Home Blog Page 2003

“მოსკოვში გამართულ აღლუმში რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობა ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია” – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს.

„აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა 78 წლის წინ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში და „ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა ყალბ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ნაციზმზე გამარჯვებასთან“.

მოსკოვში, „წითელ მოედანზე“ „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აღლუმში 8 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. რუსეთის ლიდერებისა და ოფიციალური პირების გარდა, აღლუმს ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

“აქედან 2200 კილომეტრში პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს” -ოლაფ შოლცი

მოსკოვში, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2200 კილომეტრში, პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს, ნუ შეგვაშინებს ძალის ასეთი დემონსტრირება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.

„მოდით, შევინარჩუნოთ სიმტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში მანამ, სანამ საჭირო იქნება!“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „წითელ მოედანზე“ „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღლუმში 8 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. რუსეთის ლიდერებისა და ოფიციალური პირების გარდა, აღლუმს ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

“ევროპელი არც თქვენ ხართ, ნამდვილი ევროპა რწმენაზე და სამშობლოზეა დამყარებული”

„ევროპის შესახებ საკმაოდ „საინტერესო“ ხედვები ჰქონია მარქსის იდეებისთვის მებრძოლ სოციალისტს. გვეუბნება საქართველოს მთავრობას რეფორმები მოთხოვეთო. უკაცრავად, მაგრამ როგორი სახის რეფორმები? ის, რომ დედა და მამა დავნომროთ და ადამიანური სიყვარული ცხოველურ ვნებებზე დავიყვანოთ?“ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

„ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი კეტი პირი – საქართველოს მოსახლეობის მხრიდან საჭიროა, რომ მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. მდააა, ევროპის შესახებ საკმაოდ “საინტერესო” ხედვები ჰქონია მარქსის იდეებისთვის მებრძოლ სოციალისტს. გვეუბნება საქართველოს კარგად ვიცნობო და გვეუბნება მთავრობას რეფორმები მოთხოვეთო.

უკაცრავად, მაგრამ როგორი სახის რეფორმები? ის, რომ დედა და მამა დავნომროთ? ის, რომ რწმენა უარვყოთ? ის, რომ ადამიანური სიყვარული ცხოველურ ვნებებზე დავიყვანოთ? არ იცნობთ თქვენ ქალბატონო კეტი ქართველებს და ვისი “იდეებიც” ქართველი ხალხის სურვილი გგონიათ, ისინი ქართველები არ არიან. თქვენ წარმოიდგინეთ და არც ევროპელები. ეგ კი არა და ევროპელი არც თქვენ ხართ, თუნდაც იმიტომ, რომ ნამდვილი ევროპა კონსერვატიულია. ნამდვილი ევროპა რწმენაზე, ოჯახზე და სამშობლოზეა დამყარებული და არა საქართველოს კონსერვატიული აზროვნების ხალხის, არამედ სწორედაც თქვენი და თქვენნაირების ადგილი არ არის ევროპაში,“ – წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუკზე.

“ქვეყანაში არჩევნები თუ აზრს დაკარგავს, მაშინ გამოსავალი არის რევოლუცია”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით,  ხელისუფლება როდესაც აცხადებს, რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს, ცესკო-ს თავმჯდომარეს ნიშნავს, რათა ბოლომდე მის მიერ იყოს მართული, როდესაც არანაირი ცვლილება არ უნდა სასამართლოში, ქვეყანაში არჩევნები თუ აზრს დაკარგავს, მაშინ ხელისუფლების უზურპაციისგან გამოსავალი არის რევოლუცია”

გოცირიძის განაცხადებით, რევოლუცია ყოველთვის არ ნიშნავს ხელისუფლების არჩევნების გარეშე დათმობას.

„მშვიდობიანი რევოლუცია იყო სომხეთში, შედეგიანი რევოლუცია იყო საქართველოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხალხს ხელისუფლება შეუცვლია. ამიტომ ალბათ ხალხი თავად იგრძნობს, რა ფორმით უნდა გაუშვას პრორუსული ძალა ხელისუფლებიდან – არჩევნების გზით თუ, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, კინწისკვრის გზით. ასე რომ, სიტყვა რევოლუციით ნურავინ ნურავის აშინებს. გვინახავს რევოლუცია ჩვენც, მათ შორის საქართველოში. არავინ სროლას არ აპირებს და არავინ აპირებს იარაღით პარლამენტში შეჭრას. ხალხის დიდი მასის გამოსვლის შემდეგ, ხელისუფლებები იძულებული არიან, ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში გამარჯვებული უკვე ცნობილია. ხელისუფლება როდესაც იძულებულია, არჩევნები ჩაატაროს, ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება მიდის. ამიტომ რევოლუცია ყოველთვის არ ნიშნავს ხელისუფლების არჩევნების გარეშე დათმობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოსკოვში აღლუმმა მხოლოდ ერთი ტანკით და ავიაციის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა – CNN

მოსკოვში, “გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, – ამის შესახებ CNN იუწყება.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, გამოფენილი იყო 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

CNN-ის ცნობით, წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.

“მითხარით, სად ისწავლოს ქართველმა ახალგაზრდამ თანამედროვე ეკონომიკა?!” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

მართალია, საქართველოს დილეტანტი ხელისუფლებები ასეთ საკითხებზე არ ფიქრობენ, არც იციან და არც უნდათ, რომ იცოდნენ, – მაგრამ დალაგებულ ქვეყნებს რომ უყურებთ და ისეთი ქვეყანა გნებავთ, მხარს კი ბელადებს და მათ მატარებელს მოყოლილ ბალასტს უჭერთ, -არაფერი გამოვა!

ის ქვეყნები ცოდნამ, პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ და საკუთრის განვითარების დიდმა ამბიციამ გახადა ისეთი აყვავებული და არა გაუნათლებლობამ, დამპალმა იდეოლოგიამ და უზნეო და უნამუსო საშუალო და უფროსი თაობის “პროფესორებმა” და “მეცნიერებმა”, ახალგაზრდების მცირე ნაწილი რომ ჩაიგდეს ხელში დამპალ უნივერსიტეტებში და ანადგურებენ მათ ცნობიერებას!

აი, რა მინდა გითხრათ ამ შენიშვნით:
თანამედროვე ს ი ვ რ ც ი თ ეკონომიკაში (რომელიც არსად ისწავლება საქართველოში!) “ცენტრალური ადგილის თეორიას” მნიშვნელოვანიადგილი უჭირავს.

ეს თეორია (რომელიც გეოგრაფიიდან მოდის), ცდილობს ახსნას და აჩვენოს დასახლებული პუნქტები როგორ უნდა განლაგებული იქნან ერთმანეთის მიმართ, ცენტრალური ადგილი ბაზრის რა ფართობს შეიძლება აკონტროლებდეს და რატომ არის, რომ ზოგიერთი ცენტრალური ადგილი ფუნქციონირებს როგორც სოფელი, როგორც დასახლება ან როგორც ქალაქი.

გასაგებია?!

და არა ისე, როცა საქართველოს რეგიონები პარტახდება და ადამიანების დიდი ნაწილი თბილისში იყრის თავს, რაც არა მარტო არანორმალურია, არამედ, გამანადგურებელიც და წარმატებით ახორციელებს დასახულ მიზანს – ქართველების გაყრა-გაძევებას საკუთარი ქვეყნიდან!

სწორად განლაგებულ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში, რომელიღაც ერთეულები ცენტრის ფუნქციას ასრულებს და წარმატებით უზრუნველყოფს საქონლისა და მოსახურების მიწოდებას მის გარშემო განლაგებულ დასახლებებსა და ქალაქებში მცხოვრებთათვის!

მაგრამ ეს ამოცანა რომ გადაწყდეს წარმატებით, -ამას უმაღლესი რანგის პროფესიონალები სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკაში (პასუხისმგებლობა და ცოდნა), არამედ, უმაღლესი კლასის ეკონომისტები!

საქმე ისაა, რომ ამ ამოცანის (დროსა და სივრცეში განაწილების, ანუ ალოკაციის) გადაჭრას აუცილებლად სჭირდება ისეთი უმაღლესი კლასის მათემატიკური აპარატი, როგორიცაა ფუნქციონალური ანალიზი და არა მხოლოდ!
საქმე უფრო რთულადაა!

ფიზიკოსი შეიძლება არ იყოთ, მაგრამ “ველის თეორია” ყურმოკვრით მაინც გაგებული გქონდეთ!

მოკლედ ავხსნი: ველის თეორიას მრავალი წარმოდგენა აქვს, რომელიც გულისხმობს ფიზიკაში მნიშვნელობებსა და განსაზღვრებებს. ეკონომიკასთან მიმართებაში ველი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც «სივრცეში რაღაც მოქმედი ძალის გადაცემის გარემო».

ძირითადი მათემატიკური აპარატი დაფუძნებულია კომპლექსური ანალიზის კონფორმული ასახვის კონცეფციაზე, მაგალითად, ელექტროსტატიკის, გრავიტაციული ველის და თბოგადაცემაზე (უფრო ზუსტად, თბოგაცვლაზე) და ა.შ.
ამ მიზეზის გამო აუცილებელი ხდება “ველის თეორიის” გამოყენება “სივრცით ეკონომიკაში”, განსაკუთრებით კი “ცენტრალური ადგილის თეორიისთვის”, რათა ამ თეორიისთვის უზრუნველყოფილი იქნას მყარი თეორიული ბაზა.

p.s.

მითხარით ერთი, სად ისწავლოს ქართველმა ახალგაზრდამ თანამედროვე ეკონომიკა?!

ქართულ უნივერსიტეტებში, სადაც კი არსებობს სპეციალობა “ეკონომიკა”? სად? რას ასწავლიან ამ უნივერსიტეტებში, ის ოდნავ მაინც უახლოვდება თანამედროვე ეკონომიკის სწავლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში? შეგიძლიათ მაჩვენოთ ერთი სტუდენტი “ეკონომიკის” სპეციალობაზე, რომელსაც წაკითხვაც კი შეუძლია თანამედროვე ეკონომის სახელმძღვანელოებისა, რომელიც საყოველთაოდ ისწავლება ყველა წამყვან უნივერსიტეტში?

ვერ მაჩვენებთ!

შეიძლება ამ სახელმძღვანელოების წაკითხვა ერთმა-ორმა პროფესორმა შეძლოს! სულ ესაა!

დაინტერესებულ ახალგაზრდა ეკონომისტებს, ვისაც სურვილი ექნება, 20 მაისიდან განვაახლებ სამეცნიერო სემინარს “თანამედროვე ეკონომიკა – მაკროეკონომიკური კვლევები”. სემინარი თვეში ერთხელ გაიმართება. 20-ში მოხსენებას მე გავაკეთებ თემაზე “ფირმის მდგრადობის არაწრფივი დინამიკური მოდელი”.

ადევნეთ თვალყური განცხადებებს: სადღაც წლის ბოლოსთვის ზემოთ აღნიშნულ თემასაც განვიხილავ სემინარზე.

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავი მიულოცა.

უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 114 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია; მათგან ყველაზე უხუცესი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 104 წლის, ალექსანდრე ბუსკივაძეა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ( მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი )_ 500 ლარს.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები_ ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები.

მეორე მსოფლიო ომი, ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან, 20 მილიონი _ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში, 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი _ 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.

ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000 – მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დასამარცხებლად, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომი, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.

“ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს” – ოლექსი რეზნიკოვი

„ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ვულოცავ ყველა ევროპულ ერს ევროპის დღეს! მჭიდრო თანამშრომლობამ და ინტეგრაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის მშვიდობასა და კეთილდღეობაში. მაგრამ ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და არ გახდება ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი“, –  წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

“ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება” – კახა კალაძე

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიზმი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ამ ძვირფას ადამიანებს. მათმა თავდადებამ და ბრძოლამ მოგვიტანა მშვიდობა და წერტილი დაუსვა კაცობრიობის უდიდეს ბოროტებას – ფაშიზმს. ვუსურვებ ჩვენს ვეტერანებს ჯანმრთელობას და მხნეობას! აქვე, ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომელთა ნაწილი დღემდე უცნობ ჯარისკაცად დარჩა. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. დღეს ასევე აღინიშნება ევროპის დღე. საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც ევროპულ ოჯახში თანასწორი, დემოკრატიული, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია“, – წერს კახა კალაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ უმრავლესობას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნისა და ასევე, მის მიღებამდე, ეუთო/ოდირის შეფასებების დალოდებისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიზანი ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟია.

წითლიძის თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოსგან ქმედით საარჩევნო რეფორმას ითხოვენ, რაც 12 -პუნქტიან რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული.

“მაშინ როცა ხელისუფლების მთელი ძალისხმევა კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ უნდა იყოს მიმართული, დაგეგმილი ცვლილებით “ქართული ოცნება” პროცესს საბოტაჟს უცხადებს. ცენტრალური და საოლქო კომისიები ისედაც “ქართული ოცნების” მიერ კონტროლდებოდა. კონტროლდებოდნენ ე.წ. დამოუკიდებელი წევრებიც, რომლებიც პირდაპირ “ქართული ოცნებიდან” ინიშნებოდნენ. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით “ქართული ოცნება” 0.1% შანსსაც კი არ ტოვებს, რომ ცენტრალური და საოლქო კომისიები დამოუკიდებელი იყვნენ.

ვიღებთ იმას, რომ იმის მიუხედავად, რომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები რეალურად არიან “ქართული ოცნების” შტაბები და არა დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანიზაციები, ხელისუფლებას მათი 100%”-იანი კონტროლის საშუალება ექნება”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

“ნუ გეშინიათ, უთხარით ახალგაზრდებს ორბელიანის მოედანზე, რომ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების შედეგად შეიქმნა ევროკავშირი”- თამარ ჩიბურდანიძე

ასწავლეთ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის ისტორია. ეს დღეც ჩვენი ისტორიაა, 700 000 ქართველი ებრძოდა ფაშიზმს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ იყო, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ორბელიანის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

მისი თქმით, სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების დამსახურებაა დღევანდელი დღე და ამ დღემ დაუდო საფუძველი ევროკავშირის შექმნას, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა.

„დილიდან ვუსმენ ორბელიანის მოედნიდან რეპორტაჟებს პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ევროპის დღეს აღნიშნავენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვერც ორგანიზატორებისგან და ვერც ახალგაზრდა მუსიკოსებისგან ვერ მოვისმინე ის, რომ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და სწორედ ამ დღემ დაუდო სათავე ევროკავშირის შექმნას ჯერ ეკონომიკური მიზნით, ხოლო მოგვიანებით სხვა მიმართულებითაც.

ახალგაზრდები აღნიშნავენ ევროპის დღეს და არ იციან, რომ ეს დღე ვერ იქნებოდა ფაშიზმზე გამარჯვების გარეშე. გასაგებია, რომ არ სურთ იმ ზეიმს შეუერთდნენ, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირთან და დღევანდელ რუსეთთან ასოცირდება. მაგრამ რატომ? მეორე მსოფლიო ომში ხომ მილიონობით ევროპელი ებრძოდა ფაშიზმს. ის ებრაელებიც ხომ ევროპელები იყვნენ, რომლებიც ამ სისასტიკემ იმსხვერპლა?

და, რაც მთავარია, დღეს ორბელიანის მოედანზე მისული ახალგაზრდების წინაპრებიც ხომ ამ ომში იბრძოდნენ? მათი ბრძოლის შედეგია 9 მაისი. ვინ იცის, რამდენი მათგანის ოჯახის წევრია დაცემული ქერჩში, სევასტოპოლში, კავკასიის მისადგომებთან თუ სხვაგან.

ასწავლეთ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის ისტორია. ეს დღეც ჩვენი ისტორიაა, 700 000 ქართველი ებრძოდა ფაშიზმს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ იყო. ეს დღე თავად ამ ახალგაზრდების ოჯახების ისტორიაც არის. მათ საოჯახო ალბომებში აუცილებლად მოიძებნება წინაპრების ფოტოები და შესაძლოა, ბრძოლის ველიდან გამოგზავნილი სამკუთხა წერილებიც კი.

ნუ გეშინიათ, უთხარით დღეს ახალგაზრდებს ორბელიანის მოედანზე, რომ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების შედეგად შეიქმნა ევროკავშირი. რომ არა რაიხსტაგის თავზე აფრიალებული გამარჯვების დროშა, ჩვენ დღეს ევროპის დღეს ვერ ვიზეიმებდით, დღეს ევროპა ფაშიზმის დიქტატურისგან განადგურებული ქვეყნები იქნებოდა. ეს დღე თითოეულ ევროპელს და ქართველს ეკუთვნის, ვინც იცის, რა საფრთხე აირიდა მსოფლიომ თითქმის ერთი საუკუნის წინ.

ვულოცავ ღონისძიების ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ამ გამარჯვების შედეგად შექმნილ ევროპის დღეს! ვულოცავ თავად ევროპას ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

“RMG Gold” Presented a Gift to the State Service of Veteran Affairs

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, hosted Jonny Shubitidze, Director of “RMG Gold” LLC, and Kakhaber Mchedlishvili, Commercial Director.

According to the State Service of Veteran Affairs, the meeting was aimed to deliver photomontage equipment worthing several thousand GEL by “RMG Gold” to the Service within the framework of the memorandum of cooperation.

According to the same source, the memorandum of cooperation between the State Service of Veteran Affairs and “RMG Gol” LLC was signed on January 16, 2023. The aim of the memorandum of cooperation was to take corporate social responsibility and promote creation of legal and socio-economic basis for ensuring appropriate living conditions and well-being for the veterans of war and defense forces and their family members, the families of those who died for the territorial integrity, freedom and independence of Georgia, those who went missing, those who died due to the injuries received during the war.

It has been mentioned that the parties also discussed the future plans.

“We are always ready to support our veterans. This cooperation, of course, will continue, and our company’s support to the State Service of Veteran Affairs and veterans will take on a larger scale”-  Jonny Shubitidze stated.

Koba Kobaladze thanked the guests and “RMG Gold” as a whole for their support to the veterans and presented mementos of the service. The meeting was also attended by the first deputy director of the State Service of Veterans’ Affairs, Nikoloz Kvezereli, deputies Miron Chigogidze and Jandri Ubiria, director’s advisor, Vladimir Imnadze.

According to them, more than 100 veterans of war and defense forces are currently employed in “RMG Gold”.