Home Blog Page 1946

“მზად ვართ, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში”

ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში – იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში და საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიმდინარეობს თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომ ხელისუფლებას სურს იპოთეკური სუბსიდიის გაფართოება და ვის შეეხება აღნიშნული ცვლილება.

მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ საქართველოში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს და აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ დემოგრაფიული საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ამ პროგრამის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ეს ირიბად უკვე დაკავშირებულია სამშენებლო სექტორის წახალისებასთან, მის განვითარებასა და ზრდასთან, თუმცა ამოსავალი მიზანი არის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. თქვენ იცით, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილია დემოგრაფიული საბჭო, რომელიც მსჯელობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დღეს მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტულ მიზანთან მჭიდრო კავშირში, ამიტომ კვლევაზე დაფუძნებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც გვექნება კვლევის სრულყოფილი სურათი და შესაბამისად, საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას. თუმცა ეს დამუშავების პროცესშია, პრემიერმა რაც განაცხადა, ამაზე მიდის მუშაობა როგორც ჩვენს სამინისტროში, ისე უწყებათშორის კომისიის ფორმატში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“სააკაშვილი არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერია” – პაატა მანჯგალაძე

სააკაშვილი არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერია და ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, მას მიმართოს, ეს არის გამოსავალი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, რა პროცესიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, კარგი არ არის.

„ყველას ვიცნობ, ბევრთან ერთად მიბრძოლია, განსაკუთრებით ვიცნობ კირთაძეს. კარგი ადამიანია, წარმატებებს ვუსურვებ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთდროულად კამპანია – „ლევან ხაბეიშვილი არაფერს წყვეტს“ და „ლევან ხაბეიშვილის ბრალია ყველაფერი, გადადგეს“ – შეუთავსებელია ერთმანეთთან. ხალხი ჩამოყალიბდეს, არ შეიძლება, ორივე კამპანია აწარმოო ერთად; მეორე საკითხი – მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არის ლიდერი და ის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერია და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიმართოს მიხეილ სააკაშვილს. ეს არის გამოსავალი. რა თქმა უნდა, პროცესი კარგი არ არის, „ქართული ოცნება“ არც მალავს აღფრთოვანებას. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ რაც მეტი იქნება რყევა, შიდა დაშლა, ჩვენთვის კარგი და მისასალმებელიაო. ყველას ვთხოვ, ირაკლი კობახიძე რასაც გვეუბნება, იმის მოსაწონად არ მოვიქცეთ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“  ადამიანების წასვლა ხომ არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნიკა მელია ქმნის ახალ გუნდს ახალი პარტიისთვის, მანჯგალაძემ განაცხადა:

„მე ვხედავ ამ პროცესს, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ვერ ვიქნები კრიტიკული. მეც მქონია 2016 წელს იმდროინდელ მენეჯმენტთან შეუთავსებლობა, წავედი და თვითმმართველობაშიც მოვედი, საპარლამენტო არჩევნებიც მოვიგეთ, საპრეზიდენტო არჩევნებშიც ლამის წარმატებას მივაღწიეთ. ტრაგედია არ არის წასვლაში, მთავარია, როგორ წახვალ და წასვლის შემდეგ რას გააკეთებ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, პარტიაში ერთიანობის ყველა შანსი ამოწურეს.

ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა -თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ერთ-ერთი მედიის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ რადიკალურად აცდენილია რეალობას ინფორმაცია, თითქოს ჯარში უხარისხო საკვები პროდუქტები შედის.

ბურჭულაძის თქმით, ეს არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა.

„მინდა, განცხადება გავაკეთო იმ ცრუ რეპორტაჟზე, რომელიც გავიდა თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. ასევე ავხსნა, ეს რატომ ემსახურება ფარულად, თუ ღიად ჯარის დისკრედიტაციას. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ეხებოდნენ, ასევე აბსოლუტურად სიცრუით შემოფარგლული ინფორმაციით, თუმცა ჩემი და სხვა საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებებით ამას შეგნებულად არ ვუპასუხე. თუმცა, ჩვენ არასდროს დავტოვებთ რეაგირების გარეშე, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჯარს. ინფორმაცია, თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, აბსოლუტურად, რადიკალურად აცდენილია რეალობას. რატომ არის ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ დისკრედიტაცია – თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შევქმენით ხარისხის კონტროლის ოთხი სხვადასხვა მექანიზმი ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე, რადიკალურად, არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს მსგავსი ხარისხის პროდუქტი არ ყოფილა ჩვენს ჯარში. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მაგალითად, გამაგრილებელი სასმელი, ჯარში ბოლო წლებია, შედის პეპსიკოლა, შედის ქართული გაუყინავი ხორცი, შედის ისეთი მომწოდებლის ყველი, რომელიც აწვდიდა ასევე (არ მინდა, ბრენდების სახელი დავასახელო) ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს საქართველოში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რეალობაა ისიც, რომ ჯარში დღეს შემოდინება არის ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში.

„ეს არის ზუსტად პასუხი. კონკრეტული პასუხია იმ დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ზუსტად ამის წინააღმდეგ არის ეს კამპანია დაგეგმილი. ჩვენ ამას არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით, ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

უკრაინაში რუსეთის მე-14 არმიის მეთაურის მოადგილე დაიღუპა

რუსეთის მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინაში დაიღუპა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ზავადსკი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში საბრძოლო პოსტზე დაიღუპა.

საგამოძიებო საინფორმაციო გამოცემის, iStories-ის ცნობით, ზავადსკი არის მეშვიდე გენერალი და მე-12 უფროსი ოფიცერი, რომლის გარდაცვალებაც რუსეთმა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დაადასტურა.

“როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ – დანაშაულებრივი უნამუსობაა” – დავით ქართველიშვილი გახარიას განცხადებაზე

როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ – დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწად ნახევარში შეიქმნა? – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პარტია 1საქართველოსთვის! ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: 1ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება“.

მისი თქმით, გახარიას, წლების განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და გაუგებარია, რატომ არავის წაუყენა ბრალი, თუ ფიქრობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა რამდენიმე ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება.

„როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ – დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწად ნახევარში შეიქმნა? ასეთი „შექმნილი“ ოჯახი მე ერთი ვიცი – კალოშებით ხორცის დახლიდან სოციალურად დაუცველი რომ გაგიმდიდრდათ. მაგრამ მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გეკავათ, თქვენს კლანს კი – უშიშროების საპასუხისმგებლო პოსტები. ნუ, პრემიერ-მინისტრის პერიოდს ხომ საერთოდ „არ ვეხები“. დაიჭირეთ ვინმე? ბრალი წაუყენეთ? თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს „ახლად შეუღლებული“ ოჯახებია? შეკითხვა მარტივია: ახლა ცრუობთ, მაშინ გეშინოდათ თუ ამჟამად – ორივე ერთად?“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს -მეუფე შიო

გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები ყოფილიყოს ყოველ ჩვენგანთან, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს სამშობლოსთან, რომ ჯეროვნად შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრების ძალიან ძნელი, მაგრამ სიხარულითა და დიდი სინათლით აღსავსე გზით სიარული…- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღეს, როდესაც ამ დღეს ვზეიმობთ, გვახსენდება წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა. ხილვად ჩემდა შვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი“.

აი, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც. სანამ ყოვლადწმინდა ქალწული დედაღვთისა გახდებოდა, იგი ტაძარში უნდა მიეყვანათ. რისთვის იყო ეს საჭირო? იმისთვის, რომ განსაკუთრებულად მომზადებულიყო იმ დიადი მისიისთვის, რომელიც მას წინ ელოდა და მასთან ერთად – მთელ კაცობრიობას.

და აი, სწორედ ტაძრიდან გამოვიდა იგი, ვინც შემდგომ გახდა დედაღვთისა, უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთასა, მთელი კაცობრიობის დედა და მეოხი.

და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა და იქ ხდებოდა მისი მომზადება, მიგვანიშნებს დღეს იმაზე, რომ ყოველი ჩვენგანიც, ვისაც სურს, გახდეს სულიწმიდის მიმღები, ისევე უნდა შევიდეს უფლის ტაძარში, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიდა.

ყოვლადწმინდა ქალწული საფეხურებით ადიოდა ტაძარში. მისი ასეთი თანდათანობითი აღმასვლა არის იმ სულიერი აღმასვლის წინასახე, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა განახორციელოს მას შემდეგ, რაც შევა უფლის ტაძარში, მოინათლება და გახდება ქრისტეს ეკლესიის ცხოვრების მონაწილე, ეკლესიის წევრი.

მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არა მხოლოდ ამ საფეხურებით ავიდა ტაძარში, არამედ ტაძარში შესვლის შემდეგ იგი შედის ტაძრის ყველაზე დაფარულ და საიდუმლო ადგილას, მის წმინდათა წმინდაში. ესეც არის წინასახე ადამიანის მიერ თავისი სულის სიღრმეში შესვლისა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი გულის სიღრმეში, ჩვენი სულის წმინდათა წმინდაში უნდა მოხდეს ღმერთთან შეხვედრა. აქედან იწყება ადამიანის განსულიერება, აქედან იწყება სულიწმიდის მადლის მოხვეჭა.

აი, დღევანდელ დღესასწაულს, შეიძლება ითქვას, აქვს კიდევ ერთი წინასახე, ვინაიდან ყოვლადწმინდა ქალწული თავისი მშობლების მიერ შეწირული იყო ეკლესიისთვის, მისი ამ გზის დასაწყისში იყო თავგანწირვა და მსხვერპლი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის სულიერი ცხოვრების დასაწყისში უნდა იყოს თავგანწირვა. დღევანდელი დღესასწაულიც ჩვენ მოგვიწოდებს თავგანწირვისა და თავგანწირული მსახურებისკენ.

მინდა, დღეს თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დიდებული დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რამეთუ მან მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა ქართველი ხალხის ტაძარში მოყვანას. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ იგი დღესაც გვაძლევს ეკლესიის სიყვარულისა და თავგანწირული მსახურების დიდ მაგალითს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები ყოფილიყოს ყოველ ჩვენგანთან, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს სამშობლოსთან, რომ ჯეროვნად შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრების ძალიან ძნელი, მაგრამ სიხარულითა და დიდი სინათლით აღსავსე გზით სიარული, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“- ნათქვამია მიტროპოლიტ შიოს ქადაგებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება

ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „ომი პოლიტიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში რა ხდება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის“.

როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის ზალუჟნის, მთელი არმია მართოს. ამავე წყაროს ცნობით, ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამუშაოებს, რადგან ზალუჟნი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს.

ზელენსკის ოფისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან კონფლიქტს უარყოფენ.

„ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზელენსკის ჰყავს ორი ტიპის შეიარაღებული ძალები: „კარგი“, რომელსაც მეთაურობს აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაური ალექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები, „ცუდი“, რომელიც ემორჩილება ზალუჟნის. ეს ახდენს სამხედროების დემოტივაციას და, რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის მართვას“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ანონიმურმა რესპონდენტმა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან საუბარში აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მას ხშირად უშლის ხელს. როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, ზალუჟნის ამ საუბრების შესახებ პრეზიდენტის ოფისი ინფორმირებული იყო.

ცნობისთვის, უკანასკნელ კვირებში უკრაინული და საერთაშორისო მედია აქტიურად წერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტზე.

“ურეიტინგო გახარია სხვა რადიკალებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში” – გია აბაშიძე

„ქართული ოცნების“ გუნდის მოღალატემ, გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხები საზოგადოებას რეალურად თუ რატომ გაიქცა პრემიერის პოსტიდან, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გიორგი გახარია რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში. კერძოდ, აბაშიძეს მაგალითად მოჰყავს გახარიას განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის.

„ქართული ოცნების“ გუნდის მოღალატემ, გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხები საზოგადოებას რეალურად თუ რატომ გაიქცა პრემიერის პოსტიდან. ურეიტინგო გახარია სხვა რადიკალებს ეჯიბრება ოქსიმორონული განცხადებების გავრცელებაში, თითქოს ამით ელექტორატი მოემატება. ამ დროს პირიქით ხდება და ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი გახარია მყარად ჩამოყალიბდა პოლიტიკურ აუტსაიდერად“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა კანონი უკრაინის ჯავშანტექნიკით უზრუნველყოფის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაცია ბულგარეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბულგარეთის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ დეპუტატები არასაკმარისად იცნობდნენ შემოწირულობის სპეციფიკურ პარამეტრებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, ობიექტურად შეეფასებინათ, საჭირო იყო თუ არა აღჭურვილობის გადაცემა. ამასთან, ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, გათვალისწინებული არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ომის პერიოდში დაკისრებული ამოცანები და პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები.

რუმენ რადევის თქმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ჯავშანტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სტიქიური უბედურებების და სხვა უბედური შემთხვევების დროს.

„ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს”, – განაცხადა რადევმა.

ნოემბერში კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ფასების კლება დაფიქსირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის კატეგორიაზე (-3.7 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (-2.0 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-1.5 პროცენტი), თევზეულზე (-0.8 პროცენტი), პურსა და პურპროდუქტებზე (-0.8 პროცენტი).

მათივე განმარტებით, ფასები ასევე შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2 პროცენტი), გამათბობელსა და საჭმლის მოსამზადებელ მოწყობილობაზე, მაცივრებზე, საყინულეებზე, სარეცხის მანქანებსა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებზე (-2.8 პროცენტი), მინის ჭურჭელსა, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (-1.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-1.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები.

ფასების ცვლილებამ გავლენა იქონია ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე.

„2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8 პროცენტით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-3.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი), თევზეული (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.0 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2023 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.2 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი კლება.

რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციის შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი”

თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციის შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი – ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემჟურნალისტებთან ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს რეკომენდაციების შესრულების ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა.

„9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაწერილია ნაბიჯები, მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ ცვლილება პარტიების დაფინანსების საკითხში, რომელიც ევროკომისიასთანაც არის შეთანხმებული. მგონი, ყველა შეთანხმდა, რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პრეროგატივაა ამ რეკომენდაციების შესრულება, მუშაობა და ევროკომისიასთან კოორდინირება. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია მოწვეულია, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში. თუ ვინმეს სურს დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის ღიაა კარი. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით, ზუსტად ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ 9 რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია და რა რისკებიც არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას, ასევე რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისეთივე წარმატებით შეძლოს ამ ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

“შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ, ხან ლონდონიდან, კეზერაშვილისგან იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს”-შალვა პაპუაშვილი

შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში, იქიდან კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს. შავი ფული ეს არის. ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართული, მათ შორის თავშესაფარი რომ აქვს მიღებული ზოოგიერთ ასეთ ოლიგარქს, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორიშიც არის.

„იცით, რომ ყალბი სქემებია მოწყობილი ზოგიერთ პარტიასთან. ოპოზიციური პარტიის უმეტესობას აქვს პირდაპირ მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როცა უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი საქართველოს ინტერესს არ ატარაბენ, ისინი ატარებენ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესებს. ამიტომ მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, როდესაც ჩვენს ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან, მიუხედავად იმისა, ეს არის უცხოური რაიმე ორგანიზაციის მხრიდან შემოსული თანხა, თუ ეროვნებით ქართველი დავით კეზერაშვილისგან, რომელიც უცხოეთშია და ამ შემთხვევაში როგორც უცხოეთიდან მოქმედი ადამიანი, ისე შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა შესაძლოა, აეკრძალოთ, პაპუაშვილის განმარტებით, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

„რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, რაიმეს ცვლის თუ არ ცვლის, თუ უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ არც აფუჭებს, ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ეს რეკომენდაცია, ვნახოთ აბა, დაუჭირონ მხარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის უმარტივესი საკითხი, მათ შორის მათთვისაც. მე ვთქვი კიდეც ჩვენს შეხვედრაზე, მათ შორის ჩემთან რომ იყო შეხვედრა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, ყველა თანხმდება, არავინ წინააღმდეგი არ იყო და უცებ კამერების წინ იწყებენ პოზიორობას და კრიტიკას. მომავალ კვირას სხდომათა დარბაზში გაირკვევა, ისინი ევროპელები არიან მხოლოდ სიტყვით, თუ ცოტა საქმესაც გაურევენ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ცვლილებებია კიდევ მოსალოდნელი, შალვა პაპუაშვილი პასუხობს: „კიდევ უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილ 59 გვერდის შესრულებას. ეს მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი წინადადებაა თითქმის 60-გვერდიან სამოქმედო გეგმაში. ეს არის დასაწყისი და იქ არის სხვა სფეროები, მათ შორის კონკურენციის საკითხები, საჯარო შესყიდვების საკითხები და ა.შ. სადაც საქართველოს  ხელისუფლება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მა პროცესს. სამოქმედო გეგმას ჩახედოს ყველამ, ეს საკითხი წერია ზუსტად იქ, ევროკომისიასთან შეთანხმებულია, ვადებიც მითითებულია  და ამ ვადების მიხედვით მოხდება“.