Home Blog Page 1949

ისრაელი „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურის, ჰაითამ ხუვაჯარის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება.

„ცაჰალის“ ცნობით, ჰაითამ ხუვაჯარი მეთაურობდა ბატალიონს, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ჰაითამ ხუვაჯარი პასუხისმგებელი იყო ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ საქმიანობაზე და მეთაურობდა მებრძოლებს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ შატის ლტოლვილთა ბანაკში იბრძოდნენ.

თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს -გარი კასპაროვი

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარი კასპაროვის განცხადებით, თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

„თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს. საკითხავია, რატომ? ისინი არ ამბობენ, ამიტომ პასუხი ისეთია, რომ მათ რცხვენიათ ან/და ეს მათ პოლიტიკურად დააზიანებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, რუსეთთან და ირანთან შეთანხმებებს მიაღწიონ, ნაცვლად იმისა, რომ დაამარცხონ ისინი“, – წერს გარი კასპაროვი.

“კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ” – ვოლსკი

ამჟამად კონსულტაციები მიდის ევროსტრუქტურებთან, პროფილური კომიტეტები არსებობს და კომიტეტებში მუშაობა ყველასთვის აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რაც მთავარია, ვაჩვენოთ კარგი გამოცდილება პარტიული, პოლიტიკური თანამშრომლობის. ცუდი გამოცდილება არსებობს ამ მხრივ, ეს ყველამ კარგად იცის და ვფიქრობ, კვლავ გაგრძელდება ეს გააფთრებული შეტევები იმისთვის, რომ როგორმე, იქნებ რაიმე საფთხე შეექმნას საქართველოს სვლას ევროინტეგრაციისკენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველო 15 დეკემბრის გადაწყვეტილების მოლოდინშია. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას მის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი, ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩაერთვება თუ არა რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

წითელ ზღვაში ჰუსიტები კომერციულ გემებს თავს დაესხნენ

წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმის უკან ირანი დგას, – ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა სამ კომერციულ გემზე განხორციელდა, რომლებსაც დახმარება ამერიკულმა სამხედრო გემმა გაუწია და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო. დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გემები, რომლებიც ისრაელთან არიან კავშირში, იემენის საზღვაო ძალების გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. „ჰეზბოლასა“ და ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ წითელ და არაბეთის ზღვებში ისრაელის ან ისრაელთან კავშირში მყოფი ყველა გემი მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდებოდა.

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კომერციული გემები, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, ისრაელის სახელმწიფოსთან არანაირ კავშირში არ არიან.

მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტანზანიაში მეწყერს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 85 ადამიანი.

ძლიერი წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ტანზანიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს დატბორილი სახლები, გზები და სქელ ტალახში ჩარჩენილი ავტომობილები.

ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის ძალისხმევის გაზრდის განკარგულება გასცა.

იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა შესაძლოა, აეკრძალოთ

იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა შესაძლოა, აეკრძალოთ.

შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

მათი ცნობით, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც დეპუტატების მოსაზრებით, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას შექმნის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის გათვალისწინებულია შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმება აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით.

ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელი სახმელეთო ოპერაციებს მთელ ღაზის სექტორში აფართოებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

 

„გუშინ, დღეს, ჩვენ „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში“, – განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.

მათივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, “ცახალმა” “ჰამასის” ბატალიონის არაერთი მეთაური და წევრის ლიკვიდაცია შეძლო.

ხელახლა დაწყებული ბრძოლების გამო, შეერთებული შტატები ისრაელზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა ისრაელს, უკეთ განსაზღვროს თავისი მიზნები კონფლიქტთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ “ჰამასის “სრულ განადგურებას” ათწლეულის განმავლობაში ბრძოლა დასჭირდება.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ “ჰამასმა” ზავის გარეშე დამატებით ექვსი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, ბანგკოკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტაილანდის მუსლიმური ჯგუფები მძევლობაში დარჩენილი 9 ტაილანდელის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

2024 წლის პირველი ივლისიდან პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული

2024 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID-ბარათებით – შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

აღნიშნული ცვლილებების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მიზეზი იყო დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მომზადებული ცვლილებები, რომლის
მიხედვით, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ემზადებიან – WSJ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები უკვე ამ კვირაში გეგმავენ, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი განსახილველად გაიტანონ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ისინი ბაიდენის იმპიჩმენტის შესახებ გამოძიების ფორმალიზებას მოითხოვენ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, რესპუბლიკელებმა უკვე რამდენიმე თვე დახარჯეს იმის მცდელობაში, რომ ბაიდენსა და მისი ნათესავების ბიზნესს შორის კავშირი იპოვონ და ბრალდებისთვის მტკიცებულება მოიპოვონ.

ამასთან, როგორც Wall Street Journal-ი წერს, მათ ჯერ ვერ იპოვეს ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც ბაიდენის შესახებ მათ ყველაზე მწვავე განცხადებებს ადასტურებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ კენჭისყრა „აუცილებელი ნაბიჯია“, რადგან მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ხელს უშლის პრეზიდენტის ოჯახის წევრების საქმიანობის შესახებ გამოძიებას.

როგორც ჯონსონმა განმარტა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს საკმარისი ხმები აქვთ იმისთვის, რომ კენჭისყრა ჩატარდეს.

,,არის რაღაც ძალა, რომელსაც სურს, საქართველო იყოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენილი”- მაკა ბოჭორიშვილი

ფაქტია, არის რაღაც ძალა, რომელსაც სურს, საქართველო იყოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენილი, იყოს როგორღაც დისტანცირებული სტრატეგიული პარტნიორებისგან და მაქსიმუმი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთლიანად წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ „Politico“-ს სტატიაზე საუბრისას განუცხადა.

„იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი გამოცემა „Politico“-ს ევროპული ბიუროს 28 ნოემბერის მასალას ეხმიანება, სადაც 2024 წლის პერსონების რეიტინგია გამოქვეყნებული. ერთ-ერთ კატეგორიაში კი, „ამრევები“ ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული მასალა დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია, რომელიც ცრუ ნარატივს ავითარებს და ხელს უწყობს საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი აღქმების შექმნას.

„საუბარია, რომ საქართველო არ აწესებს სანქციებს რუსეთთან მიმართებაში და ეს არის მთავარი სადარდებელი სტატიის დამწერისაც და დამკვეთისაც. ვისაც ჰგონია, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებით რაიმე დააკლდება რუსეთს და საქართველოს მოემატება, ის ან უბრალოდ ბეცია, ან საქართველოს მტერი.

არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმ ნარატივებთან დაკავშირებით, რა ნარატივებსაც სტატია ავითარებს. არც იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანას, არც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მაგალითად, ქცეულია თურმე, სანქციების თავის არიდების ჰაბად.

ფაქტია, არის რაღაც ძალა, რომელსაც სურს, საქართველო იყოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენილი და საქართველო იყოს როგორღაც დისტანცირებული სტრატეგიული პარტნიორებისგან და მაქსიმუმი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთლიანად წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან. ამას ჩვენ ვხედავთ უკვე წლებია, რომ როგორ ხდება საქართველოს დისკრედიტაცია, როგორ ხდება მისი წარმოჩენა არასწორად და შემდგომ უკვე ისმის კითხვა, ჩვენც გვქონდა კითხვა – რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შარშან, როდესაც ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობდა. ერთადერთი პასუხი, რომელსაც იღებ, არის ის, რომ თურმე, ქვეყანაზე ყოფილა რაღაც აღქმები. სწორედ ამ არასწორი აღქმების შექმნას უწყობს ხელს მსგავსი სტატიები და ამას ემსახურება ეს გამძაფრებული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა საერთაშორისო დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ღონისძიებაზე, ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა მიმოზა ცანავა – პოეტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეას“ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია „ყავარჯნის“ დამფუძნებელი.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე და შესაძლებლობა, რომ გადაადგილება, რეგიონებში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელი გახდეს. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ამაში უნდა აისახოს. როდესაც რამდენიმე წლის წინ სიმონს ქუჩაში შევხვდი, ტროტუარზე ვერ გადადიოდა, გადასასვლელიც არ იყო, მართალია, თბილისში იმ დღიდან ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, თუმცა ქალაქში უფრო მოხდა ცვლილებები, ვიდრე რეგიონში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს,  ჩვენი რეგიონები ნამდვილად ევროპული რეგიონები გავხადოთ. როცა ვლაპარაკობთ და ხელს ვაწერთ ამ განცხადებას – ჩვენი ხმა ევროპას, თქვენი ხმა ევროპას, ეს სწორედ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. ეს არაა რაღაც პოლიტიკური განაცხადი, ესაა განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში დღეს, და არა ოდესღაც, ყველასთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გახდეს იგივე უფლებები. იგივე უფლებები სახლიდან გამოსვლის. და აღარ იყოს ის, რომ საქართველოში თქვენ ნაწილობრივ არ ჩანხართ, რადგან გამოსვლა, გადაადგილება რთულია, პროფესიული განვითარება რთულია, დასაქმება რთულია, ცოდნის მიღება რთულია, სარგებლობა, მაგალითად „ერასმუსით“, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს ევროპაში სწავლა-განათლების საშუალებას აძლევს, თქვენთვის ესეც მეტად რთულია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩვენი საერთო პრიორიტეტი, საერთო განაცხადია – საქართველო, რომელიც გვინდა, ევროპული საქართველო სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ უფლებების უნდა მოიცავდეს. ამას ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს არ არის მხოლოდ ვიღაცის პროტესტი ან განაცხადი, ეს უნდა იყოს მთელი საზოგადეობის განაცხადი და მე მინდა, რომ ამ განაცხადს შევუერთდე. ასევე მოხარული ვარ, რომ ეს დღე ქალბატონო მიმოზა თქვენი და თქვენი შემოქმედების წარდგენა იქნება. თქვენი მაგალითი სწორედ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა აჯობოს ბედს, დაამარცხოს ის, რაც მოცემულობაა და ამით თვითონ მონახოს თავისი სრულყოფილი ადამიანობა. ეს ის მაგალითია, რისი დაჯილდოებაც ჩვენ დღეს გვინდა – არა როგორც მხოლოდ პოეტის, არამედ როგორც მხნეობისა და ნამდვილად ბედზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე გამარჯვების მაგალითის. ამის შემდეგ სიტყვა შეზღუდულის თქმა აღარ შეიძლება, ეს არის სრული შესაძლებლობები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, სიმონ პეტრიდისმა ასევე სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

„დღეს აღინიშნება შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყოველწლიურად ამ დღეს გააჩნია თავისი თემა, წელს ეს თემა გახლავთ – ერთად ვიმოქმედოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. მდგრადი განვითარების მიზნები თავის თავში მოიცავს იმას, რომ არავინ უნდა დარჩეს იმ სიკეთეების მიღმა, რაც ამ მიზნების მიღწევით შეიძლება და სწორედ მდგრადი განვითარების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შშმ პირების ჩართულობით და სრული მონაწილეობით ამ მიზნების მიღწევაში. მართალია, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, იგივე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, მაგრამ ბარიერები კვლავ რჩება და ამ ბარიერებზე საუბრისას მინდა, ვისაუბრო ქალბატონ მიმოზაზე, რომელიც მართლაც არის მაგალითი ამ ბარიერების დაძლევის. მოგეხსენებათ, სიტყვას აქვს დიდი ძალა და მე მისი შემოქმედებიდან დამამახსოვრდა ორი სიტყვა – ბედთან მორკინალი. სწორედ იმის შემდეგ ვირწმუნე და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწყო ჭიდილი ბედთან“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

მიმოზა ცანავამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობები კი არ გვაქვს, შეზღუდულია გარემო ჩვენთვის. როდესაც ამდენ რამეს გააკეთებ, როდესაც ეცემი და შენ მაინც მედგრად დგახარ ფეხზე, ეს ხომ გამარჯვებაა საკუთარ ბედზე. ჩვენ არაფრით არ განვსხვავდებით ჯანმრთელი ადამიანებისგან, უბრალოდ მეტი ტკივილის ტვირთი აგვკიდა ბუნებამ და ამ ტკივილის ტვირთის ზიდვაში თქვენ, ჯანმრთელები უნდა შეგვეხიდოთ“, – აღნიშნა მიმოზა ცანავამ.