Home Blog Page 1914

,,ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში” – ქართველიშვილი

„საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო” ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა “Barclays”-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია “online” გადარიცხვების სფეროში. თუ თქვენ ხართ “პრაიდ-ჩატარებული” და “სტატუს-მინიჭებული” მოლდოვა – no problem. ასევე, თუ ხართ “სანიმუშო დემოკრატიული” მმართველობის მქონე ცენტრალური აზიის რეგიონი – რა პრობლემაა. რა პრობლემაა, თუ თქვენ ხართ რუსეთთან პირდაპირი ავია-ფრენების მქონე აზერბაიჯანი ან სომხეთი, მაგრამ! თუ თქვენ ხართ საქართველო (ან ალჟირი, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ეთიოპია, ნეპალი, ურუგვაი, ფოლკლენდის კუნძულები) – მაშინ დიდი ბოდიში. ეს არის მორიგი, ორმაგი სტანდარტის დამადასტურებელი ფაქტი. Nothing personal, just business?” – წერს დავით ქართველიშვილი.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ პირს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გვამი სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე წაიღო და დაუსახლებელ ადგილას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული პირის დახმარებით დამარხა, ხოლო თვითონ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული განზრახ მკვლელობის ფაქტის თვითმხილველი გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვა და მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამი პირი 26 მაისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის მუხლით დააკავეს. აქედან ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

ხოლო ერთ პირს ბრალდება 375 -ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა.

პროკურატურამ, ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

კობა კობალაძე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მმართველ დირექტორს კენეტ ანჯელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის, DFC-ის მმართველ დირექტორთან, პროექტების დაფინანსების მიმართულებით, კენეტ ანჯელთან.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი გახლდათ თბილისში, მრავალპროფილური, მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობის მხარდაჭერა DFC-ის მხრიდან. კობა კობალაძემ დეტალურად განმარტა ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის პროექტის განხორციელების საჭიროება. ასევე, ისაუბრა მის პრიორიტეტებზე, მობილობასა და უპირატესობებზე. კობა კობალაძის განმარტებით, ეს ჰოსპიტალი გახდება კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაციონარი, სადაც სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ, ქართველი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კენეტ ანჯელის განცხადებით, ჯანდაცვის სფერო, DFC-ის პრიორიტეტული მიმართულებაა. მან დაინტერესება გამოხატა აღნიშნული პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს გაწერილი, ისინი მზად იქნებიან, ითანამშრომლონ ამ საკითხზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და განიხილონ ჰოსპიტლის მშენებლობის შემდეგი ეტაპები.

კობა კობალაძემ კენეტ ანჯელს მადლობა გადაუხადა შეხვედრისა და ვეტერანთა ჰოსპიტლის მშენებლობაში დახმარების მზაობისთვის. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს გაუმარტივებს ერთ სივრცეში მრავალპროფილური, მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისების მიღებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი. თბილისში, ვეტერანთა მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ლუბლიანას ქუჩაზე, 5300 კვ.მ მიწის ფართობი სახელმწიფოსგან უკვე გადაეცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.

აგროჰაბის საჩუქარი მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში პირველმა ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა, აგროჰაბმა, მრავალშვილიანი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

აგროჰაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, თბილისსა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანთა მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცეს. მათ, აგროჰაბის სახელით, მადლობა გადაუხადეს ვეტერანებს სამშობლოს ერთგული სამსახურისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გასწიეს.

” დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, გვინდოდა, სწორედ იმ ადამიანთა ოჯახებში მოვსულიყავით, ჩვენი პატივისცემა და სიყვარული გამოგვეხატა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველაზე მეტი გაიღეს. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან შევძელით, დღეს, ჩვენი მოკრძალებული საჩუქრებით გაგვეხარებინა შვიდი გმირი ადამიანის მრავალშვილიანი ოჯახი- ეს ულამაზესი ბავშვები. იმედი მაქვს, ყველას აგვისრულდება სანუკვარი სურვილი და მალე ვიხილავთ ჩვენს სამშობლოს ერთიანს და ძლიერს,”-განაცხადა ირინა ონაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ აგროჰაბს ვეტერანების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის; მთელ კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებებს და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.

,,გელათის აღდგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე” – მეუფე შიო

დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით და ჩართულობით. ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება.

ბატონო ირაკლი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გელათის გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი გულისხმიერებისთვის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით მადლობა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა მეუფემ.

მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – იუნესკოს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება. მან ვრცლად ისაუბრა, ამისთვის რა სამუშაოები შესრულდა საპატრიარქოს მხრიდან.

„ამ არასრული ორი თვის განმავლობაში, საპატრიარქოს მიერ შესრულდა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი შემდეგი სამუშაოები:

1. იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს საპატრიარქომ დააფუძნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის, კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით.

2. იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყოვნებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოვეთ გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.

3. მოგეხსენებათ, რომ გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება.

4. ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – იუნესკოს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი, როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება.
5. იუნესკოს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს. ასეთი ტიპის უსაფრთხო ხარაჩო, ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სპეციალისტების მუშაობას საკურთხევლის აფსიდში.

6. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია – „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან”. ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი – ბატონი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი – ბატონი კრისტიანო რუსსო, გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.

მინდა ასევე გაცნობოთ, რომ გელათის აღდგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება მედიისა და ინტერნეტპლატფორმის საშუალებით. გელათის სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებით ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც თავისი სულიერი მნიშვნელობით, ისევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, იგი სრულიად გამორჩეული ძეგლია ჩვენი ერისათვის. მოგეხსენებათ, რომ გელათი – სხუა ათინად და მეორე იერუსალიმად იწოდებოდა. ეს არის სულიერებისა და მეცნიერების შეხვედრის ადგილი და ქართული სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო. გელათი არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობის დიადი გამოხატულება, რაც იყო ჩვენი დიდი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის გზაც და ანდერძიც. სასიხარულოა, რომ დღესაც, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ღმერთმა დალოცოს ამ საქმის ყველა შემწე და მონაწილე!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

პრემიერი პრეზიდენტის ინიციატივაზე

ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დიასპორის ფორუმი 2023 მიმდინარეობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის შეურაცხმყოფელია „დიასპორას ვუწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი“.

ახლა, რაც შეეხება დიასპორის საკითხებს, ხელისუფლებამ, რამდენიმე წლის წინ ჩვენივე ინიციატივით კონსტიტუციაში ჩავწერეთ,რომ დიასპორაზე ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება. ამით ჩვენ ვაღიარეთ პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში, რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ჩვენ დიასპორას ვუწოდო – ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ, ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც ის, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. ალბათ, დამეთანხმებით.

ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ, დიასპორის, ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„შეურაცხმყოფელია, დიასპორას უწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი”- ღარიბაშვილი

შეურაცხმყოფელია, ჩვენს დიასპორას ვუწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი, ალბათ ასევე შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, ვინმეს ეწოდებინა მისთვის ნახევრად ფრანგი, როდესაც ავირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მიაჩნია, რომ ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომელ ქვეყანაში დიასპორის რამდენი წარმომადგენელი ცხოვრობს.

ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვუწოდო ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. ალბათ დამეთანხმებით. ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ, სულ მცირე, დიასპორის ერთი წარმომადგენელი მოვახვედროთ პარლამენტში. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი – სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არასწორია, პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვდე და მეორე მხრივ, მას ლანძღავდე – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არასწორია, ერთი მხრივ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვდე და მეორე მხრივ, მას ლანძღავდე.

ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა ათონელის რეზიდენციისკენ მსვლელობის დროს, რომლის მონაწილეებიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვარამიას შეწყალების თხოვნით მიდიან.

„მე არ მინდა განვეკუთვნებოდე იმ ადამიანთა რიგებს, რომლებიც ერთი მხრივ, მოელიან ქალბატონი ზურაბიშვილისგან სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმას და მეორე მხრივ, იქვე, ღიად აკრიტიკებდნენ,  რადგან მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ქალბატონი ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალოს თუ არა პოლიტიკური პატიმარი და არა ვალდებულება. ამიტომ, შედეგზე ორიენტირებული, პრაგმატული და რაციონალური არ არის, ერთი მხრივ მოელოდე, სთხოვდე, დიახ, ეს თხოვნაა და არა მოთხოვნა, რომ თავისუფლება დაუბრუნონ და მეორე მხრივ, ლანძღავდე“, – აცხადებს ნიკა მელია.

,,მაშინ ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ჩემთან ფრენების აღდგენაზე, რომ მე რუსეთში ეს თემა ამეწია”- გაიაშვილი

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის თქმით, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, რუსეთში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. „ომამდეც და ომის შემდეგაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ჩემთან ფრენების აღდგენაზე, რომ მე რუსეთში ეს თემა ამეწია და გამეკეთებინა, რათა დაგვეწყო ფრენები. დამავალეს, მითხრეს, სახელმწიფოს არ შეგვიძლია, ეს რომ გადავიხადოთ და იქნებ რამენაირად თქვენ გადაიხადოთ და შემდეგში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ანაზღაურებული გქონდეთო“, – განაცხადა გაიაშვილმა.

ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ (ფოტოები)

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს, რომელსაც ხვალ, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 28 მაისს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.

1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მოძიებული. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

“ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა”-შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას.

„ჩვენ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ვართ 90-იანების თაობა, ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა. რთულია, ამ გადასახედიდან თქვა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, რთულია, ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ, იმ თაობას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, როდესაც შემდეგ იყო როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თუ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გამოვიარეთ მაშინ, როგორც ბავშვებმა თუ ახალგაზრდებმა, ყველაფერი ეს ვიწვნიეთ. ერთი რამ ნამდვილად ვიცით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს” -სალომე ზურაბიშვილი

“ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა… იწყება გაუთავებელი – „მე პირველი ვარ, შენ მეორე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

„მინდა, დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანაც ვიმყოფებით ამ არაჩვეულებრივ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს საგარეოს მიერ არის ორგანიზებული, არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი – „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი.

მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში! ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არამხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არაფერი მოხდეს. აზრების როგორი განსხვავებაც არ უნდა იყო ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. სხვათა შორის, ამისთვის სამი წელია ვცდილობ, რომ ერთი პროტოკოლის უწყება ანუ სხვადასხვა სამინისტროების კოორდინაცია შეგვექმნა, ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საყრდენი იმიტომ, რომ ყველას აქვს თავის რაღაც კერძო, პატარა ამბიციები. პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე მთავარი დაცვა.

თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ ყველგან, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის ისე გამოგონილი, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას ან ამბიციებს მოერგოს… ეს როგორც პატარა შესავალი ამ საკითხზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე დიასპორის ფორუმი დატოვა.