Home Blog Page 1922

სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა

სინგაპურის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით Credit Suisse-ის შვილობილ სინგაპურულ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 750 მილიონი დოლარის განთავსება დაავალა.

კონკრეტულად საუბარია 742,73 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციასა და ხარჯების სახით გაღებულ 7,298,893,43 სინგაპურული დოლარის (პლუს პროცენტები) ოდენობის თანხაზე, რომლის ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდა სასამართლოს წინა გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა, თუმცა მოპასუხე მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას ითხოვდა, გადაწყვეტილების გასაჩივრების მოტივით.

მოპასუხე მხარეს თანხის ესქრო ანგარიშზე განთავსება სურდა, რაც სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

Credit Suisse-ის აქტივებს ამ დროისთვის UBS-ი ფლობს. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ამიტომაც მოსარჩელეებმა სთხოვეს მოპასუხეს, მიეღო ვალდებულება UBS-ისგან, რომ არ იტყოდა უარს საგარანტიო თანხის გადახდაზე.

„ეს საქმე იყო უაღრესად მწვავე, წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელშიც მოპასუხე ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელეთა პრეტენზიებს. მხარეებს შორის ორმხრივი უნდობლობა გაჩნდა და ვერცერთ საკითხზე სწრაფად ვერ თანხმდებოდნენ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა ერთ წელზე მეტი ხნის წინ შეიტანეს განცხადება მოპასუხის კუთვნილი სახსრების განაწილებაზე, თანხები მაინც გაუნაწილებელი დარჩა. მოპასუხის მიერ შეთავაზებული საბანკო გარანტია შეიცავდა დავის გადაწყვეტის მექანიზმს, რომელიც მხარეებს ავალდებულებდა დავის არბიტრაჟში წარდგენას. მოსარჩელეებმა სთხოვეს მოპასუხეს, მიეღო ვალდებულება UBS-ისგან, რომ იგი არ იტყოდა უარს საგარანტიო თანხის გადახდაზე რაიმე მიზეზით, გარდა საჭირო დოკუმენტაციის არ არსებობისა, მაგრამ მოპასუხემ ვერ შეასრულა ეს ვალდებულება. მოსარჩელეს არ უნდოდა მესამე მხარესთან არბიტრაჟში შესვლა, თუ რამე დავა წარმოიქმნებოდა. სასამართლოს გაითვალისწინა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი არგუმენტები წამოჭრილ გაურკვევლობაზე და ასევე, ის ფაქტი, რომ საბანკო გარანტიის მომზადებას 30 დღე სჭირდებოდა და გადაწყვიტა, რომ ასეთი ტიპის უზრუნველყოფა არ იყო საკმარისი. რაც შეეხება მოპასუხის ალტერნატიულ შემოთავაზებას, რომ თანხა უნდა ინახებოდეს ესქრო ანგარიშზე, სასამართლომ ვერ ნახა იმის მტკიცებულება, რომ ესქრო ანგარიში არსებობდა ან მოპასუხემ რომელიმე ესქრო აგენტს დაუკავშირდა“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საგარანტიო თანხა თუ გადახდილი იქნება სასამართლოსთვის, მოგებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ან დაიბრუნოს თავისი ფული სრულად, თითქმის დაუყოვნებლივ და დაკარგვის რისკის გარეშე.

„მოპასუხე ამტკიცებდა, რომ იგი ვერ მიიღებდა უფრო მაღალ კომერციულ საპროცენტო განაკვეთს, თუ თანხა განთავსდებოდა სასამართლოში, ვიდრე ესქრო ანგარიშზე. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ ჩათვალა, რომ ეს საკითხი გაამართლებდა გადახდას ესქრო ანგარიშზე და არა სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში თანხა სასამართლოს ანგარიშზე უნდა განთავსდეს“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

“ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად”-მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ჩვენ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხით, ქმედებებით თუ საუბრით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ მთავრობას სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო უწევს თავის მართლება.

„სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა, პრემიერ-მინისტრ და ჩვენ. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, რადგან იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხზე, მთელ მსოფლიოს რომ დავანახეთ, ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ჩვენი მხრიდან ეს დაფიქსირდა, გახმოვანდა, ამით ხაზი გავუსვით ამ დარღვევის მნიშვნელობას, ეს რომ არ ყოფილიყო, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უხერხულ და საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს მთავრობას და ხალხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა

ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა.

“ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას. ის სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.

მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.

დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მსჯავრდებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლების ფილიალების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. დაწესებულება სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ღონისძიებაზე RE-BOX-ის პროექტის საჩვენებელი ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მსჯავრდებულებისთვის ციფრული ტექნიკის საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობისა და რესოციალიზაციის პროექტებზე ეფექტიანობის ასამაღლებლად ციფრული მმართველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა.

ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების გახსნას ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა – დაღუპულია ხუთი ადამიანი

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავი გადაბრუნდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი, თურქეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით, ავრცელებს.

 

თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მიგრანტებით დატვირთული ნავი, თურქეთის იზმირის პროვინციის სანაპიროსთან ახლოს ქარიშხლიან ამინდში გადაბრუნდა.

თურქმა მაშველებმა ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ორი მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, ამ დრომდე, გრძელდება.

თურქეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ. ინფორმაცია არალეგალი მიგრანტების ეროვნების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

“ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ, პაუზები არ იქნება”-ბენიამინ ნეთანიაჰუ

ცეცხლს უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„არსებობენ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი ჯარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები გაზარდონ. ეს ცეცხლთან თამაშია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ცეცხლს ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ. მათ არ უნდა გამოგვცადონ, რადგან ჯერ ჩვენ ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვავლინეთ. ყველას, ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, უფრო მეტ ზიანს მივაყენებთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების უდაბნოს დაზვერვის ბატალიონთან, ე.წ. ბედუინთა ბატალიონთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„გილოცავთ. ჩვენი პარტნიორობა ყველა ჩვენგანის მომავალია ამ ველურების წინააღმდეგ. ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ. პაუზები არ იქნება. ეს არ არის ოპერაცია, ეს არ არის ბრძოლის მორიგი რაუნდი. ჩვენ წინ ტოტალური გამარჯვებისთვის მივიწევთ“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებს.

ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ -“ნაციონალური მოძრაობა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბრიტანელი პოლიტიკური კონსულტანტის ბენ მალეტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტია გეგმავს, მივმართოს ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული „უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ“.

„2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც როგორც ყველა სხვა უწყება, “სუს”-ის არაფორმალური მმართველობის ქვეშაა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი უთხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკურ კონსულტანტ ბენ მალეტს, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.

შესაბამისი უწყებების მიერ, ბენ მალეტისთვის ყოვლად დაუსაბუთებელი ოფიციალური დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, სადაც მინიმალური მითითებაც კი არ იყო გაკეთებული მისი არშემოშვების მიზეზესთან დაკავშირებით, ე.წ. “უსაფრთხოების სამსახურების” მხრიდან მის მიმართ გაკეთდა ღია მოწოდება სასწრაფოდ სხვა სახელმწიფოში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

ბენ მალეტი თბილისში სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიტიკურ კონსულტირებას უწევდა ჩვენ პარტიას. გუშინ ბენი თბილისში სწორედ მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების გასამართად მოემართებოდა.

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს.

“რუსულ ოცნებას” პანიკურად ეშინია გამჭვირვალობის, დასავლური პოლიტიკური კამპანიების გამოცდილების, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, უცხოელ მრჩევლებთან და კონსულტანტებთან ერთად, აუცილებლად შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო ჰქვია”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.

„თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 ნოემბერს გაწვიმდება, ქარიც გაძლიერდება, 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14 ნოემბერს გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 14 ნოემბერს გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 14 ნოემბერს გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 14 ნოემბერს დღისით ზოგან შესაძლოა, იწვიმოს, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

პროკურატურამ საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“მოკლულია 21 ტერორისტი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ძალებს ღაზას საავადმყოფოდან” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯარებმა მოკლეს ტერორისტული ჯგუფის წევრები, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ძალებს ღაზას ქალაქ ალ-კუდსის საავადმყოფოდან.

IDF-ის ცნობით, „ჰამასის“ ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნა 188-ე ჯავშანტექნიკის ჯარებს მსუბუქი იარაღით იმ დროს, როცა ჰოსპიტალის შესასვლელთან მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფში იმყოფებოდა.

ისრაელი აცხადებს, რომ სამხედროებმა, საჰაერო მხარდაჭერით, საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს „ჰამასის“ ტერორისტებს, რის შედეგადაც მათი 21 წევრი დაიღუპა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

“რეალურად წინა არჩევნებზე ბარიერის დაწევას არანაირი პოზიტივი არ მოუტანია” – გურამ მაჭარაშვილი

რეალურად წინა არჩევნებზე ბარიერის დაწევას არანაირი პოზიტივი არ მოუტანია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ნულოვანი იყო ბარიერი, როდესაც 14 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში, მაგრამ ჯერ არ შედიოდნენ, მერე კი ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტიდან გასვლას.

„პრაქტიკულად ნულოვანი იყო ბარიერი, როდესაც 14 პოლიტიკური პარტია შემოვიდა პარლამენტში. ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე რომ შემოვიდნენ ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტიდან გასვლას. ვინც დარჩა ისინი ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ამიტომაც, რეალურად წინა არჩევნებზე ბარიერის დაწევას არანაირი პოზიტივი არ მოუტანია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

“ავიაკომპანია Pegasus-ის ოპერირება დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას”

ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაკომპანია Pegasus-მა გადაწყვიტა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება კვირაში სამი ფრენის სიხშირით თურქეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყება.

Pegasus-ი ქუთაისში ოპერირებას 22 დეკემბრიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს. მარიამ ქვრივიშვილი ამ ფაქტს მორიგ წარმატებას უწოდებს – მისი ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას წინ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება უძღოდა. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, Pegasus-ის ქუთაისის აეროპორტში ოპერირება ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც, იმერეთის რეგიონს განსაკუთრებით გააძლიერებს.

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი – წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში აქ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას ვიხილავთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეტი პირდაპირი ავიარეისები შედგეს ქვეყნისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებებით – ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ყურის ქვეყნებთან და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ ოჯახის ახლობლები.

ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი. 990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი. იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. არ დაემორჩილა ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ და გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. 24 აგვისტოს გვარდიის 15 000-იან შენართთან ერთად დაბანაკდა რკონის ხეობაში. მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და გამსახურდიას ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ქართული ჯარით 1992 წლის აგვისტოში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა.