00-08:00 მონაკვეთში კი დანახარჯების 19% მოდიოდა, რაც 2021 წელს მხოლოდ 15% იყო.

FMCG სექტორის მომხმარებლებში მზარდია ახალგაზრდების წილი, რაც ელ-კომერციის მზარდ პოტენციალზე მიანიშნებს. FMCG სექტორის მომხმარებლების ყველაზე აქტიურ სეგმენტს – 30-39 წლის მომხმარებლები შეადგენენ.

ევროპის ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით, ელ-კომერციის წილის ზრდა არის მოსალოდნელი. საქართველოში ელ-კომერციის წილი FMCG სექტორის რეალიზაციებში, 2021 წელს 1.9% იყო, მაშინ როდესაც ესპანეთში – 2.9%, იტალიაში – 3%, პორტუგალიაში – 3.2%, ჩეხეთში – 3.6%, გერმანიაში – 4.2%, შვედეთში – 7.5%, ნიდერლანდებში – 8.1%, საფრანგეთში – 8.8%, ინგლისში კი -13% იყო.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას გაეცანით ბმულზე.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მაღალი შეფასება უაღრესად მრავლისმეტყველია” – დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება:

“ბრავო ირაკლი ღარიბაშვილს! მართლაც საამაყო იყო მისი გამოსვლა!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს მაღალი შეფასება უაღრესად მრავლისმეტყველია:

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხმა დღევანდელ მსოფლიოში ძალუმად ისმის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს, ამ არეულობასა და ომიანობაში კვლავაც მტკიცედაა უფლის მხარეს – სიმართლის, სამართლის, სამართლიანობისა და მშვიდობის მხარეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ურყევადა დგას საკუთარ სჯულზე და მეტიც: იგი ერთ-ერთი ბურჯია ქრისტეს სჯულისა.

საცა სიმართლეა, სამართალია, სამართლიანობაა, სამართლის იდეაა, ე.ი. საცა სჯულია – იქ საქართველო ლიდერი ქვეყანაა და არა აუტსაიდერი! მას კი ასწავლიან, არამედ მისგან სწავლობენ! იგი “კანდიდატი” კი არ არის, არამედ როგორც იმთავითვე, უწინაც, და აწ და მარადის ქრისტეს კვართის მცველი ქვეყანა!”– წერს დავით ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში იმყოფება.

“აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები,” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.

“მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი” – იაგო ხვიჩია

მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი, 2012- ში იყო ჩამოსული მიშას აქციებზე, მოეფერა ჩვენს ხელისუფლებას და ცოტა ხანში იმ ხელისუფლებამ არ დაამთავრა კარგად – ამ თვალსაზრისით, ვურჩევდი ფიქრს ბატონ ღარიბაშვილს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის გამოსვლას, ხვიჩიას განცხადებით, „პოპულისტური სისულელეა ზოგადად, რომ თითქოს ერს იცავენ რაღაცისგან და ასეთი სადღეგრძელოები „ქართული ოცნებისგან“ დამახასიათებელია”.

„მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი. მოგეხსენებათ 2012- ში საქართველოში იყო ჩამოსული მიშას აქციებზე და ხალხი „ვიქტორ, ვიქტორს“ უყვიროდა, იქიდან ის მოეფერა ჩვენს ხელისუფლებას და ცოტა ხანში იმ ხელისუფლებამ არ დაამთავრა კარგად. ამიტომ ორბანი რომ გაქებს, როგორც ჩანს, ქართველებს არ გვაქვს კარგად დაცდილი და ამ თვალსაზრისით ვურჩევდი ფიქრს ბატონ ღარიბაშვილს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

“დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებების ახალი კერების გაჩენა”- ნიკა მელია

აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, „დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს – ასევე, მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან“.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რჩება სულ რამდენიმე კვირა და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა, როგორც მინიმუმ:

1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე; 2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება იგი) პარტიის მხრიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვასკვნით: ამ უმთავრესი საკითხის მიღმა, მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ დროსა და ვითარებაში, ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“, – წერს მელია.

https://www.facebook.com/Nika.Melia5/posts/773212220832363

კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა – რუსული მედია

კრასნოდარის რეგიონში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას და ინციდენტის ამსახველ ვიდეო-მასალას, კრასნოდარის გუბერნატორი ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ქარხანაში დრონით თავდასხმისას ცეცხლი გაჩნდა, ხანძრის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა ორსაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. მსგავსი ინციდენტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სადგურზე, სევასტოპოლში 29 აპრილსაც მოხდა, რაზეც რუსეთმა პასუხისმგებლობა, უკრაინას დააკისრა.

“ხელისუფლებაც დაკავშირებულია ქოლცენტრებთან და ამიტომ არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერა”- ხატია დეკანოიძე

ხელისუფლებაც დაკავშირებულია ქოლცენტრებთან და ამიტომ არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას იმიტომ, რომ პირველ რიგში, მე არ მჯერა, რომ იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც აღწერილი იყო BBC-ის საგამოძიებო მასალაში, საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა. იმიტომ, რომ იცის ყველაფერი“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.

“გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- გია ვოლსკი “ქოლცენტრების” საქმეზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განაცხადებით, „ქოლცენტრების“ საქმეზე მიმდინარე  გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს.

“ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს”- აცხადებს გია ვოლსკი

მისი თქმით, „ბიბისის“ გამოძიებამ კონკრეტული მასალები დადო, რაც შეიძლება უკვე წარმოჩინდეს, როგორც ბრალდების საფუძველი.

„რასაკვირველია, რადიკალური ოპოზიციის ფუთფუთი გასაგები ხდება იმ თვალსაზრისით, რომ გამორიცხულია, რომ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკური მფარველია ოპოზიციის, რა საკვირველია, ისინი მოინდომებენ იმას, რომ გამოძიებიდან აქცენტები გადმოტანილი იყოს საპარლამენტო კომისიაზე. მათი გააფთრებული მოთხოვნის საფუძველი სწორედ ეს შეიძლება იყოს.

გიორგი გახარიას გუნდი ცდილობს, ამ თემას გაემიჯნოს, რადგან სწორედ გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს წარმოიშვა და გაფართოვდა ეს თემა. ზოგიერთი გამიჯვნის და ზოგიერთიც ინფორმაციის მოზიდვის მიზნით გააფთრებულად ითხოვს კომისიის შექმნას.

“დიახ, დედა ნამდვილად დედაა, მამა ნამდვილად მამაა” – ალუდა ღუდუშაური

დიახ, დედა ნამდვილად დედაა, მამა ნამდვილად მამაა – თუ ეს ძალადობის წახალისებაა, აგერ, გიწვევთ ნებისმიერს და გაგცემთ პასუხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ღუდუშაურმა ისიც აღნიშნა, რომ “პრემიერ მინისტრის გამოსვლა სანიმუშო, ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერის გამოსვლა იყო და ვინმეს ეწყინა თუ ეტკინა, ცივი წყალი დალიოს“.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, საქართველო ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას, როგორიცაა რწმენა, ოჯახის სიწმინდე, ისტორიისა და ეკლესიის პატივისცემა და ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ამ ღირებულებებშია და არა ფსევდოღირებულებებში.

“ბატონი პრემიერის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მართლაც, ეს ძალიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ფიქრობს. დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, ვართ ამაყი, ვაჟკაცი და ღირსეული ხალხი, რომელიც საკუთარი წარსულით ამაყობს და ბუნებრივია, ფიქრობს, აწმყოზე. ის, რაც საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკლდა, დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან დგას.

პრემიერ მინისტრის განცხადებაში დავინახეთ, რომ დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ წარსულს. საქართველო ტოლერანტობის სამინუშო მაგალითია. ჩვენი კულტურა და წარსული არის საამაყო. ჩვენ, ჩვენი ისტორიითა და იდენტობით ვამაყობთ. საქართველო იმ ღირებულებების ერთგულია, რომელსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია – დიახ, დღეს თუ საქართველო რაიმეს იმსახურებს, ეს არის ევროკავშირის ღირსეული წევრობა.

ჩვენ ვართ შემწყნარებლები, ყველას აზრს პატივს ვცემთ, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ უმცირესობის რომელიმე ჯგუფმა უმრავლესობის ნება გადაფაროს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რუსეთმა კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად მოაწყო – ISW

რუსეთმა კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად მოაწყო, რათა ფართო საზოგადოებრივი მობილიზაციისთვის პირობები შეექმნა, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

ISW-ის ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო ზომები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მოსკოვში და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორ დრონს საჰაერო თავდაცვის რამდენიმე ფენის გადაკვეთა და კრემლამდე მიღწევა შეძლებოდა.

გარდა ამისა, 2023 წლის იანვრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვის ცენტრში „პანცირის“ საზენიტო სარაკეტო კომპლექსები განათავსა. ასეთი საჰაერო თავდაცვის ტექნიკას კი უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება წამებში შეუძლია.

„კრემლის დაუყოვნებელი, შეთანხმებული და კოორდინირებული რეაგირება ინციდენტზე მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა ქვეყნის შიგნით მომზადდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრემლმა დაუყოვნებლივ დაადანაშაულა უკრაინა ტერაქტში და ოფიციალური პირების განცხადებები სწრაფად დაემთხვა ამ ბრალდებას.

„დრონის თავდასხმა შიგნიდან რომ არ ყოფილიყო მოწყობილი, ეს მოულოდნელი იქნებოდა. ასევე, სავარაუდოა, რომ რუსეთის ოფიციალური პასუხი თავიდან გაცილებით არაორგანიზებული იქნებოდა. მაგალითისთვის, კრემლმა ვერ უზრუნველყო დროული და თანმიმდევრული პასუხი გაცემა ბალაკლიასა და ხერსონის დაკარგვაზე 2022 წლის სექტემბერსა და ნოემბერში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ISW-ის ექსპერტების თქმით, კრემლს შეუძლია, რომ მომხდარი ფაქტი 9 მაისის ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი შეზღუდვების გასამართლებლად გამოიყენოს.

“ვებრძვით გენდერულ პროპაგანდასა და სკოლებში განხორციელებულ ბავშვების სექსუალიზაციას” – ვიქტორ ორბანი

თქვენ იცით, რომ არჩევნების წინ ძირითადი ლოზუნგები არის – „არა მიგრაციას“, „არა გენდერულ საკითხებს“, „არა ერების დაყოფას“, „ერების დეზინტეგრაციას“. ჩვენ ასევე ვებრძვით გენდერულ პროპაგანდასა და სკოლებში განხორციელებულ ბავშვების სექსუალიზაციას. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეს მუშაობს კიდეც, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სწორედ მათ ინტერესებს წარმოადგენს.

„მათ ცხოვრებაზე აქვს ამ ყველაფერს გავლენა და ეს მათ ინტერესებს წარმოადგენს, ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს. დემოკრატია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუსტი წერტილია პროგრესული მოძრაობისა. არსებობს ორი გზა ქალაქის დაპყრობისა, ეს ჩვენ ძველი რომიდან ვიცით – თქვენ ან დაიპყრობთ გალავანს ქალაქის გარშემო ან დაანგრევთ ტაძრებს. მე დავიწყებდი ტაძრების დანგრევით და შევინარჩუნებდი კედლებს, ეს არის ასეთი იდეოლოგია ამ ხალხის, რომში, იერუსალიმში, ყველგან იგივე გზა აქვთ ამათ. თანამედროვე ტაძრები მორალისა და იდეოლოგისა ნამდვილი ტაძრები ბრიუსელსა და აშშ-ში ჯერად მყარად დგას ფეხზე, დღესაა 4 მაისი და მაისის ძალა შეგეწიოთ, ასე ვთქვათ,“- განაცხადა ორბანმა.

თიბისის მხარდაჭერით ბაღდათში ტექნოლოგიური ღონისძიება „Dare to Be” გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტექნოლოგიური ხასიათის შეხვედრა გაიმართა. თიბისი, როგორც ტექ ინიციატივების მხარდამჭერი, ამით მიზნად ისახავს, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობა აამაღლოს და მომავალ თაობასაც დაეხმაროს, ამ სფეროში განვითარდნენ.

ღონისძიების ინიციატივა Women Techmakers Georgia-ს ეკუთვნის. შეხვედრის მთავარი მიზანი, რეგიონში მცხოვრები გოგოები და ქალები გაერთიანებაა, რომელთაც ტექნოლოგიების სფეროსადმი ენთუზიაზმი და განვითარებისა თუ სიახლეებისადმი დიდი სწრაფვა ამოძრავებთ. თავად Women Techmakers კომპანია Google-ის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ქალებს აერთიანებს და სფეროში მათი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ბაღდათში, კერძოდ, სოციალურ კაფე გლიცინიაში გაიმართა. იგი დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო მონაწილეობას კი დაახლოებით 30 ადამიანი იღებდა: “ჩართეს” ბენეფიციარები, “დიმელი ქალები” და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სხვა გოგოები თუ ქალები.

„თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება თანამედროვე პროფესიების კუთხით. ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლება კი ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ინიციატივებია . თიბისი ტექნოლოგური კომპანიაა, შესაბამისად, ხშირად ვართ ისეთი ღონისძიებების ორგანიზატორები და მხარდამჭერები, რომლებიც მიზნად ისახავენ ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერებას, ტექში ცოდნის და ახალი ინფორმაციის გაზიარებასა და ნეთვოქრინგის ხელშეწყობას.”- სალომე მიქაბერიძე, თიბისი ტექნოლოგიების ბრენდ მენეჯერი.

“წელს კამპანიის თემაა “Dare to Be” და ჩვენი მიზანიც არის, მონაწილეებს ვაჩვენოთ ტექნოლოგიების სფეროს ფართო შესაძლებლობები, რომ გაბედონ ოცნება უფრო დიდ მიზნებზე, იყონ გაბედულები კარიერულ გზაზე და არა მხოლოდ.ბაღდათში ღონისძიების ჩატარება ჩვენი თანაგუნდელის, ლილი ფულარიანის, დამსახურებაა. ლილი ყოველთვის გვაცნობს სხვადასხვა პროექტის საშუალებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საოცარ ადამიანებს და გვინდოდა, პირველად მათ შევხვედროდით.”- თამთა კაპანაძე, ღონისძების ორგანიზატორი.

R